საქმე № 090210015001025878
საქმე №ას-145-137-2017 16 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორი – ვ. ქ.–ი, შპს „ო.-ას“ დირექტორი ვ. ქ.-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ. ლ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.-ას“ (შემდგომში – მოპასუხე), შპს „ო.-ასა“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება) და ვ. ქ.-ის (შემდგომში – მოპასუხე ფიზიკური პირი), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „ო.-ას“ დირექტორს მიმართ ზიანის სახით 167469 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობასა და ხანდაზმულობაზე მითითებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებებით მოპასუხე საზოგადოებისა და მოპასუხე ფიზიკური პირის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. მოპასუხე საზოგადოების მიმართ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის – 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობა) წარდგენა.
6. აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე წინამდებარე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
8. მოპასუხე ფიზიკური პირის მიმართ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი და მხარეს დაევალა 10-დღიან ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. ამავდროულად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებასა და დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, სააპელაციო საჩივარს არ ახლდა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
9. აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება, ამასთან, აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 8 დეკემბერს ჩაბარდა მოპასუხე ფიზიკურ პირს, რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენდა ორგანიზაციის დირექტორს.
12. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2016 წლის 19 დეკემბერი. აღნიშნული ვადა გავიდა და აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე მოპასუხე ფიზიკურმა პირმა საკუთარი და მოპასუხე საზოგადოების სახელით შეიტანა კერძო საჩივრები, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრების ავტორმა განმარტა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს განჩინებები ჩაბარდა ახალი წლის წინა დღეებში – 2016 წლის 8 დეკემბერს. მხარეს გადასახდელი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი სულ 12000 ლარის ოდენობით (5000 ლარი, როგორც ფიზიკურ პირს და 7000 ლარი, როგორც საზოგადოებას). აღნიშნული თანხის შეგროვებას დრო ესაჭიროებოდა. დასახელებულ პერიოდში მოპასუხე ფიზიკური პირი გადიოდა მკურნალობას და ვერ შეძლო თანხის გადახდა. ამჟამად, აპელანტებს შესაძლებლობა გააჩნიათ, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და დაიცვან თავი შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
19. მოცემულ შემთხვევაში ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზი, აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნების წარდგენა. აპელანტების შუამდგომლობით ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 10 დღით გაგრძელდა.
20. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა და აპელანტებმა კერძო საჩივრებში დაადასტურეს, რომ განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე და 2016 წლის 8 დეკემბერს ჩაბარდა მოპასუხე ფიზიკურ პირს უშუალოდ, ასევე, როგორც მოპასუხე საზოგადოების დირექტორს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტების მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2016 წლის 8 დეკემბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 9 დეკემბრიდან და ამოიწურა 19 დეკემბერს (18 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე).
22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.
24. კერძო საჩივრების ავტორის მითითება, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტთათვის მიცემულ პერიოდში გადიოდა მკურნალობას, რამაც ხელი შეუშალა საჭირო თანხის შეგროვებასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდაში დაუსაბუთებელია და არანაირ მტკიცებულებას არ ემყარება. მხარეს არ მიუთითებია, კონკრეტულად რა პერიოდში მკურნალობდა და რითი დასტურდება ისეთი ობიექტური გარემოება – ავადმყოფობა, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ხელს შეუშლიდა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში.
25. რაც შეეხება აპელანტ საზოგადოებას, გაზიარებული ვერ იქნება საზოგადოების დირექტორის პოზიცია, რომ საზოგადოებამ სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა მისი დირექტორის მკურნალობის გამო, ვინაიდან დირექტორის ჯანმრთელობის გაუარესებისა და მკურნალობის ფაქტი რომც დადასტურებულიყო, აღნიშნული საზოგადოების მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები მართებულად დატოვა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ქ.-ისა და შპს „ო.-ას“ დირექტორ ვ. ქ.-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე