საქმე № 330210016001278797
საქმე №ას-193-182-2017 16 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ქ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ძ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ძ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ.-ას, მ. და ო. ქ.-ების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების – 2016 წლის 22 თებერვლიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 თებერვალს ინტერნეტ აუქციონზე შეიძინა მოპასუხე მ. ქ.-ას (შემდგომში – მესაკუთრე მოპასუხე) კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც აღრიცხა თავის სახელზე. მითითებულ უძრავ ნივთს თვითნებურად ფლობენ მოპასუხეები და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინათ: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 320 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მესაკუთრე მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდეთ ვადა 10 დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
8. აღნიშნული განჩინება აპელანტებს ჩაბარდათ 2016 წლის 18 ნოემბერს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 59-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს დადგენილი ხარვეზი 2016 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინათ ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად,
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობითაც არ მოუმართავთ.
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესაკუთრე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. მხარემ იშუამდგომლა ხარვეზი გამოსწორებისათვის მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე სასამართლოს რეაგირების შესახებ მას არ ეცნობა. არასწორია სააპელაციო პალატას მითითება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება აპელანტებს ჩაბარდათ, რადგან მესაკუთრე მოპასუხეს აღნიშნული დოკუმენტი კანონის მოთხოვნათა დაცვით არ გადასცემია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივრებს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინათ: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 320 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
19. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მესაკუთრე მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდეთ ვადა 10 დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
20. საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილებიდან და უკუგზავნილებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მისამართზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით და 2016 წლის 18 ნოემბერს სამივე აპელანტისათვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს, რომელიც წარმოადგენდა მათი ოჯახის წევრს, მესაკუთრე მოპასუხის შემთხვევაში – მის დედას (ს.ფ. 242-244). სასამართლო გზავნილი ჩაბარება დადასტურებულ იქნა მიმღები პირის ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის პირადი ნომრის მითითებით.
21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
22. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
23. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი მესაკუთრე აპელანტის არყოფნისას ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, დედას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას შესაბამისი სააპელაციო პალატის განჩინება არ ჩაბარებია. აქვე აღსანიშნავია, რომ მესაკუთრე მოპასუხეს ანალოგიური გზით ჩაბარდა სააპელაციო პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინება თავდაპირველად ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის ჩაბარება მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, თავად მესაკუთრე მოპასუხემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტების და, მათ შორის კერძო საჩივრის ავტორის, მიმართ დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2016 წლის 18 ნოემბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 19 ნოემბრიდან და ამოიწურა 28 ნოემბერს.
25. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს (კერძო საჩივრის ავტორს) გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე