Facebook Twitter

საქმე № 330210015001205260

საქმე №ას-214-203-2017 10 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. დ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ბ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. დ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 26 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 20 000 აშშ დოლარის, 2013 წლის 3 იანვრიდან სარჩელის შეტანამდე პირგასამტეხლოს, ძირითადი თანხის 0,1%-ის, ანუ ყოველდღიურად 20 აშშ დოლარის, სულ – 14 400 აშშ დოლარის გადახდა და, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მიქცევა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ შეიძინა უფლებრივად მის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონება და ვალდებულება იკისრა, გადაეხადა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება. აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნო და დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 11 719 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 1000 აშშ დოლარის, სულ – 12 719 აშშ დოლარის გადახდა. დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ ფორმაში შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად.

7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის ბლანკთან ერთად აპელანტს გაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის №5 დაწესებულებაში, რომელიც 2016 წლის 13 დეკემბერს ჩაბარდა პირადად.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 14 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 23 დეკემბერს.

9. საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტს, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რადგან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა არ არსებობს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რადგან იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და იქიდან ბანკში თანხის გადარიცხვა ვერ ხერხდება. მხარემ მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რათა არ მოხდეს მისი კუთვნილი ძვირადღირებული ქონების რეალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ აპელანტს ხარვეზი დაუდგინა და დაავალა 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ ფორმაში შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

17. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 13 დეკემბერს.

18. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

19. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2016 წლის 14 დეკემბრიდან და ამოიწურა 23 დეკემბერს.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

21. გასაჩივრებული განჩინების შემდეგ საქმეს ერთვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 21 დეკემბრის მიმართვა №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული აპელანტის სააპელაციო საჩივრის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ. აღნიშნულ მიმართვას დაერთო სააპელაციო საჩივარიც. მითითებული დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2016 წლის 26 დეკემბერს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მოსამართლის თანაშემწის 2017 წლის 17 იანვრის მიმართვით ირკვევა, რომ აღნიშნული მასალები სასამართლო კანცელარიამ გადასცა არა საქმის განმხილველ, არამედ სხვა მოსამართლეს (ტომი 2, ს.ფ. 21). შესაბამისად, საქმის განმხილველ შემადგენლობას შესაძლებლობა არ ჰქონდა, ემსჯელა აპელანტის მიმართვაზე.

22. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო პალატას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, არ შეუფასებია აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორების ვადაში წარდგენილი დოკუმენტები და სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

24. საქმის განმხილველმა სააპელაციო პალატამ მოცემული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას უნდა შეაფასოს აპელანტის მიერ სასამართლოს მხრიდან განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, გამოასწორა თუ არა ხარვეზი აპელანტმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე