Facebook Twitter

საქმე № 330210016001380182

საქმე №ას-228-217-2017 14 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „ტ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „შ.-ი“, შპს „კ.“, ნ.გ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგებების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, საკუთრების უფლების აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „შ.-მა“, შპს „კ.-მ“ და ნ.გ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ.-ის“, ამჟამად – სს „ტ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ გარიგებების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარების, საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის სადავო უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

4. ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის გამო, მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე.

განმცხადებლის მოთხოვნა

5. 2016 წლის 15 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის (უზრუნველყოფის გარანტიის) გამოყენება. მხარის მითითებით, მოსარჩელეებს უნდა დაკისრებოდათ მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის – 612,541.15 ლარის ანაზღაურების უზრუნველყოფა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 57-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 612,541.15 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 372-ე მუხლის, მე-7 მუხლის მეორე ნაწილის, 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით მოპასუხის 2016 წლის 6 ივნისის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გარანტიის გამოყენებაზე მოპასუხის მიერ განმეორებით დაყენებული შუამდგომლობა.

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შუამდგომლობის ავტორი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 15 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაში გარანტიის გამოყენების საფუძვლად უთითებდა ერთსა და იმავე გარემოებას, კერძოდ, გარანტიის გამოყენების თაობაზე მოპასუხის ყველა განცხადების საფუძველი იყო ქონების გაუსხვისებლობის ფაქტი და მის შედეგად დამდგარი ზიანი, კერძოდ, მოპასუხე, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გამო, ვერ ახერხებდა ქონების გასხვისებას და თანხების მიღებას. განსხვავება წინამორბედ და ამჟამინდელ გაცხადებებს შორის არის მხოლოდ ზიანის ოდენობის გაანგარიშება, რაც არსობრივად არ ცვლის მოთხოვნის საფუძველს, ფაქტს იმის თაობაზე, რომ აკრძალვის გამო, ვერ ხდება ქონების გასხვისება, რის შედეგადაც განმცხადებელს ადგება ზიანი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლომ ორჯერ უკვე იმსჯელა და არ დააკმაყოფილა განმცხადებლის ანალოგიური მოთხოვნა იდენტური საფუძვლით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის (უზრუნველყოფის გარანტიის) გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის საჩივრის განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის (უზრუნველყოფის გარანტიის) გამოყენება.

13. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მითითებული განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მხარემ მსგავსი მოთხოვნითა და საფუძვლებით სასამართლოს მანამდე ერთხელ უკვე მიმართა, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას, ხელახლა მიემართა სასამართლოსათვის ანალოგიური განცხადებით.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ კანონმდებელი პირდაპირ არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული განცხადების (როგორც სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილ საკითხზე ხელმეორედ წარმოდგენილი მოთხოვნის) განხილვისა და მოცემული სამართლებრივი შინაარსის განჩინების გასაჩივრების წესს.

15. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის გამოყენება, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ ანალოგიის წესით მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსსკ-ის 194-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც მსგავს ურთიერთობას არეგულირებს და ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

17. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრება მხარეს შეეძლო საჩივრის წარდგენის გზით.

18. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საჩივრის განხილვის პროცედურას, რაც ასახულია სსსკ-ის 1971 მუხლში, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

19. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს, რომ საჩივრის შემტანი პირი თავის პრეტენზიას წარუდგენს იმავე სასამართლოს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისი ინსტანციის სასამართლო, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, წარმოებაში მიიღებს საჩივარს და თავადვე იმსჯელებს მის სამართლებრივ დასაბუთებულობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს საჩივრის მოტივებს, იგი დააკმაყოფილებს საჩივარს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მიიღოს განჩინება, სადაც დაასაბუთებს თავის მოსაზრებას საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე და საქმეს საჩივართან ერთად 5 დღის ვადაში გადაუგზავნის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მართებულად შეიტანა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა განჩინება მისი განცხადების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა სააპელაციო პალატას აღნიშნული საჩივრის დასაშვებობაზე არ უმსჯელია, არც საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობა არ შეუმოწმებია და ყოველგვარი რეაგირების გარეშე გაუგზავნა საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში. იმ პირობებში, როდესაც მოცემული საჩივარი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილვას, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას და მიიჩნევს, რომ წინამდებარე საჩივარი საქმის მასალებთან, მათ შორის საკასაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ შეტანილ დამატებით განცხადებასთან ერთად, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას, რათა არ დაირღვეს მოპასუხის საპროცესო უფლება საჩივრის ორი ინსტანციით განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ტ.-ის“ საჩივარი მოცემულ საქმესთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე