საქმე № 330210014660011
საქმე №ას-237-225-2017 16 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. და ნ. მ.-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ და უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. კ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. მ.-ის (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე), მ., ლ., კ. და ნ. მ.-ეების (შემდგომში – მემკვიდრე მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მსესხებელი მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის – 10 000 აშშ დოლარის, სარგებლის – 700 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 3650 აშშ დოლარის დაკისრება, დანარჩენ მოპასუხეთა აღიარება 2013 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად და ამ უკანასკნელთა სახელზე საკუთრების უფლებით სამკვიდრო ქონების აღრიცხვა, თანხის გადახდევინების მიზნით, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მსესხებელ მოპასუხეს გადასცა 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის მამის კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 25 ოქტომბერი.
3. მსესხებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ასაღებად.
4. 2013 წლის 13 ივნისს მოპასუხეთა მამა გარდაიცვალა. მოპასუხეები, როგორც მისი მემკვიდრეები, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებას. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გავიდა სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადა, მაგრამ საჯარო რეესტრიდან მიღებული ცნობის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება კვლავ მამკვიდრებლის სახელზე.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაეთანხმნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ც. და ნ. მ.-ეებმა (შემდგომში – აპელანტები) გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების მითითებისა და მისი ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტებს 2016 წლის 22 ივნისს ჩაბარდათ.
10. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, 2016 წლის 1 ივლისს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
11. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგძელდათ. აღნიშნული განჩინება აპელანტებს 2016 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდათ. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, აპელანტებმა კვლავ განცხადებით მიმართეს პალატას და წარადგინეს სააპელაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშით, ასევე, სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
12. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს 10 დღის ვადაში დაევალათ, მითითება სააპელაციო საჩივარში, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და სახელმწიფო ბაჟის სახით 574 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მათ მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით.
13. ზემოთ დასახელებული განჩინება აპელანტებს 2016 წლის 23 სექტემბერს ჩაბარდათ.
14. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2016 წლის 4 ოქტომბერს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
15. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს 10 დღის ვადაში დაევალათ, მითითება სააპელაციო საჩივარში, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და სახელმწიფო ბაჟის სახით 574 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მათ მიერ უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით.
16. აღნიშნული განჩინება აპელანტებს 2016 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდათ.
17. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, 2016 წლის 5 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა მათ მაინც ვერ უზრუნველყვეს ხარვეზის სრულად შევსება.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
21. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მითითება 2016 წლის 26 აპრილს მათ მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესახებ. ოჯახის ახლობელს დაურეკეს სასამართლოდან და ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აპელანტებმა მხოლოდ განცხადება შეიტანეს სასამართლოში იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების ასლი არ ჩაბარებიათ და აპირებდნენ მის გასაჩივრებას. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო განჩინება მათ არ ჩაბარდათ და ისინი იძულებული გახდნენ, სრულყოფილი სააპელაციო საჩივარი წარედგინათ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა ერთ-ერთი მემკვიდრე მოპასუხე კ. მ.-ე.
22. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მათი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად, რითაც შეეზღუდათ კანონიერი უფლება, ესარგებლათ სამართლიანი სასამართლოთი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
25. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი და დაავალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, დავის საგნის ღირებულების მითითებისა და მისი ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა.
27. აღნიშნული საპროცესო ვადა აპელანტების მოთხოვნით რამდენჯერმე გაგრძელდა.
28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნების დაცვით ჩაბარდათ აპელანტებს და მათ კვლავაც მოითხოვეს დასახელებული ვადის გაგრძელება.
29. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და აღნიშნულის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
30. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტს იმთავითვე სრულიად გონივრული ვადა – 10 დღე მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. შემდეგ კი, მხარის მოთხოვნისამებრ, აღნიშნული საპროცესო ვადა არაერთხელ კიდევ 10 დღით გაგრძელდა.
31. შუამდგომლობის წარდგენისა და საპროცესო ვადის კიდევ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების მოთხოვნა აპელანტებმა დააფუძნეს მათ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე, რაც სათანადო მტკიცებულებით არ დადასტურებულა.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
33. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად დაასახელა.
34. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ აპელანტთა შუამდგომლობის შეფასების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვერ გამოიწვევდა აპელანტისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგს – საპროცესო ვადის გაგრძელებას, რადგან მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა და ვერ დაადასტურა, რომ რეალურად საპატიო მიზეზით დროულად ვერ შეასრულა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
36. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. კერძო საჩივრის ავტორებმა კი, ასეთი გარემოების არსებობა ვერ დაადასტურეს.
37. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩაბარებიათ, ვინაიდან აპელანტებმა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში არ შეავსეს. შესაბამისად, მხარის არგუმენტი თანხის გადაუხდელობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამავდროულად, აპელანტები არ განეკუთვნებიან იმ პირთა წრეს, რომელთათვისაც სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნა გათვალისწინებულია სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილით.
38. რაც შეეხება კერძო საჩივრის პრეტენზიას, რომ მოპასუხე კ. მ.-ე საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა და მას სასამართლო გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ პიროვნებას აპელანტებთან ერთად სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, აპელანტები მისი სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არ სარგებლობენ, შესაბამისად, მითითებული საკითხი მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
39. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. და ნ. მ.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე