Facebook Twitter

საქმე № 330210015001050159

საქმე №ას-267-255-2017 31 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ნ.–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. ჯ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჯ.-ის, თ. ქ.–ის, თ. ს.–ის, ნ. ჯ.-ისა (შემდგომში – მოპასუხეები) და ა. ნ.–ის (შემდგომში – განმცხადებელი მოპასუხე) მიმართ 2012 წლიდან ყოველთვიურად სადავო შენობის პირველ სართულზე მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ფართისა და ავტოსადგომის მფლობელობაში გადაცემამდე 525 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 3 თებერვალს სანოტარო წესით დადასტურდა და ძალაში შევიდა ინდივიდუალური ბინათმშნებლობის ამხანაგობის დებულება. ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება და დამფუძნებლებზე ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა.

3. ამხანაგობის წევრები დაიყო მესაკუთრეებად და ინვესტორებად. მესაკუთრე წევრებმა (მათ შორის მოსარჩელემ) შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამხანაგობას შენატანის სახით გადასცეს კუთვნილი უძრავი ქონება, რისთვისაც მათ უნდა მიეღოთ ამხანაგობის დებულებით განსაზღვრული ფართი. დებულების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეღო შენობის პირველ სართულზე მდებარე 25,00 კვ.მ გარემონტებული კომერციული ფართი ცალკე შესასვლელითა და ერთი ავტოსადგომი.

4. ამხანაგობის ინვესტორი წევრების ვალდებულებას (შენატანს) წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და წილობრივი დაფინანსება, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, მშენებლობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, სამშენებლო მასალებით მშენებლობის მომარაგება. განხორციელებული შენატანების სანაცვლოდ ინვესტორებს უნდა მიეღოთ ამხანაგობის დებულების 8.6-8.10 პუნქტებით განსაზღვრული ფართი. გარდა ამისა, დებულების თანახმად, ინვესტორების საერთო საკუთრებას წარმოადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე. ამდენად, თითოეული მესაკუთრე წევრი ამხანაგობაში შეტანილი წილის სანაცვლოდ, იღებდა დებულებით განსაზღვრულ ფართს, ხოლო ინვესტორი წევრები – დანარჩენ ფართს.

5. ინვესტორები პასუხს აგებდნენ წილობრივად, როგორც ამხანაგობის საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი ვალებისათვის მესამე პირების წინაშე, ასევე ერთმანეთთან ურთიერთობაში.

6. ამხანაგობის დებულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა მიეღო შენობის პირველ სართულზე მდებარე 25 კვ.მ გარემონტებული კომერციული ფართი ცალკე შესასვლელით და ავტოსადგომი, რის სანაცვლოდაც მან ამხანაგობაში შეიტანა მშენებარე მიწის ნაკვეთზე განლაგებული, მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის 12/48 ნაწილიდან 15 კვ.მ.

7. მოსარჩელის მითითებით, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო მიწის მესაკუთრეების საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლიდან 18 თვის განმავლობაში, რაც 2009 წლის 25 მაისისათვის უკვე შესრულდა. შესაბამისად, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2011 წლის დადგომამდე, თუმცა სარჩელის შეტანის დროისათვის არ დასრულებულა.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გარდა განმცხადებელი მოპასუხისა, რომელმაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიუღებლობამ, რაც არის ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგი. ამხანაგობის დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, მას ეკისრებოდა მშენებლობის დასრულების ვალდებულება 18 თვის ვადაში. განმცხადებელი მოპასუხის მოვალეობა დებულებაში ასახული იყო შეცდომით, რომელიც რეალურად აწარმოებდა ტექნიკურ ზედამხედველობას და იყო პროექტის ექსპერტიზის ავტორი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით (ნოემბრამდე) ყოველთვიურად 525,00 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2012 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 504,00 აშშ დოლარის გადახდა სადავო შენობის პირველ სართულზე მოსარჩელის კუთვნილი ფართისა და ავტოსადგომის მის მფლობელობაში გადაცემამდე, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით: 1. აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; 2. აპელანტებს დაევალათ სოლიდარულად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 935,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

განმცხადებლის მოთხოვნა:

11. განმცხადებელმა მოპასუხემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინების მე-2 პუნქტის განმარტება.

12. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სასამართლოს განმარტების გარეშე შეუძლებელია აღნიშნული პუნქტის შესრულება, ვინაიდან 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც აიკრძალა სესხებისა და მოსაკრებლების დოლარში ანგარიშსწორება. ასევე, სსკ-ის 937-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილით. მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს ეროვნულ ვალუტაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და განმარტოს სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობის რა წილი უნდა გადაიხადოს განმცხადებელმა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მხარეს ან სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია, მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არ არის გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას ისე, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტებამ არ გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა.

15. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სსკ-ის 463-ე მუხლში აყალიბებს. აღნიშნული ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება დანარჩენ მოვალეებსაც ათავისუფლებს კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულებისაგან.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვარს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით აპელანტებს (მოპასუხეებს) დაევალათ სოლიდარულად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 935,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანი არ არის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინების მე-2 პუნქტი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს. გადაწყვეტილების განმარტება კი სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ბუნდოვანია. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა – სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რის გამოც განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას განჩინების განმარტებაზე.

18. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, რომ სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი განსაზღვროს ეროვნულ ვალუტაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრით აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 935,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და არა აშშ დოლარის გადახდა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 937-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავის საგანი ეხება მშენებლობის ვადის გაჭიანურებით და დებულებით კუთვნილი კომერციული ფართის გადაუცემლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

21. განმცხადებელმა მოპასუხემ მოითხოვა, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს მისი სააპელაციო საჩივარი იმის გათვალისწინებით, რომ იგი ამჟამად არ წარმოადგენს ამხანაგობის დამფუძნებელს, მენაშენეს და ჯერჯერობით არ აქვს ამხანაგობაში არავითარი ქონება, რაზეც მოსარჩელეს სრული ინფორმაცია გააჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელეს არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ გააჩნდა, განმცხადებელი მოპასუხისაგან მოეთხოვა საკუთარი დაუდევრობით განპირობებული და ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

22. მხარემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი გადახდის გადავადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების ერთ-ერთი დებულების განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

25. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

26. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.

27. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.

28. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა მოპასუხემ მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ მისთვის და დანარჩენი მოპასუხეებისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 9 იანვრის განჩინების მე-2 პუნქტის განმარტება, რომლითაც აპელანტებს (მოპასუხეებს) დაევალათ სოლიდარულად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 935,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

29. მითითებული სასამართლო განჩინების დებულების განმარტების საჭიროება განმცხადებელმა იმით დაასაბუთა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განუსაზღვრა მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ამავდროულად, სადავო დებულებით არ ირკვევა, სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობის რა წილი უნდა გადაიხადოს განმცხადებელმა მოპასუხემ.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 2017 წლის 9 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი რაიმე გაუგებარ დანაწესს არ შეიცავს და მისი განმარტების საჭიროება მხარემ ვერ დაასაბუთა.

31. აღნიშნული პუნქტით აპელანტებს, რომლებიც საქმეში მონაწილეობენ მოპასუხეების სტატუსით, დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ კონკრეტული დრო – 10 დღის ვადა სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 935,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. შესაბამისად, აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადაეხადათ თანხა ეროვნულ ვალუტაში. თანხის ოდენობის გამოსათვლელად აპელანტებს უნდა ეხელმძღვანელათ გადახდის მომენტისათვის არსებული ლარის კურსით აშშ დოლართან მიმართებით, რაც სავსებით გასაგებად იყო გადმოცემული სადავო განჩინებაში. შესაბამისად, დაუსაბუთებელია განმცხადებლის არგუმენტი სახელმწიფო ბაჟის უცხოურ ვალუტაში დაკისრებასთან დაკავშირებით.

32. რაიმე გაუგებრობას და ორაზროვნებას არ იწვევს არც თანხის აპელანტთა შორის განაწილების საკითხი, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდა აპელანტებს დაევალათ სოლიდარულად. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება დანარჩენ მოვალეებსაც ათავისუფლებს კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულებისაგან.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების ნაწილობრივ სადავოდ გახდის ან საქმის განხილვის გაუმართლებლად გაჭიანურების საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება ან განმარტება. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინებაში რაიმე გაუგებარ და ორაზროვან დებულებაზე, რის გამოც განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი განჩინების განმარტებაზე.

35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

36. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია კერძო საჩივრის განხილვისას შეზღუდულია გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივარში სადავოდ გამხდარი გარემოებების შეფასებით.

37. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატა უფლებამოსილია, შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 9 იანვრის განჩინების განმარტების მართლზომიერება და ვერანაირად ვერ იმსჯელებს განმცხადებელი აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების საკითხებზე. ასევე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოცემული დავის არსებითად განხილვისას შესაფასებელი საკითხები, რომლებზეც განმცხადებელი მოპასუხე უთითებს.

38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ნ.–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე