საქმე № 330210016001232845
საქმე №ას-288-272-2017 31 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ., თ. და ე. ჯ.-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჯ.-ის (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე), თ. და ე. ჯ.-ების (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებისა და მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 26 თებერვალს მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის პირობებიც მოპასუხემ არ შეასრულა. დავალიანებამ შეადგინა 2870 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი ნაწილია 2100 ლარი, სარგებელია 140 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს მოცულობა – 630 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2261 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტები ესწრებოდნენ.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე, 2591 მუხლებით და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, ამდენად, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 28 ოქტომბერს და ამოიწურა 2016 წლის 26 ნოემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა 2016 წლის 12 დეკემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარედგინა 2016 წლის 19 დეკემბერს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2016 წლის 12 დეკემბერს).
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მსესხებელ მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელზე ჩაბარდა 2016 წლის 5 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან ამ დროისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებული იყო (განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, დაიწყო 2016 წლის 27 ნოემბერს), შესაბამისად, სასამართლომ ეს ფაქტი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღო.
9. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აპელანტებმა დაარღვიეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იყო უსამართლო და ზღუდავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ვინაიდან მსესხებელმა მოპასუხემ არაერთხელ მიმართა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და ყოველ ჯერზე მას პასუხობდნენ, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. აღნიშნული ფაქტის დადასტურება ამჟამად გართულებულია, რადგან სასამართლოს შიდა სატელეფონო ზარები არ იწერება. მხარის მითითებით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ კანონით დადგენილ ვადაში მსესხებელი მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტს.
12. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავდათ ადვოკატი პროცედურული საკითხების მოსაგვარებლად, თავად კი კანონს არ იცნობდნენ და სათანადო ღონისძიებებს ვერ განახორციელებდნენ. მხარემ მხოლოდ მოგვიანებით იურიდიული კონსულტაციის შედეგად შეიტყო, რომ წერილობით უნდა მიემართა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოსათხოვად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
18. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტები ესწრებოდნენ (ს.ფ. 109-114).
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მსესხებელი მოპასუხე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ცხადდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას.
21. სსსკ-ის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (სუსგ 29.06.2016წ. საქმე №ას-507-484-2016).
24. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.
25. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2016 წლის 27 ოქტომბრიდან) 30-ე დღის – 2016 წლის 26 ნოემბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 27 ნოემბრიდან და არა 28 ნოემბრიდან (მომდევნო სამუშაო დღიდან), როგორც ეს შეცდომით სააპელაციო პალატამ მიუთითა.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება აღნიშნული ვადის პირველი დღიდან იმის მიუხედავად, მითითებული მომენტი დაემთხვა თუ არა უქმე თუ სამუშაო დღეს. ასეთ დროს ვადის ათვლა მომდევნო სამუშაო დღეზე არ გადადის.
27. შესაბამისად, სადავო ვადა ამოიწურა 2016 წლის 12 დეკემბერს (2016 წლის 10-11 დეკემბერი იყო უქმე, დასვენების დღეები), ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 19 დეკემბერს.
28. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ ტექნიკურ შეცდომას საქმის სამართლებრივ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება (სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი).
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ., თ. და ე. ჯ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე