Facebook Twitter

საქმე № 010210015001091850

საქმე №ას-314-297-2017 16 მარტის, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის დავალიანების – 8054,7 ლარისა და პირგასამტეხლოს – 170122,58 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მან კუთვნილი უძრავი ქონება იჯარით გადასცა მოპასუხეს, რომელმაც საიჯარო ქირის გადახდის შესახებ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელემ მოშალა ხელშეკრულება და მოპასუხეს გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურა. მასვე დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის – 8054,7 ლარისა და პირგასამტეხლოს – 13 833,15 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აპელანტის (განმცხადებლის) მოთხოვნა:

5. სააპელაციო საჩივრით მხარემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის კუთვნილ, საქართველოში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება. აპელანტის მითითებით, დავის მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა, მხარემ მოხსნას მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებიდან, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს იმის საშიშროება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, განმცხადებელმა სასამართლოს უნდა ჩამოუყალიბოს არა ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროებისა.

8. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამავე კოდექსის 198-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალი. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

10. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა განმცხადებლის მითითებაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის სააპელაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა პალატამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად რაიმე არსებით გარემოებებზე მხარეს არ მიუთითებია.

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში.

12. იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდეს, აუცილებელია განმცხადებელმა დაამტკიცოს, რომ ანგარიშზე ყადაღის დადება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ერთადერთი, აუცილებელი საშუალება და უკიდურესი ღონისძიებაა ვინაიდან, მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, შეიძლება ხელი შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის გადახდისუნარიანობას და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები.

13. იურიდიული პირის ფულად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად, მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვერც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

14. მსგავსი განცხადება ამომწურავად უნდა იყოს დასაბუთებული, მისი გამოყენების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით.

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის ანგარიშის დაყადაღება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი შეეცადა, მოეძია მოპასუხის აქტივები, რომლითაც აღსრულდება მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად გატარებული ღინისძიებებისა ასეთი ქონება ვერ მოიძია. ამასთან, მოპასუხეს ანგარიშზე აქვს თანხა, მაგრამ არ აქვს სხვა ქონება და, ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, თანხებს განკარგავს, შეწყვეტს სამეწარმეო საქმიანობას და თავს ჩაიყენებს გადახდისუუნარო მდგომარეობაში.

16. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებლის ვალდებულებაა, რაც მოსარჩელეს განცხადების წარდგენისას შესრულებული არ აქვს და შემოიფარგლა მხოლოდ ვარაუდზე მითითებით.

17. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის ყველა საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

19. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარემ მოხსნას მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებიდან, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია.

20. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან მოპასუხეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არ გააჩნია უძრავი ქონება, რის გამოც შეუძლებელი გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი მოტივებით:

22. სსსკ-ის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

23. სსსკ-ის 198-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალი. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის მოთხოვნა, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის დასაბუთება, რომ მოპასუხეს ანგარიშზე აქვს ფული, მაგრამ არ აქვს სხვა ქონება და, ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, თანხას განკარგავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

26. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარის თქმის კანონიერება.

27. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

28. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

29. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

30. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

31. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

32. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის – 8054,7 ლარისა და პირგასამტეხლოს – 13 833,15 ლარის გადახდა.

33. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადება.

34. სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე თავისი უარი იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნის ფარგლებში უნდა ემტკიცებინა, რომ მოსარჩელეს სხვა ქონება არ გააჩნდა, საბანკო ანგარიშების გარდა.

35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

36. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სრულად უარის თქმას.

37. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მხედველობაში იღებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (იქნება ეს უძრავი ქონების გასხვისება თუ თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან).

38. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში იკვეთება დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის პერსპექტიულობა და შესაძლოა, მოპასუხემ საკუთარი შეხედულებით განკარგოს მის ანგარიშზე არსებული თანხა ისე, რომ აღნიშნულის შედეგად საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

39. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხე საზოგადოების საბანკო ანგარიშებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად, კერძოდ, 21887,85 ლარის (8054,7 ლარს+13 833,15 ლარი) ოდენობით, დანარჩენ ნაწილში კი განმცხადებლის მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინება.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს შპს „ა.-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) საბანკო ანგარიშებს 21887,85 ლარის ოდენობით.

5. განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე