Facebook Twitter

საქმე № 200210015763062

საქმე №ას-1131-1087-2016 1 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.–ი“ (შპს „ფ.-ის“ უფლებამონაცვლე) სს „კ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ის“ (შპს „ფ.-ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში – პირველი მოპასუხე) და სს „კ.-ის“ (შემდგომში – მეორე მოპასუხე) მიმართ მატერიალური ზიანის – 5000 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ყოველწლიურად მოჰყავს მოსავალი, მათ შორის, აქვს რამოდენიმე ძირი კაკლის ხე.

3. ამავე ტერიტორიაზე აშენდა პირველი მოპასუხის კერძო ღვინის ქარხანა, რომელსაც მეორე მოპასუხემ, ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით, დაუმონტაჟა ელექტროგადამცემი ხაზი. 2013 წლის აგვისტოში ხაზის გაყვანისას მოპასუხეებმა დაარღვიეს მოსარჩელის საკუთრების უფლება, კერძოდ, აღნიშნული ელექტროხაზი უნებართვოდ კვეთს მის საკუთრებას, დაამონტაჟეს სამი ბოძი, დააზიანეს (მოჭრეს) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორი ძირი კაკლის ხის ტოტები.

4. აღნიშნულის შედეგად 2013 წლიდან კაკლის ხის ნაყოფს აღარ ისხმას, რითაც მოსარჩელის ოჯახმა განიცადა მატერიალური ზიანი, როგორც ერთჯერადად ისე ყოველწლიური მიუღებული შემოსავლის სახით.

5. მოსარჩელის წლიური ზიანი თოთოეული ხიდან შეადგენს 500-750 ლარს. საკითხის გარკვევისა და ინფორმაციის მიღების მიზნით, მოსარჩელემ 2014 წლის დეკემბერში მიმართა მეორე მოპასუხეს და მოითხოვა როგორც ხაზობრივი ნაგებობის გადატანა, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. განცხადების პასუხად მოსარჩელემ 2014 წლის 18 დეკემბერს მიიღო შეტყობინება უარის თქმის შესახებ.

6. 2014 წლის დეკემბერში მოსარჩელემ ასევე მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საკითხის შესწავლა. განცხადების პასუხად მოსარჩელემ მიიღო 2015 წლის 16 იანვრის წერილობითი პასუხი არსებული ფაქტის დადასტურების შესახებ.

7. 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელეს დაუკავშირდა მოპასუხე ღვინის ქარხნის კომპანიის წარმომადგენელი და შეჰპირდა დავის საგანზე მორიგებას. მიუხედავად თავისი ინიციატივისა, მან გამოიჩინა უყურადღებობა და დღემდე შემოთავაზება არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მეორე მოპასუხის განმარტებით, პირველი მოპასუხისათვის გაწეული მომსახურება განხორციელდა მისივე დაკვეთის შესაბამისად. განაცხადზე წარმოდგენილი იყო საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას არ სჭირდებოდა რაიმე სახის შეთანხმებას. ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა განხორციელდა „ელექტრომიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.3.1 პუნქტით დაადგინა, კავშირში არ არის მოცემული დავის სწორად გადაწყვეტასთან და ამ კუთხით გაიზიარა აპელანტის პრეტენზია.

12. მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმ გარემოების გამოკვლევა და დადგენა, მიადგა თუ არა მოსარჩელეს კაკლის ხეების გადაჭრით ზიანი. ამისათვის კი სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემეობა, წარმოადგენდა თუ არა დაზიანებული კაკლის ხეები მოსარჩელის კუთვნილი მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, უნდა გამოეკვლია საკითხი იმასთან დაკავშირებით, დაზიანებული კაკლის ხეები განთავსებული იყო თუ არა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

13. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

14. ასევე, სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ აშენდა პირველი მოპასუხის ღვინის ქარხანა, რომელსაც მეორე მოპასუხემ, ელექროენერგიის მიწოდების მიზნით, დაუმონტაჟა ელექტროგადამცემი ხაზი, რა დროსაც გადაიჭრა და დაზიანდა ორი ძირი კაკლის ხე.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 992-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშანა, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირია: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; მოპასუხემ კი უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება და მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

16. სსკ-ის 992-ე მუხლისა და სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა მოსარჩელის მტკიცების ტვირთზე მოცემულ დავაში და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ მითითებული დაზიანებული კაკლის ხეები განთავსებულია სწორედ მისი კუთვნილი 3500. კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთის ფარგლებში და აღნიშნული დაზიანებული კაკლის ხეები წარმოადგენს მისი ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მართალია, მოპასუხეები ადასტურებენ ელექტროხაზის გაყვანის შედეგად კაკლის ხეების დაზიანების ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდიან აღნიშნული კაკლის ხეების მოსარჩელისადმი კუთვნილებას და სიტუაციურ ნახაზზე მითითებით უარყოფენ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მონაცემებით იკვეთება, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი ელექტროსადენი, რომლითაც ელექტროენერგია პირველ მოპასუხეს მიეწოდება, გადის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წითელი ხაზის მიმდებარედ, თუმცა არ კვეთს მას.

18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, მას განსახილველ შემთხვევაში მართებდა შესაბამისი მტკიცებულების (მაგ: საექსპერტო კვლევის შედეგად მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის) მომზადება და სასამართლოში წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა დაზიანებული კაკლის ხეების მისი მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებობის შესახებ გარემოება. ამ კუთხით ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის ეტაპზეღა იშუამდგომლა სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დაზიანებული კაკლის ხეების მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ფარგლებში არსებობისა და, შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფაქტი.

20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებდა, მოცემული დავის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს.

21. ამდენად, იმისთვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება – ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რელიზება და ვერ დაადასტურა მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას მოცემული საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად, რადგან აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი და გაუგებარია.

25. მოსარჩელე ინვალიდობის მქონე პირია, რომელმაც ვერ ისარგებლა კვალიფიციური ადვოკატის დახმარებით, სასამართლომ კი მას გასაგებ ენაზე არ განუმარტა თავისი უფლებები და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

26. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 103-ე მუხლის დანაწესი და არ შესთავაზა მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ სად მდებარეობდა კაკლის ხეები. მოსარჩელისათვის უნდა დაევალებინა სადავო ხეების მდებარეობის განსაზღვრისათვის უფრო დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენა, ხოლო მოპასუხეებისათვის იმ ფაქტის დადასტურება, რომ კაკლები მოსარჩელის კუთვნილ მიწაზე არ იყო განთავსებული. შედეგად, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება სადავო ხეების რეალური მდებარეობის შესახებ არასწორად დაადგინა.

27. კასატორის მოსაზრებით, წარდგენილი ნახაზი და ფოტოსურათები ადასტურებს, რომ კაკლის ხეები მდებარეობს მოსარჩელის ნაკვეთზე, ვინაიდან ნახაზის თანახმად, წითელ ხაზსა და ნაკვეთის შორის არის გზა, ხოლო ფაქტობრივად ბოძები მდებარეობს გზის მეორე (მოსარჩელის ნაკვეთის) მხარეს. შესაბამისად, მათი გადატანისას დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი კაკლის ხეები.

28. სსსკ-ის 162-ე მუხლის დარღვევით სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი კასატორს ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე იმის გასარკვევად, თუ სად მდებარეობს სადავო ხეები.

29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ გაჩეხილი კაკლები საჯარო ტერიტორიაზე მდებარეობდა. სსსკ-ის 102-ე და სსკ-ის 394-ე მუხლების თანახამდ, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლები.

30. სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს როგორც ფაქტობრივი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. აუდიტის დასკვნით დასტურდება ზიანის ოდენობაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ზიანის გამომწვევი სუბიექტები არიან მოპასუხეები.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

34. სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ აშენდა პირველი მოპასუხის ღვინის ქარხანა, რომელსაც მეორე მოპასუხემ, ელექროენერგიის მიწოდების მიზნით, დაუმონტაჟა ელექტროგადამცემი ხაზი, რა დროსაც გადაიჭრა და დაზიანდა ორი ძირი კაკლის ხე.

35. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგნეილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დაზიანებული კაკლის ხეების მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ფარგლებში არსებობისა და, შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფაქტი.

36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით ვერ უარყვეს.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. მოცემული დავა წარმოიშვა დელიქტური ვალდებულების საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

41. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

42. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ 8.09.2015წ. საქმე №ას-718-683-2015).

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობასთან მიმართებით, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რელიზება და ვერ დაადასტურა მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური