საქმე №330210113000373283
საქმე №ას-1201-1161-2016 10 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. გ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. ფ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის – 6000 აშშ დოლარისა და ზიანის სახით ძირითადი თანხის 2%-ის გადახდა 2010 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სანოტარო აქტი და მოსარჩელემ გამოავლინა ნება, მოპასუხეს გაესესხებინა მისი კუთვნილი 6 000 აშშ დოლარი.
3. 2010 წლის 25 დეკემბერს მ. გ.-მა იპოთეკით დატვირთა მესამე პირის უძრავი ქონება და გაასესხა მოსარჩელის კუთვნილი 6 000 აშშ დოლარი. უძრავი ქონება გაიყიდა აუქციონზე, თუმცა მოსარჩელეს მისი რეალიზაციის თანხა არ მიუღია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც გააუქმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და დაიბრუნა გასესხებული 6000 აშშ დოლარი. 2010 წლის 25 დეკემბერს დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სხვა პირის სახელზე, რის შესახებაც 2010 წლის 23 დეკემბერს დაწვრილებით აუხსნა მოსარჩელეს, კერძოდ, სად და ვისთან იდებოდა ხელშეკრულება. მოსარჩელესთან ერთად ოფისში იყვნენ იპოთეკარები, რომლებმაც გაასესხეს თავიანთი ფული და ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან თანხა ადრეც ერთად ჰქონდათ გასესხებული. მესაკუთრე ვერ იხდიდა თანხას და ითხოვა დრო, რაზედაც იპოთეკარები დათანხმდნენ და დადეს ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 300 აშშ დოლარი პროცენტი, მაგრამ შემდეგ, ვინაიდან მსესხებელი ვალს ვერ იხდიდა, იპოთეკარებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება და მიმართეს სააღსრულებო ბიუროს. მოსარჩელემ მოპასუხეს თავად მისცა სააღსრულებო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხა. იმ დროს მოქმედი სააღსრულებო კანონმდებლობით ბინის შესყიდვა ნულოვან აუქციონზე თუ არ მოხდებოდა, ბინა კვლავ დარჩებოდა მოვალეს, რის გამოც იპოთეკით დატვირთული ბინა შეიძინა მოპასუხემ. იგი მოელაპარაკა იპოთეკარებს, რომ სესხის თანხა დაიფარებოდა ბინის რეალიზაციის შემდეგ. რამდენიმე თვეში იპოთეკარმა მიმართა სააღსრულებო ბიუროს და აღნიშნული ბინა გადაიფორმა თავის სახელზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8082 ლარისა და აღნიშნული თანხის 11.4%-ს გადახდა ყოველწლიურად 2011 წლის 14 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 23 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მან მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, გაეუქმებინა 2010 წლის 24 ივლისს ნოტარიუს მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მიეღო სესხის თანხა ხელზე, ასევე, გაესესხებინა მოსარჩელის კუთვნილი თანხა თავისი შეხედულებისამებრ, განესაზღვრა სარგებელი, სესხის გაცემის ვადა, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში, გაეტარებინა რეგისტრაციაში ხელშეკრულება და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ მინდობილობით გათვალისწინებული დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაიცა ერთი თვის ვადით და ამ ვადაში მარწმუნებელს იგი არ გაუუქმებია.
8. 2010 წლის 25 დეკემბერს მოპასუხესა და კიდევ სამ პირს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა პირმა ორი გამსესხებლისაგან ისესხა პირველი მსესხებლისაგან – 17 000 აშშ დოლარი, მეორე მსესხებლისაგან – 10 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხისაგან – 6 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა ერთი თვის ვადით, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა თვეში 6%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
9. მოპასუხემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან 2010 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველეზე ამოიღო სესხის თანხა – 6000 აშშ დოლარი. 2010 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით ეს თანხა გაასესხა მსესხებელზე და გადასცა კიდეც მოსარჩელეს ერთი თვის პროცენტი 300 აშშ დოლარის ოდენობით.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო, 2010 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი, სესხის თანხის 5% – 300 აშშ დოლარი.
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 14 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხე, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარებად კვლავ დაფიქსირდნენ დანარჩენი ორი მსესხებელი. აუქციონზე უძრავი ქონება 8280 ლარად იყიდა მოპასუხემ, მასვე, როგორც კრედიტორს, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, გადაეცა 8280 ლარი.
12. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც თავად აპელანტი სააპელაციო საჩივარშიც ადასტურებს, მან აუქციონში მონაწილეობა მიიღო როგორც „ცალკე სუბიექტმა და მას კავშირი არ აქვს მოსარჩელის დავალების ხელშეკრულებასთან“. საწინააღმდეგო არ დასტურდება არც საქმის მასალებით. საქმეში წარმოდგენილი მრტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება შეძენილ იქნა პირადად მოპასუხის მიერ და უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.
13. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს, როგორც კრედიტორს რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად გადაეცა 8280 ლარი. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მინდობილი მოქმედების შედეგად მიღებული 8280 ლარი არ გადაუცია.
14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 11 ივლისის №.. განკარგულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ერთ-ერთი მსესხებელი, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარად დაფიქსირდა მხოლოდ მეორე მსესხებელი.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომშჲ – სსსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 709-ე, 715-ე მუხლებით და დაადგინა, რომ 2010 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მან მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, გაეუქმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მიეღო სესხის თანხა ხელზე, ასევე გაესესხებინა მოსარჩელის კუთვნილი თანხა თავისი შეხედულებისამებრ, განესაზღვრა სარგებელი, სესხის გაცემის ვადა, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში, გაეტარებინა რეგისტრაციაში ხელშეკრულება და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ მინდობილობით გათვალისწინებული დავალების შესრულებასთან.
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მიიღო 6000 აშშ დოლარი და 2010 წლის 25 დეკემბერს აღნიშნული თანხა გადასცა მსესხებლის წარმომადგენელს სესხის სახით, ერთი თვის ვადითა და 5%-იანი სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთით.
17. სსკ-ის 715-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ უძრავი ნივთი, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო გაცემული სესხი აუქციონზე მოპასუხემ შეიძინა 8280 ლარად. მითითებული თანხა გადაეცა მოპასუხეს, როგორც კრედიტორს. უდავოა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მინდობილი მოქმედების შედეგად მიღებული თანხა – 8280 ლარი დღემდე არ გადაუცია. მის საკუთრებაშივე აღირიცხა იპოთეკის საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ იგი თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის, რის გამო რწმუნებული ვალდებულია, დააბრუნოს 8280 ლარი პროცენტთან ერთად, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა გადაუხდელი თანხის 11,4%-ით (ეროვნულ ლარში ფიზიკური პირების დეპოზიტებისათვის არსებული საბაზრო განაკვეთების საშუალო ოდენობა https://www.nbg.gov.ge) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა აუქციონზე გასხვისებული უძრავი ქონების ღირებულების – 8280 ლარის წლიური 11,4%-ს გადახდა 2011 წლის 14 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 715-ე მუხლის მეორე ნაწილი. ასევე, გვერდი აუარა ცალმხრივი გარიგების, როგორც ხელშეკრულების ცნებას, ვინაიდან მოსარჩელემ ზოგადი მინდობილობა გასცა მოპასუხის სახელზე და არ მიუთითა კონკრეტული ქონება, არ განსაზღვრა მარწმუნებლის მიმართ რწმუნებულის პასუხისმგებლობის ფარგლები. მოსარჩელის მოთხოვნაც გამომდინარეობდა მის მიერ გაცემული მინდობილობიდან.
20. კასატორის განმარტებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ მიუთითებია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას დებდა მოსარჩელის სახელით. შესაბამისად, ვერც მის შედეგზე აგებდა პასუხს ისეთი პირის მიმართ, რომელიც ხელშეკრულების სუბიექტი არ იყო. სააპელაციო პალატამ არასწორად გააკეთა აქცენტი, რომ უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი გამომდინარეობდა რწმუნებულებიდან. მართალია, მოპასუხემ მიუთითა, რომ ეს ქონება იგულისხმა მინდობილობით, მაგრამ სასამართლოს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არ უნდა მოეხდინა ამგვარი შეფასება, რადგან დავალების ხელშეკრულების დასადებად სსკ-ის 709-ე მუხლი სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს არ ითვალისწინებს. მოცემული დავა მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 23 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მან მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, გაეუქმებინა 2010 წლის 24 ივლისს ნოტარიუს მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მიეღო სესხის თანხა ხელზე, ასევე, გაესესხებინა მოსარჩელის კუთვნილი თანხა თავისი შეხედულებისამებრ, განესაზღვრა სარგებელი, სესხის გაცემის ვადა, დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში, გაეტარებინა რეგისტრაციაში ხელშეკრულება და შეესრულებინა ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ მინდობილობით გათვალისწინებული დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაიცა ერთი თვის ვადით და ამ ვადაში მარწმუნებელს იგი არ გაუუქმებია.
24. 2010 წლის 25 დეკემბერს მოპასუხესა და კიდევ სამ პირს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა პირმა ორი გამსესხებლისაგან ისესხა პირველი გამსესხებლისაგან – 17 000 აშშ დოლარი, მეორე გამსესხებლისაგან – 10 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხისაგან – 6 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა ერთი თვის ვადით, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა თვეში 6%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
25. მოპასუხემ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან 2010 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველეზე ამოიღო სესხის თანხა – 6000 აშშ დოლარი. 2010 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით ეს თანხა გაასესხა მსესხებელზე და გადასცა კიდეც მოსარჩელეს ერთი თვის პროცენტი 300 აშშ დოლარის ოდენობით.
26. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო, 2010 წლის 25 დეკემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი, სესხის თანხის 5% – 300 აშშ დოლარი.
27. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 14 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა მოპასუხე, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარებად კვლავ დაფიქსირდნენ დანარჩენი ორი მსესხებელი. აუქციონზე უძრავი ქონება 8280 ლარად იყიდა მოპასუხემ, მასვე, როგორც კრედიტორს, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, გადაეცა 8280 ლარი.
28. როგორც თავად აპელანტი სააპელაციო საჩივარშიც ადასტურებს, მან აუქციონში მონაწილეობა მიიღო როგორც „ცალკე სუბიექტმა და მას კავშირი არ აქვს მოსარჩელის დავალების ხელშეკრულებასთან“. საწინააღმდეგო არ დასტურდება არც საქმის მასალებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება შეძენილ იქნა პირადად მოპასუხის მიერ და უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.
29. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს, როგორც კრედიტორს რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად გადაეცა 8280 ლარი. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მინდობილი მოქმედების შედეგად მიღებული 8280 ლარი არ გადაუცია.
30. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 11 ივლისის №... განკარგულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ერთ-ერთი გამსესხებელი, ხოლო პირველი რიგის იპოთეკარად დაფიქსირდა მხოლოდ მეორე გამსესხებელი.
31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 715-ე მუხლის მეორე ნაწილი და მცდარია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი გამომდინარეობდა რწმუნებულებიდან.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია ეხება სსკ-ის 715-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტებას. მითითებული ნორმის თანახმად, თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
35. კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს რწმუნებულის მატერიალურ პასუხისმგებლობას შემდეგი წინაპირობების არსებობისას: 1. მარწმუნებელმა დავალების ხელშეკრულების შესასრულებლად რწმუნებულს გადასცა თანხა; 2. რწმუნებულს თანხა უნდა გამოეყენებინა მარწმუნებლის სასარგებლოდ ან დაებრუნებინა იგი მარწმუნებლისთვის; 3. რწმუნებულმა მარწმუნებლის თანხა გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ნორმის განმარტება კანონშესაბამისია. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი იმ გარემოებების მიმართ, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მიიღო 6000 აშშ დოლარი და 2010 წლის 25 დეკემბერს აღნიშნული თანხა გადასცა მსესხებლის წარმომადგენელს სესხის სახით, ერთი თვის ვადითა და 5%-იანი სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთით. უძრავი ნივთი, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო გაცემული სესხი აუქციონზე მოპასუხემ შეიძინა 8280 ლარად. მითითებული თანხა გადაეცა მოპასუხეს, როგორც კრედიტორს. ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მინდობილი მოქმედების შედეგად მიღებული თანხა – 8280 ლარი დღემდე არ გადაუცია. მის საკუთრებაშივე აღირიცხა იპოთეკის საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ იგი თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის, რის გამო რწმუნებული ვალდებულია, დააბრუნოს თანხა პროცენტთან ერთად.
37. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 4 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 556 ლარის 70% – 389,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 4 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 556 ლარის 70% – 389,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური