საქმე № 820210016001306485
საქმე №ას-161-151-2017 21 აპრილი, 2017 წელი
№ას-161-151-2017 კულტურის ცენტრი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ხ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. ფ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ხ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი ცენტრის დირექტორის 2016 წლის 15 მარტის №.. ბრძანება მოსარჩელის, როგორც ა(ა)პი ხ.-ის დირექტორის მოადგილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, 2016 წლის 22 მარტის N01-02/19 ბრძანება მოსარჩელისათვის კვარტალური პრემიის გაუცემლობის შესახებ, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 250 ლარისა და მორალური ზიანის – 3000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 12 ნოემბრიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში.
3. 2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით დილის 11:00-დან 12:00-მდე დირექტორის კაბინეტში ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამსახურებრივი საკითხის გარკვევისას დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ ცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი აცდენდა სამსახურს და ხშირად აგვიანებდა, არღვევდა ჟურნალის წარმოების წესს, რაც რჩებოდა რეაგირების გარეშე. ადმინისტრაციის ზოგიერთ თანამშრომელს დირექტორის მხრიდან ეძლეოდა სამსახურებრივი შეღავათი, რაც იყო ცალსახად ტენდენციური, თანამშრომლებს შორის იწვევდა დისკრიმინაციულ განწყობას და უარყოფითად მოქმედებდა როგორც დაწესებულების გამართულად მუშაობაზე, ისე ცენტრის განვითარებასა და მის ავტორიტეტზე. აგრეთვე, მან ღიად დაააფიქსირა თავისი, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის მოსაზრება ყველა იმ ხარვეზთან დაკავშირებით, რაც ვლინდებოდა ცენტრის მუშაობის პროცესში და მოითხოვა მათზე რეაგირება.
4. მოსარჩელის მითითებით, არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, რეაგირების გარეშე არ დატოვოს და დღის წესრიგში დააყენოს ისეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ცენტრის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამ შინაგანი რწმენით დააფიქსირა თავისი პოზიცია ცენტრის დირექტორთან, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნული აღიქვა პირად შეურაცხყოფად, ჩათვალა, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მის წინააღმდეგ.
5. 2016 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ დირექტორს წარუდგინა ახსნა-განმარტება და მოითხოვა ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარება, ყველა თანამშრომლის მიმართ თანაბარი სამუშაო პირობების დაწესება და თავისი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ახსნა-განმარტების პასუხად დირექტორის 2016 წლის 16 თებერვალის ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა 2016 წლის 23 თებერვალს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, კერძოდ, ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ, დირექტორმა გამოსცა №.. ბრძანება და ადმინისტრაციული წარმოების შედეგებიდან დააკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – სასტიკი საყვედური. ზეპირი მოსმენისას არ გამოკვეთილა არც ერთი ისეთი გარემოება, რომელიც მის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევას დაადასტურებდა.
6. მოსარჩელის განმარტებით, სხდომის ოქმში მითითებული გარემოებები წარმოდგენილია დამახინჯებულად, არსებითად არასწორად, რასაც უტყუარად დაადასტურებენ თანამშრომლები, რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას და ინციდენტს. ასევე, არსებობს სხდომის ვიდეოჩანაწერიც, რომელიც რეალურად ასახავს სიმართლეს.
7. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაწესებულების შინაგანაწესი არ დაურღვევია. სასტიკი საყვედური გამოუცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა. მეტიც, ინციდენტი მოხდა 2016 წლის 11 თებერვალს, ხოლო შინაგანაწესი, რომლის საფუძველზეც შეურჩიეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცენტრის დირექტორმა დაამტკიცა 2016 წლის 12 თებერვალს.
8. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის შინაგანაწესი, რომელიც მოქმედებდა ზემოხსენებული შინაგანაწესის დამტკიცებამდე, არც კი შეიცავდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის დირექტორმა ახალი შინაგანაწესი მიიღო სახელდახელოდ და ხელოვნურად, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მას როგორმე დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა და ამ გზით გაესწორებინა ანგარიში მასთან, როგორც ურჩ თანამშრომელთან.
9. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უკანონო და დაუსაბუთებელი დისციპლინური სახდელის დაკისრებით შეელახა საქმიანი რეპუტაცია, პატივი თანამშრომლებისა და საზოგადოების თვალში, რამაც მიაყენა მძიმე მორალური ზიანი. ფსიქოლოგიურად განსაკუთრებით რთულად გადასატანია ის ფაქტი რომ, ხანგრძლივი სამსახური განმავლობაში მის მიმართ პასუხისმგებლობს რაიმე ზომა არ გამოყენებულა, მუდამ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით და კოლეგების პატივისცემით, საქმიანი რეპუტაცია შეელახა მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებდა თავის მოვალეობას და, ამის გამო, გახდა პიროვნული ანგარიშსწორების მსხვერპლი.
10. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 მარტს დირექტორის ბრძანებით ყოველკვარტალური პრემია გაიცა ცენტრის ყველა თანამშრომელზე (ხელფასის 50%-ის ოდენობით), ხოლო მან აღნიშნული პრემია ვერ მიიღო, რადგან დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი. დირექტორმა სპეციალური ბრძანება გამოსცა მის მიმართ პრემიის გაუცემლობის შესახებ, რაც უხეშად არღვევს მის კანონიერ უფლებებს.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული ბრძანებები კანონიერია. მოსარჩელემ შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის დირექტორს და მიუღებელი ფორმით მოსთხოვა მას კონკრეტული თანამშრომლებისათვის დასვენების დღეების დაწესება. მოსარჩელეს კონფლიქტი ჰქონდა წინა დირექტორთანაც, რაც თავად დაადასტურა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი, ხოლო დანარჩენ ნაწილობრივ იგი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის 12 ნოემბრიდან მოსარჩელე მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში, 2016 წლის 23 მარტამდე მის მიმართ დისციპლინარული სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
15. ორგანიზაციის წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე, როგორც დირექტორის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო დაწესებულების სამუშაო, სასწავლო და შემოქმედებითი პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვაზე.
16. 2016 წლის 11 თებერვალს დაახლოებით დილის 11:00-დან 12:00-მდე მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის კაბინეტში დირექტორსა და მოადგილეს – მოსარჩელეს შორის მოხდა შეკამათება, ინციდენტი, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა თანამშრომლები, რა დროსაც მოსარჩელემ დირექტორი დაადანაშაულა ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში.
17. 2016 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ დირექტორს წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც კვლავ მოითხოვა ინციდენტის მიზეზის ყველა საკითხის მოგვარება, დირექტორის მხრიდან ყველა მუშაკის თანაბარ პირობებში ჩაყენება, ურთიერთდამოკიდებულებისა და კომპეტენციების გამიჯვნა, მისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის კანონის შესაბამისად და ხელშეუშლელად შესრულება.
18. დასახელებული ახსნა-განმარტების საფუძველზე მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 16 თებერვლის N.. ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ბრძანებით განისაზღვრა, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2016 წლის 23 თებერვალს, 12 საათზე.
19. 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩატარდა ადმინისტრაციული მოსმენა 2016 წლის 11 თებერვალს დირექტორის სამუშაო კაბინეტში დირექტორსა და მოადგილეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რაზეც შედგა ადმინისტრაციული წარმოების მოსმენის სხდომის ოქმი.
20. 2016 წლის 15 მარტს დირექტორმა გამოსცა №..-- ბრძანება და მოსარჩელეს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – სასტიკი საყვედური.
21. 2016 წლის 22 მარტს, დირექტორის №.. ბრძანებით ხ.-ის 2016 წლის საშტატო განრიგის თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯთაღრიცხვის, ხელფასის მუხლით გათვალისწინებული ასიგნების ფაარგლებში კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მიეცათ კვარტალური პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით. ამავე დღეს მიღებული №.. ბრძანებით ხ.-ის დირექტორის მოადგილეს არ გამოეწერა 2016 წლის პირველი კვარტალური პრემია, სასტიკი საყვედურის მიღების გამო.
22. ხ.-ის 2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმით, მოსარჩელე არ დასახელდა დასაჯილდოებელ პირთა სიაში იმ საფუძვლით, რომ მას მარტში გამოუცხადდა სასტიკი საყვედური, რის გამოც არ მიეცა პრემია.
23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში – სსკ) 54-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ბრძანებები მართებულად აღიარა ბათილად.
24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება, მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან შედარებით, არაპროპორციული იყო.
25. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში – სშკ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს. სწორედ ამის შემდეგ იძენს შინაგანაწესი დასაქმებულისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალას.
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 11 თებერვლისათვის შრომის შინაგანაწესი მიღებული არ ყოფილა, იგი დირექტორმა დაამტკიცა მომდევნო დღეს – 2016 წლის 12 თებერვალს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ და ცენტრის დირექტორმა იკამათეს 2016 წლის 11 თებერვალს, ე.ი. შინაგანაწესის დამტკიცებამდე, ამიტომ, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად შინაგანაწესით დადგენილი ღონისძიების გამოყენება არ შეიძლებოდა.
27. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი, განსაკუთრებით კი სადამსჯელო უფლებები მართლზომიერად უნდა განხორციელდეს.
28. სააპელაციო პალატა დაეთახმა აპელანტის არგუმენტს, რომ ის ფორმა, რომლითაც მოსარჩელემ თავისი პრეტენზია გამოხატა, კორექტული და მისაღები არ ყოფილა, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას დირექტორისათვის უხამსად არ მიუმართავს, ძალადობა არ გამოუვლენია. მისი პრეტენზია ეხებოდა სამუშაო პროცესის წარმართვას, რაც წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მის, როგორც დირექტორის მოადგილის ფუნქციებში შედიოდა.
29. ამგვარად, პრაქტიკულად, ინციდენტის დროს მოსარჩელე წესდებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ცდილობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენება არამართლზომიერი და დაუშვებელი იყო.
30. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან ბათილი ბრძანების გამო, მოსარჩელემ შემოსავალი ვერ მიიღო, სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, აპელანტმა მას ეს მიუღებელი შემოსავალი უნდა აუნაზღაუროს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის მასალები, უგულებელყო კასატორის არგუმენტები და მოწმეთა ჩვენებები.
33. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის სადავო ქმედება ეწინააღმდეგებოდა თანამშრომლის ეთიკური, ზნეობრივი ქცევის ნორმებსა და შინაგანაწესის მოთხოვნებს. მხარის მოსაზრებით, სასამართლომ ფაქტობრივად წაახალისა ადმინისტრაციაზე ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 12 ნოემბრიდან მოსარჩელე მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში, 2016 წლის 23 მარტამდე მის მიმართ დისციპლინარული სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
37. ორგანიზაციის წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე, როგორც დირექტორის მოადგილე, პასუხისმგებელი იყო დაწესებულების სამუშაო, სასწავლო და შემოქმედებითი პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვაზე.
38. 2016 წლის 11 თებერვალს დაახლოებით დილის 11:00-დან 12:00-მდე მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის კაბინეტში დირექტორსა და მოადგილეს – მოსარჩელეს შორის მოხდა შეკამათება, ინციდენტი, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა თანამშრომლებიც, რა დროსაც მოსარჩელემ დირექტორი დაადანაშაულა ტენდენციურობასა და მიკერძოებაში.
39. 2016 წლის 12 თებერვალს მოსარჩელემ დირექტორს წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც კვლავ მოითხოვა ინციდენტის მიზეზის ყველა საკითხის მოგვარება, დირექტორის მხრიდან ყველა მუშაკის თანაბარ პირობებში ჩაყენება, ურთიერთდამოკიდებულებისა და კომპეტენციების გამიჯვნა, მისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის კანონის შესაბამისად და ხელშეუშლელად შესრულება.
40. დასახელებული ახსნა-განმარტების საფუძველზე მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 16 თებერვლის N... ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ბრძანებით განისაზღვრა, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2016 წლის 23 თებერვალს, 12 საათზე.
41. 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩატარდა ადმინისტრაციული მოსმენა 2016 წლის 11 თებერვალს დირექტორის სამუშაო კაბინეტში დირექტორსა და მოადგილეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რაზეც შედგა ადმინისტრაციული წარმოების მოსმენის სხდომის ოქმი.
42. 2016 წლის 15 მარტს დირექტორმა გამოსცა №..-- ბრძანება და მოსარჩელეს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – სასტიკი საყვედური.
43. 2016 წლის 22 მარტს, დირექტორის №.. ბრძანებით ხ.-ის 2016 წლის საშტატო განრიგის თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯთაღრიცხვის, ხელფასის მუხლით გათვალისწინებული ასიგნების ფაარგლებში კულტურის ცენტრის თანამშრომლებს მიეცათ კვარტალური პრემია ხელფასის 50%-ის ოდენობით. ამავე დღეს მიღებული №.. ბრძანებით ხ.-ის დირექტორის მოადგილეს არ გამოეწერა 2016 წლის პირველი კვარტალური პრემია, სასტიკი საყვედურის მიღების გამო.
44. ხ.-ის 2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმით, მოსარჩელე არ დასახელდა დასაჯილდოებელ პირთა სიაში იმ საფუძვლით, რომ მას მარტში გამოუცხადდა სასტიკი საყვედური, რის გამოც არ მიეცა პრემია.
45. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და შეაფასა მტკიცებულებანი, რის შედეგადაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
48. საკასაციო სასამართლო მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად გამოიკვლია ფაქტები. კასატორის პოზიცია სადავო ბრძანებების კანონიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა მოსარჩელის არასათანადო ქმედებას.
49. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზევით უკვე აღინიშნა, სასამართლომ დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ არაკორექტულად გამოხატა თავისი პრეტენზია და მისი მიმართვის ფორმა დასაშვები არ იყო, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად მოპასუხისათვის სასურველი გარემოებები სასამართლომ სრულად დაადგინა.
50. რაც შეეხება დადგენილი ფაქტის შეფასებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას ორგანიზაციის წესდების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება. ვინაიდან მოსარჩელის პრეტენზია ეხებოდა სამუშაო პროცესის წარმართვას, მხარე მოქმედებდა დირექტორის მოადგილის ფუნქციების ფარგლებში და მოპასუხის მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი სასტიკი საყვედურის სახით წარმოადგენდა არათანაზომიერ სანქციას. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა.
51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ ) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 17 იანვრას №... საგადახდო (ელექტრონული) მოთხოვნით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ხ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს ა(ა)იპ ხ.-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 17 იანვრას №.. საგადახდო (ელექტრონული) მოთხოვნით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური