საქმე № 150210115001075218
საქმე №ას-183-172-2017 28 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხ. წ.-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.-ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ჯ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. წ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 33542.54 ლარისა და ძირითად დავალიანებაზე წლიური 12%-ის გადახდის შესახებ დავალიანების წარმოშობიდან მის სრულად დაფარვამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან მოპასუხე წარმოადგენდა მოპასუხე საზოგადოების პარტნიორს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა უნდა ყოფილიყო სათესლე კარტოფილის შემოტანა და რეალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ახალქალაქის მკვიდრია, მას დაევალა სამუშაოების ხელმძღვანელობა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გაჩნდა ეჭვი მოპასუხის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ მას არ შეჰქონდა რეალიზებული საქონლის (კარტოფილის შესაბამისი პროპორციული თანხა კომპანიის ანგარიშზე და სხვადასხვა გარემოებით ხსნიდა აღნიშნულს. სწორედ მისი არასათანადო საქმიანობის გამო, 2012 წლის 5 ივნისს შეიკრიბა პარტნიორთა კრება და შედგა კრების ოქმი, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.
3. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელემ განახორციელა 122 ტონა „ა“ კლასის 35-55 მმ ზომის სათესლე კარტოფილის იმპორტი, 30 ტონა შეიძინა სხვა საზოგადოებისაგან. კარტოფილის საცალო ფასი შეადგენს 2.7 ლარს. შემოტანილი საქონლის გარკვეული ნაწილი გაიყიდა. ამავე ოქმის თანახმად, მოპასუხეს დაევალა 2012 წლის 9 ივნისს 26 780.66 კილოგრამი კარტოფილის რეალიზაციის პროცესში გაწეული ხარჯის შესახებ დოკუმენტების წარმოდგენა, რაც მას არ შეუსრულებია.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს ასევე დაევალა ახალქალაქის რაიონში 17600 კგ. კარტოფილის დათესვა, რაზეც მან მოგვიანებით განაცხადა, რომ კარტოფილი არ ამოვიდა, თუმცა რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია და ვერც იმ მიწის ნაკვეთზე მიუთითა, სადაც კარტოფილი დაითესა. აღნიშნული წარმოადგენდა ეჭვის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ მიღებული შემოსავალი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ მიითვისა.
5. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 27 აგვისტოს სანოტარო ბიუროში მოპასუხის თანდასწრებით შედგა კიდევ ერთი კრების ოქმი, რომლის IV მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ და კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანა 33 542.54 ლარი შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 2012 წლის 10 ნოემბრამდე – 11 000 ლარი, 2012 წლის 25 ნოემბრამდე – 11 000 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე – 11 542.54 ლარი, სულ – 33 542.54 ლარი. მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორთა 2012 წლის 27 აგვისტოს №2 კრების ოქმის ბათილად ცნობისა და პარტნიორად აღდგენის შესახებ.
7. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე საზოგადოება დაფუძნდა ორი დამფუძნებლის მიერ, რომელთაგანაც ერთერთს თავად წარმოადგენდა. თავდაპირველად მისი წილი შეადგინა 70%-ს, ხოლო შემდეგ მოტყუებით კუთვნილი წილი დაკარგა.
8. მხარის მოსაზრებით, სადავო კრება მოწვეულ იქნა და ჩატარდა კანონისა და წესდების ნორმათა უხეში დარღვევით. შეგებებული სარჩელის ავტორს მეორე პარტნიორისათვის მინდობილობით ვალის აღიარების, ასევე, პარტნიორობიდან გასვლის უფლება არ მიუცია, მეორე პარტნიორმა მოატყუა იგი და დღის წესრიგი დროულად არ გადასცა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძირითადმა მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 542.54 ლარისა და ძირითადი დავალიანების წლიური 12%-ის გადახდა 2012 წლის 15 დეკემბრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე საზოგადოება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 28 ივლისიდან.
12. 2012 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მომზადებული ამონაწერის თანახმად, საზოგადოებას ჰყავდა სამი პარტნიორი 33%, 34% წილებით, ხოლო მოპასუხის კუთვნილი წილი შეადგენდა 33%-ს.
13. 2013 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერის თანახმად, პარტნიორებად 33% და 67% წილის მფლობელებად აღრიცხულნი იყვნენ დანარჩენი ორი პარტნიორი, ხოლო მოპასუხე ნახსენები არ ყოფილა.
14. 2013 წლის 14 იანვრიდან შპს-ს 100% წილის პარტნიორი და დირექტორი იყო 67% წილის მფლობელი პარტნიორი.
15. 2012 წლის 5 ივნისს შედგა მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №1 ოქმი. კრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი წევრები და ამავდროულად პატრნიორები, მათ შორის, მოპასუხეც.
16. კრების ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამივე დამფუძნებელი (პარტნიორი) დადგინდა შემდეგი: 1. დაითესოს 17600 კგ. კარტოფილი ახალქალაქის რაიონში; 2. მოპასუხემ უზრუნველყოს შესაბამისი ნაკვეთის მოძიება, ზედამხედველობა გაუწიოს და უზრუნველყოს საჭირო აგროტექნიკური სამუშაოები; 3. მოპასუხემ დოკუმენტალურად წარმოადგინოს რეალიზაციის პროცესში გაწეული ხარჯი; 4. წარმოადგინოს 26,780.66 კილოგრამის რეალიზაციიდან ამონაგები კომპანიის სალაროში ან საბანკო ანგარიშზე 2012 წლის 9 ივნისის ჩათვლით და რეალიზაციის დოკუმენტალური ასახვა.
17. ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ განახორციელა 100 ტონა „ა“ კლასის, 35-55 მმ ზომის სათესლე კარტოფილის იმპორტი და 30 ტონა შეიძინა სხვა საზოგადოებისაგან. სათესლე კარტოფილი დასაწყობდა ახალქალაქის რაიონის სოფელში, მოპასუხის კუთვნილ საწყობში. როგორც რეალიზაციის პროცესში გაირკვა, იმპორტირებული კარტოფილის მთლიანი მოცულობიდან, 10 ტონა სათესლე კარტოფილი იყო აღნიშნული ზომის ფარგლებს გარეთ და შეადგენდა 55-56 მილიმეტრს, რამაც გამოიწვია რამოდენიმე ფერმერის უკმაყოფილება. ამის აღმოსაფხვრელად, მოსარჩელემ განახორციელა 22 ტონა სათესლე კარტოფილის იმპორტი, რომელიც გამიზნული იყო ფერმერთათვის მსხვილი კალიბრის კარტოფილის საკომპენსაციოდ.
18. სათესლე კარტოფილის საცალო ფასი შეადგენდა 2.7 ლარს ერთ კილოგრამზე, ხოლო, გამონაკლის შემთხვევაში, კომპანია აკეთებდა ფასდაკლებას, რომელიც შეადგენდა 10 თეთრს ერთ კილოგრამზე. საკომპენსაციოდ იმპორტირებული სათესლე კარტოფილის ფასი განისაზღვრა 1,24 ლარით ერთ კილოგრამზე.
19. 2012 წლის 4 ივნისის მდგომარეობით რეალიზებული იქნა: უნაღდო ანგარიშწორებით – 68,658,42 კგ 185377,74 ლარის ღირებულების სათესლე კარტოფილი სარეალიზაციო ფასით 2.70 ლარი 1 კილოგრამზე; ნაღდი ანგარიშწორებით – 38,960.92 კგ 104165 ლარის სათესლე კარტოფილი. აქედან 10300 კგ – 2,60 ლარად, ხოლო 28,660.92 კგ – 2.70 ლარად. ფირმის სალაროში ინახებოდა 30000 ლარი. ნაღდი ანგარიშწორებით შემოსული დანარჩენი თანხა შეტანილ იქნა ფირმის ანგარიშზე.
20. 2012 წლის 27 მაისს საწყობში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწყობში ინახება 5,100 კგ სათესლე კარტოფილი თავდაპირველი რაოდენობიდან და 12500 კგ – საკომპენსაციოდ ჩამოტანილი პარტიიდან, რაც სრულად შეადგენს 17,600 კგ-ს.
21. ამდენად, დადგინდა, რომ სულ რეალიზებული იყო 107619,34 კგ სათესლე კარტოფილი, ხოლო, საწყობში ინახებოდა 17600 კგ, რაც სულ შეადგენდა 125219,34 კგ-ს. სულ ჩამოტანილი და ადგილზე შეძენილი კარტოფილის რაოდენობა შეადგენდა 152000 კგ. შესაბამისად, განსხვავება შეადგენდა 26,780 კგ.-ს.
22. სათესლე კატროფილის რეალიზებასთან დაკავშირებულ პროცესებში გაწეული იქნა ხარჯი, რომლის დამადასტურებელი საბუთები უნდა წარედგინა მოპასუხეს.
23. ამდენად, 2012 წლის 5 ივნისის დამფუძნებელთა კრების №1 ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული კრების ოქმით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, მათ შორის, 17 600 კგ კარტოფილის დათესვა, 26 780.66 კგ კარტოფილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის კომპანიის სალაროში ან საბანკო ანგარიშზე წარმოდგენა 2012 წლის 9 ივნისის ჩათვლით, რასაც მოპასუხე ხელმოწერით დაეთანხმა. ამასთან, იმ გარემოებებს, რომ კარტოფილი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა და იგი მოპასუხის მიერ იქნა რეალიზებული, მხარეები სადავოდ არ ხდიან.
24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 ივნისის მოპასუხემ №1 დამფუძნებელთა ოქმით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა. მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს კვლავ შედგა მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №2 ოქმი, რომელსაც ესწრებოდა ორი დანარჩენი პარტნიორი და ერთ-ერთ მათგანს მინიჭებული ჰქონდა მოპასუხის ინტერესების წარმოდგენა კრებაზე.
25. დღის წესრიგის თანახმად (ერთ-ერთ საკითხად) განხორციელდა საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია, კერძოდ, ოქმის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ „სათესლე კარტოფილის და შხამქიმიკატების დანაკლისის საერთო ოდენობა შეადგენს 34,878.54 ლარს. კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული მოპასუხის უსაბუთო ხარჯი – 9,710.00 ლარს. აღნიშნულ ხარჯებს კომპანია ითვალისწინებს სრულად. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 25,168.54 ლარს. აღნიშნული თანხის ნაწილი, 15,000 ლარი, მოპასუხეს უნდა შეეტანა მოსარჩელის ანგარიშზე არაუგვიანეს 2012 წლის 10 სექტემბრისა. დარჩენილი 10,168.54 ლარიდან კომპენსაციის მიზნით (მოტივი მე-6 პუნქტში) ჩამოეწერა 5000 ლარი, ხოლო, 5,168,54 ლარი უნდა გადაეხადა ა.წ. ნოემბერში, მე-4 პუნქტში მითითებული გრაფიკით.
26. სააპელაციო სასამართლომ ოქმის მე-4 პუნქტით დაადგინა, რომ კრების №1 ოქმში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხემ არ წარმოადგინა 17,600 კგ სათესლე კარტოფილის დასათესად განკუთვნილი ნაკვეთების იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, კომპანიამ უარი თქვა, მოპასუხის განცხადებით, დათესილი 17,600 კგ-ით მიღებულ მოსალოდნელ მოსავალზე და აღნიშნული სათესლე კატროფილი ჩაითვალა დანაკლისად, ხოლო მოპასუხეს დაეკისრა აღნიშნული დავალიანების დაფარვა შემდეგი ფასებით: ა. 12,600 კგ – ერთი კგ.ს ღირებულება 1,24 ლარი, რაც შეადგენს 15,624.00 ლარს; ბ. 5100 კგ – ერთი კგ-ის ღირებულება 2,50 ლარი, რაც შეადგენს 12,750 ლარს, სულ აღნიშნული 17,600 კგ. სათესლე კარტოფილის საერთო ღირებულება შეადგენს 28,374.00 ლარს.
27. აღნიშნული თანხა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 5,168.54 ლარი (სულ 33,542.54 ლარი) მოპასუხეს უნდა შეეტანა მოსარჩელის ანგარიშზე შემდეგი გრაფიკით: 11,000 ლარი – 2012 წლის 10 ნოემბრამდე, 11 000 ლარი – 2012 წლის 25 ნოემბრამდე, 11,542.54 ლარი – 2012 წლის 15 დეკემბრამდე.
28. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს დამფუძნებელთა №2 კრების ოქმის თანახმად, ამ დროისათვის მოპასუხეს კვლავ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება 33 542.54 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა 2012 წლის 15 დეკემბრამდე.
29. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან, 2012 წლის 27 აგვისტოს დამფუძნებელთა №2 კრების დღის წესრიგი წერილობითი ფორმით არ არსებობდა, მოპასუხე არ იყო მიწვეული პარტნიორთა კრებაზე ერთი კვირით ადრე დღის წესრიგის ჩაბარების გზით, შესაბამისად, ვალის არსებობის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2012 წლის 27 აგვისტოს პარტნიორთა კრების №2 ოქმი და ამავე თარიღით შედგენილი მინდობილობა სადავო გარემოების – ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
30. პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თავისი შინაარსით №2 კრების ოქმი წარმოადგენს №1 კრების ოქმის გაგრძლებას, რომელსაც პირადად ესწრებოდა და ხელს აწერდა მოპასუხე, რომლითაც დადგინდა მოპასუხის ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
31. ამდენად, მოპასუხემ საზოგადოების წინაშე ზემოაღნიშნული ვალდებულებები იკისრა №1 და არა №2 კრების ოქმით. რაც შეეხება №2 კრების ოქმს, აღნიშნულით განხორციელდა დამფუძნებელთა კრების №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია, ამ დროისათვის დავალიანების დადგენა და მისი გადახდისთვის გრაფიკის შესაბამისად გადანაწილება.
32. ამასთან, საქმეში არსებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერიდან ნათლად ირკვევა, რომ მოპასუხემ იცოდა კრების ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მე-40 წამიდან 1 წთ და 20 წამამდე, სადაც ნოტარიუსი გარკვევით განუმარტავს მოპასუხეს, რომ პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კრებაზე და ამ საკითხების გადაწყვეტისას მისი წარმომადგენელი იქნება ერთ-ერთი პარტნიორი, რაზეც ის აცხადებს, რომ საკუთარი ნებით გასცემს მინდობილობას.
33. საქმეში წარმოდგენილია ასევე წერილობით შედგენილი და ნოტარულად დამოწმებული მინდობილობა. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ გასცა მინდობილობა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან იცოდა დღის წესრიგის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მინდობილობა გაცემულია 2012 წლის 27 აგვისტოს, ანუ იმავე დღეს, როდესაც ჩატარდა კრება.
34. რაც შეეხება მინდობილობის კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მინდობილობის შინაარსთან და მინიჭებული უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით მინდობილობის გამცემსა და მინდობილ პირს შორის სადავო საკითხები წარმოადგენს ცალკე დავის საგანს და მან არ შეიძლება გავლენა იქონიოს კომპანიასა და მოპასუხეს შორის არსებულ დავაზე.
35. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ამ საკითხზე დავა არ არსებობს (მოპასუხის მიერ არ არის აღძრული სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელი), სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობა იმსჯელოს მინდობილობის კანონიერების საკითხზე. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მინდობილობით წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება, მოპასუხის ნაცვლად ხელი მოეწერა კრების ოქმზე და ამ გზით დაედასტურებინა მოპასუხის ვალდებულება კომპანიის მიმართ.
36. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ დამფუძნებელთა №2 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით ამ საქმეზე აღძრული შეგებებული სარჩელი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
37. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელზე დართული ზემოაღნიშნული კრების ოქმებით დაადასტურა მოპასუხის ვალდებულების არსებობა საზოგადოების წინაშე 33 542.54 ლარის ოდენობით. თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ წარადგინა საზოგადოების წინაშე არსებული ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების 33 542.54 ლარის გადახდა.
38. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვდა ძირითადი დავალიანების – 33 542.54 ლარის 12%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, დავალიანების წარმოშობიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე.
39. განსახილველ საქმეზე სადავო არ არის ის გარემოება, რომ საზოგადოების კუთვნილი კარტოფილი გასხვისდა ხ. წ.-ის მიერ, რის სანაცვლოდ, მან დათქმულ ვადაში არ წარადგინა რეალიზებული კარტოფილის შესაბამისი თანხა (33 542.54 ლარი) კომპანიის სალაროში (საბანკო ანგარიშზე).
40. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ რეალიზებული კარტოფილის ღირებულების დროულად გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე ამ თანხის განთავსებით მიეღო სარგებელი საბანკო საპროცენტო განაკვეთის სახით (წლიური 12%), რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს 2012 წლის 15 დეკემბრიდან (დავალიანების წარმოშობის მომენტი) დავალიანების სრულად დაფარვამდე (სსკ-ის 411-ე მუხლი).
41. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლს, აღნიშნული ნორმა არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (სუსგ №ას-725-693-2014, 3 ივლისი 2015 წელი).
42. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი დავალიანების წლიური 12%-ის გადახდა 2012 წლის 15 დეკემბრიდან (დავალიანების წარმოშობის მომენტი) დავალიანების სრულად დაფარვამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
44. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
45. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოსარჩელის №1 და №2 კრების ოქმები. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, მოპასუხის ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
46. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის №1 და №2 კრების ოქმები ჩათვალა უტყუარ მტკიცებულებებად და მათზე დაყრდნობით გააკეთა ბუღალტრული გაანგარიშება, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ახსნა-განმარტება და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება (გაანგარიშება) დანახარჯების შესახებ. №2 კრების ოქმის შედგენის მომენტისთვის მოსარჩელეს გააჩნდა მოპასუხის მხრიდან სრული და უტყუარი ინფორმაცია №1 ოქმში მითითებულ საკითხებზე. მოსარჩელეს კი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ამდენად, სასამართლომ მხარეებს შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში ბუღალტრული დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა ზემოთ მითითებულ ოქმებში აღნიშნული დანახარჯების ნამდვილობა. ზარალის არსებობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციით. მოსარჩელის ოქმებს კი ასეთი საფუძველი არ გააჩნია.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ №2 კრების ჩატარების მომენტისთვის მოპასუხეს გააჩნდა მთლიანად მოსარჩელის დავალიანება 33542.5 ლარის ოდენობით.
48. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხემ იცოდა კრების დღის წესრიგი მაშინ, როცა ასეთი დღის წესრიგი საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ვერ ჩაბარდებოდა.
49. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის №2 კრების ოქმი წარმოადგენს №1 ოქმის გაგრძელებას, ამასთან, არ გაითვალისწინა №1 კრების ჩატარებიდან №2 კრების ოქმის გაფორმებამდე მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები (შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოსარჩელისათვის გახარჯული თანხების შესახებ, წერილობითი გაანგარიშება და სხვა მტკიცებულებები), რომელიც ასახული უნდა ყოფილიყო მოსარჩელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში და რომელთა წარმოდგენაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
50. 2012 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ გასცა სანოტარო მინდობილობა ერთ-ერთი პარტნიორის სახელზე, რომლითაც მიანიჭა ამ უკანასკნელს უფლებამოსილება, მიეღო მონაწილეობა მას პარტნიორთა კრებაზე, თუმცა ვალის აღიარების თაობაზე მინდობილობაში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება, ეღიარებინა მოპასუხის ვალი მოსარჩელის წინაშე.
51. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის კრების №1 ოქმის შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა ნაკვეთების მოძიება, ზედამხედველობის გაწევა და საჭირო აგროტექნიკური სამუშაოების უზრუნველყოფა. მას დოკუმენტალურად უნდა წარმოედგინა რეალიზაციის პროცესში გაწეული ხარჯები, ამასთან, გაურკვეველია მოპასუხის სტატუსი (თანამდებობა) მოსარჩელის საზოგადოებაში.
52. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, კასატორმა განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხე მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორს წარმოადგენდა, მაგრამ მისთვის კრების ოქმით დაკისრებული მოვალეობები განეკუთვნება საქართველოს შრომის და სამოქალაქო კოდექსებით რეგულირების სფეროს (ანაზღაურებადი სამუშაო, შრომითი დასაქმება). მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ახორციელებდა ფაქტობრივი მატერიალური ფასეულობების შენახვას, გაყიდვას (გადაცემას) და წარმოების პროცესში გამოყენებასი მასთან წერილობით ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ არ დადებულა, შესაბამისად, მას რომც მიეყენებინა ზიანი საწარმოსთვის ნებსით თუ უნებლიედ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი სრული მოცულობით მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.
53. კასატორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 105-ე მუხლის გვერდის ავლით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის №1 და №2 ოქმებს მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა და სხვა მტკიცებულებები (მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, დანახარჯების გაანგარიშება, ფირმის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია) საერთოდ დატოვა განხილვის და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის დავალიანება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური განხილვიდან, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
55. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
56. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე საზოგადოება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 28 ივლისიდან.
57. 2012 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მომზადებული ამონაწერის თანახმად, საზოგადოებას ჰყავდა სამი პარტნიორი 33%, 34% წილებით, ხოლო მოპასუხის კუთვნილი წილი შეადგენდა 33%-ს.
58. 2013 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერის თანახმად, პარტნიორებად 33% და 67% წილის მფლობელებად აღრიცხულნი იყვნენ დანარჩენი ორი პარტნიორი, ხოლო მოპასუხე ნახსენები არ ყოფილა.
59. 2013 წლის 14 იანვრიდან შპს-ს 100% წილის პარტნიორი და დირექტორი იყო 67% წილის მფლობელი პარტნიორი.
60. 2012 წლის 5 ივნისს შედგა მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №1 ოქმი. კრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი წევრები და ამავდროულად პატრნიორები, მათ შორის, მოპასუხეც.
61. კრების ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამივე დამფუძნებელი (პარტნიორი) დადგინდა შემდეგი: 1. დაითესოს 17600 კგ. კარტოფილი ახალქალაქის რაიონში; 2. მოპასუხემ უზრუნველყოს შესაბამისი ნაკვეთის მოძიება, ზედამხედველობა გაუწიოს და უზრუნველყოს საჭირო აგროტექნიკური სამუშაოები; 3. მოპასუხემ დოკუმენტალურად წარმოადგინოს რეალიზაციის პროცესში გაწეული ხარჯი; 4. წარმოადგინოს 26,780.66 კილოგრამის რეალიზაციიდან ამონაგები კომპანიის სალაროში ან საბანკო ანგარიშზე 2012 წლის 9 ივნისის ჩათვლით და რეალიზაციის დოკუმენტალური ასახვა.
62. ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ განახორციელა 100 ტონა „ა“ კლასის, 35-55 მმ ზომის სათესლე კარტოფილის იმპორტი და 30 ტონა შეიძინა სხვა საზოგადოებისაგან. სათესლე კარტოფილი დასაწყობდა ახალქალაქის რაიონის სოფელში, მოპასუხის კუთვნილ საწყობში. როგორც რეალიზაციის პროცესში გაირკვა, იმპორტირებული კარტოფილის მთლიანი მოცულობიდან, 10 ტონა სათესლე კარტოფილი იყო აღნიშნული ზომის ფარგლებს გარეთ და შეადგენდა 55-56 მილიმეტრს, რამაც გამოიწვია რამოდენიმე ფერმერის უკმაყოფილება. ამის აღმოსაფხვრელად, მოსარჩელემ განახორციელა 22 ტონა სათესლე კარტოფილის იმპორტი, რომელიც გამიზნული იყო ფერმერთათვის მსხვილი კალიბრის კარტოფილის საკომპენსაციოდ.
63. სათესლე კარტოფილის საცალო ფასი შეადგენდა 2.7 ლარს ერთ კილოგრამზე, ხოლო, გამონაკლის შემთხვევაში, კომპანია აკეთებდა ფასდაკლებას, რომელიც შეადგენდა 10 თეთრს ერთ კილოგრამზე. საკომპენსაციოდ იმპორტირებული სათესლე კარტოფილის ფასი განისაზღვრა 1,24 ლარით ერთ კილოგრამზე.
64. 2012 წლის 4 ივნისის მდგომარეობით რეალიზებული იქნა: უნაღდო ანგარიშწორებით – 68,658,42 კგ 185377,74 ლარის ღირებულების სათესლე კარტოფილი სარეალიზაციო ფასით 2.70 ლარი 1 კილოგრამზე; ნაღდი ანგარიშწორებით – 38,960.92 კგ 104165 ლარის სათესლე კარტოფილი. აქედან 10300 კგ – 2,60 ლარად, ხოლო 28,660.92 კგ – 2.70 ლარად. ფირმის სალაროში ინახებოდა 30000 ლარი. ნაღდი ანგარიშწორებით შემოსული დანარჩენი თანხა შეტანილ იქნა ფირმის ანგარიშზე.
65. 2012 წლის 27 მაისს საწყობში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწყობში ინახება 5,100 კგ სათესლე კარტოფილი თავდაპირველი რაოდენობიდან და 12500 კგ – საკომპენსაციოდ ჩამოტანილი პარტიიდან, რაც სრულად შეადგენს 17,600 კგ-ს.
66. ამდენად, დადგინდა, რომ სულ რეალიზებული იყო 107619,34 კგ სათესლე კარტოფილი, ხოლო, საწყობში ინახებოდა 17600 კგ, რაც სულ შეადგენდა 125219,34 კგ-ს. სულ ჩამოტანილი და ადგილზე შეძენილი კარტოფილის რაოდენობა შეადგენდა 152000 კგ. შესაბამისად, განსხვავება შეადგენდა 26,780 კგ.-ს.
67. სათესლე კატროფილის რეალიზებასთან დაკავშირებულ პროცესებში გაწეული იქნა ხარჯი, რომლის დამადასტურებელი საბუთები უნდა წარედგინა მოპასუხეს.
68. ამდენად, 2012 წლის 5 ივნისის დამფუძნებელთა კრების №1 ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული კრების ოქმით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, მათ შორის, 17 600 კგ კარტოფილის დათესვა, 26 780.66 კგ კარტოფილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის კომპანიის სალაროში ან საბანკო ანგარიშზე წარმოდგენა 2012 წლის 9 ივნისის ჩათვლით, რასაც მოპასუხე ხელმოწერით დაეთანხმა. ამასთან, იმ გარემოებებს, რომ კარტოფილი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა და იგი მოპასუხის მიერ იქნა რეალიზებული, მხარეები სადავოდ არ ხდიან.
69. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 ივნისის მოპასუხემ №1 დამფუძნებელთა ოქმით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა. მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს კვლავ შედგა მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №2 ოქმი, რომელსაც ესწრებოდა ორი დანარჩენი პარტნიორი და ერთ-ერთ მათგანს მინიჭებული ჰქონდა მოპასუხის ინტერესების წარმოდგენა კრებაზე.
70. დღის წესრიგის თანახმად (ერთ-ერთ საკითხად) განხორციელდა საზოგადოების დამფუძნებელთა კრების №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების რევიზია. კერძოდ, ოქმის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ „სათესლე კარტოფილის და შხამქიმიკატების დანაკლისის საერთო ოდენობა შეადგენს 34,878.54 ლარს. კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებული მოპასუხის უსაბუთო ხარჯი – 9,710.00 ლარს. აღნიშნულ ხარჯებს კომპანია ითვალისწინებს სრულად. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 25,168.54 ლარს. აღნიშნული თანხის ნაწილი, 15,000 ლარი, მოპასუხეს უნდა შეეტანა მოსარჩელის ანგარიშზე არაუგვიანეს 2012 წლის 10 სექტემბრისა. დარჩენილი 10,168.54 ლარიდან კომპენსაციის მიზნით (მოტივი მე-6 პუნქტში) ჩამოეწერა 5000 ლარი, ხოლო, 5,168,54 ლარი უნდა გადაეხადა ა.წ. ნოემბერში, მე-4 პუნქტში მითითებული გრაფიკით.
71. სააპელაციო სასამართლომ ოქმის მე-4 პუნქტით დაადგინა, რომ კრების №1 ოქმში მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მოპასუხემ არ წარმოადგინა 17,600 კგ სათესლე კარტოფილის დასათესად განკუთვნილი ნაკვეთების იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, კომპანიამ უარი თქვა, მოპასუხის განცხადებით, დათესილი 17,600 კგ-ით მიღებულ მოსალოდნელ მოსავალზე და აღნიშნული სათესლე კატროფილი ჩაითვალა დანაკლისად, ხოლო მოპასუხეს დაეკისრა აღნიშნული დავალიანების დაფარვა შემდეგი ფასებით: ა. 12,600 კგ – ერთი კგ.ს ღირებულება 1,24 ლარი, რაც შეადგენს 15,624.00 ლარს; ბ. 5100 კგ – ერთი კგ-ის ღირებულება 2,50 ლარი, რაც შეადგენს 12,750 ლარს, სულ აღნიშნული 17,600 კგ. სათესლე კარტოფილის საერთო ღირებულება შეადგენს 28,374.00 ლარს.
72. აღნიშნული თანხა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 5,168.54 ლარი (სულ 33,542.54 ლარი) მოპასუხეს უნდა შეეტანა მოსარჩელის ანგარიშზე შემდეგი გრაფიკით: 11,000 ლარი – 2012 წლის 10 ნოემბრამდე, 11 000 ლარი – 2012 წლის 25 ნოემბრამდე, 11,542.54 ლარი – 2012 წლის 15 დეკემბრამდე.
73. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს დამფუძნებელთა №2 კრების ოქმის თანახმად, ამ დროისათვის მოპასუხეს კვლავ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება 33 542.54 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა 2012 წლის 15 დეკემბრამდე.
74. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
75. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
76. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
77. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ შეუფასებია, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მოპასუხესა და მოსარჩელე საზოგადოებას შორის, რის საფუძველზეც წარმოიშვა სადავო ვალდებულება.
78. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია მოსარჩელე საზოგადოების მხრიდან მოპასუხისათვის კონკრეტული დავალებების მიცემის ფაქტი და თავად მხარეც ადასტურებს მათი ჯეროვნად შესრულებისათვის გარკვეული ღონისძიების განხორციელების საჭიროებას (იხ. 2012 წლის 5 ივნისის კრების №1 ოქმი), ხოლო დამფუძნებელთა №2 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით ამ საქმეზე აღძრული შეგებებული სარჩელი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ურთიერთობის არსებობა უტყუარად დაადგინა.
79. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოცემული ურთიერთობის შრომით-სამართლებრივ სიბრტყეში დაკვალიფიცირების აუცილებლობა და, ასევე, ვერ მიუთითა, კონკრეტულად რა სახის გავლენას მოახდენდა ამგვარი შეფასება სადავო ვალდებულების შესრულებაზე, ამავდროულად, ხომ არ წარმოიშვა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, თუნდაც, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე.
80. ამდენად, კასატორის ზემოთ მოყვანილი არგუმენტი იურიდიული თვალსაზრისით საკმარისად დამაჯერებელი არ არის და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის (სადავო ვალდებულების შესრულების დაკისრებასთან დაკავშირებით) უკანონობაზე არ მეტყველებს. სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას სასამართლოს მიერ დადგენილი დავის გადაწყვეტის შედეგის უკანონობას უკავშირებს.
81. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს მისთვის სადავო კრების დღის წესრიგის შედგენასა და შეტყობინებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ დღის წესრიგის მოპასუხისათვის შეტყობინების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, რომელიც ადასტურებს არა მხოლოდ მინდობილობის გაცემის ფაქტს, არამედ მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ფაქტსაც, რომ მოპასუხემ იცოდა დღის წესრიგის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მინდობილობა გაცემულია 2012 წლის 27 აგვისტოს, ანუ იმავე დღეს, როდესაც ჩატარდა კრება.
82. ამ კუთხით დასაბუთებულია სააპელაცო პალატის მსჯელობა, რომლის თანახმად არ იქნა გაზაირებული საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ ვინაიდან 2012 წლის 27 აგვისტოს დამფუძნებელთა №2 კრების დღის წესრიგი წერილობითი ფორმით არ არსებობდა, მოპასუხე არ იყო მიწვეული პარტნიორთა კრებაზე ერთი კვირით ადრე დღის წესრიგის ჩაბარების გზით, შესაბამისად, ვალის არსებობის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2012 წლის 27 აგვისტოს პარტნიორთა კრების №2 ოქმი და ამავე თარიღით შედგენილი მინდობილობა სადავო ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
83. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის მხრიდან ვალის აღიარებასთან დაკავშირებითაც, რადგან მინდობილობის ნამდვილობის შემოწმება მოცემული დავის ფარგლებს სცდება და წინამდებარე საქმის განხილვისას სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
84. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
85. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
86. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
87. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
88. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
89. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. გ.-ას მიერ 2017 წლის 1 მარტს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 1150 ლარისა და 2017 წლის 7 მარტს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 1131 ლარი, სულ 2281 ლარის 70% – 1596,7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ხ. წ.-ის (პირადი №.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. გ.-ას მიერ 2017 წლის 1 მარტს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 1150 ლარისა და 2017 წლის 7 მარტს №. საგადახდო დავალებით გადახდილი 1131 ლარი, სულ 2281 ლარის 70% – 1596,7 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე