საქმე №080210016001232003
საქმე №ას-278-263-2017 21 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ბ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.-ა“, ბ. თ.ე, თ. კ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა. ბ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.-ას“ (შემდგომში – აპელანტი მოპასუხე), შპს „კ.-ეს“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება), ბ. თ.ისა და თ. კ.-ის (შემდგომში – მოპასუხე ფიზიკური პირები) მიმართ სოლიდარულად ზიანის – 6400 აშშ დოლარის ეკვივალენტი 15500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 2 ივლისს დაახლოებით 11 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის კურორტ ს.-ის, მ.-ის ტერიტორიაზე გამავალი, მაღალი 10 კვ. ძაბვის საჯარო ელექტროგადამცემი ხაზიდან დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, 29 წლის მოსარჩელის შვილი. სიკვდილის მიზეზი გახდა მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის (რომლის ექსპლუატაციას ახორციელებდნენ მოპასუხე საზოგადოებები) დაცვის ზონაში, უშუალოდ ხაზის ქვეშ მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ 10 ტონის ტევადობის ლითონის წყლის ავზის კანონდარღვევით განთავსება, რომლიდანაც დაგროვილი წყალი თვითდინებით მიეწოდებოდა მათ თანასაკუთრებაში რიცხულ სამსართულიან დასასვენებელ სახლს. მიუხედავად მოსარჩელის შვილის დაკრძალვასა და საფლავის მოწყობაზე გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯებისა, მოპასუხეებს არანაირი მატერიალური დახმარება გარდაცვლილის ოჯახისათვის არ გაუწევიათ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელს მოპასუხე საზოგადოების მიმართ ეთქვა უარი, დანარჩენი მოპასუხეების წინააღმდეგ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ფიზიკურ პირებსა და აპელანტ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 15500 ლარის ანაზღაურება, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა აპელანტი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 465 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სარჩელი აპელანტი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე ფიზიკურ პირებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 10 000 ლარისა და 300 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს მოწყობილი ჰქონდათ დასასვენებელი სახლი.
7. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლითაც აპელანტი მოპასუხე თავის აბონენტებს აწვდის ელექტროენერგიას.
8. მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ დადგეს 10 ტონის ტევადობის წყლის ავზი, რის შედეგად მანძილი წყლის ავზის ზედაპირსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ქვედა სადენებს შორის გახდა დაახლოებით 150 სმ.
9. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო აპელანტი მოპასუხისათვის და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ავზის განთავსების დაუშვებლობის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა ავზის მესაკუთრეები გააფრთხილეს, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყვეტიათ. აპელანტის განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიიდან მომავალი საფრთხე „იმწუთიერი და რეალური“ არ იყო.
10. 2015 წლის 2 ივლისს მოსარჩელის სრულწლოვანი შვილი აძვრა ლითონის ავზზე და ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპა. მისი დაკრძალვისათვის, ასევე, სარიტუალო და ტრადიციული მომსახურების ორგანიზებისათვის მოპასუხემ დახარჯა 15500 ლარი.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 408-ე, 409-ე, 415-ე, 992-ე, 997-ე, 998-ე, მე-1000 მუხლების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №340 დადგენილებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების საფუძველზე მართებულად დაადგინა, რომ აპელანტი მოპასუხე დამდგარ შედეგზე პასუხისმგებელი იყო.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ დარღვევის აღმოჩენისთავე მას ელექტროენერგიის მიწოდება არ უნდა შეეწყვიტა, რადგან საფრთხე „იმწუთიერი და რეალური“ არ იყო.
13. საპელაციო პალატა აღნიშნა, რომ სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტს საფრთხის შემცველი ელექტროენერგიის მიწოდება უნდა შეეწყვიტა დაუყოვნებლივ, რადგან ელექტროენერგიის გატარებით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე, უთუოდ, ემუქრებოდა და აღნიშნული საფრთხის რეალური ხასიათი დადასტურდა კიდეც. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილი, სადაც ავზი იდგა, წარმოადგენდა ტურისტულ და დასასვენებელ ზონას.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მანძილი ლითონის ავზის ზედაპირსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შორის შეადგენდა 150 სმ-ს, თუმცა ელექტროენერგია ადამიანზე სახიფათოდ ზემოქმედებდა გადამცემ ხაზთან 10-15 სმ-ით მიახლოების შემთხვევაშიც, რაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ზემოქმედების ქვეშ მოექცეოდა არა მარტო ავზზე ასული ზრდასრული ადამიანი, არამედ ბავშვიც, ხოლო იმის საფრთხე, რომ ავზის ზედაპირზე ასვლა დასასვენებლად ჩასულ ბავშვებს ეცადათ, ყოველთვის არსებობდა. გარდა ამისა, ექსპერტის დასკვნით დგინდება ისიც, რომ ლითონის ავზს დამიწებაც კი არ ჰქონდა. შესაბამისად, ხაზის ავარიისას უბედური შემთხვევის გამოწვევა შეეძლო ავზთან მიახლოებასაც.
15. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენებაზე, რომ აპელანტ მოპასუხის მთავარ ინჟინერს უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე არსებული სიტუაცია საგანგაშოდ, „ძალიან ცუდად“ მიუჩნევია და აღნიშნულის თაობაზე ავზის მესაკუთრეები გაუფრთხილებია კიდეც. მისი ჩვენების თანახმად, არა მარტო, ავზის ექსპლუატაცია, არამედ მისი დადგმაც კი ელექტროენერგიის გათიშვის გარეშე სახიფათო იყო.
16. ამგვარად, ნათელია, რომ საფრთხის აღმოჩენისთანავე, მის აღმოფხვრამდე აპელანტს ელექტროენერგიის მიწოდება უნდა შეეწყვიტა, რაც მას არ გაუკეთებია. ე.ი. მისი ქმედება არამართლზომიერი იყო.
17. სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია ისიც, რომ უბედური შემთხვევა სწორედ ამ არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია და აპელანტს ამ შედეგის გათვალისწინება შეეძლო და უნდა გაეთვალისწინებინა კიდეც. აღნიშნულის გამო, საქალაქო სასამართლომ აპელანტს ზიანის ანაზღაურება მართებულად დააკისრა, თუმცა, ამავდროულად, დადგენილია ისიც, რომ უბედური შემთხვევა, მხოლოდ, აპელანტის უმოქმედობას არ გამოუწვევია. სადაც არ უნდა ყოფილიყო განთავსებული ლითონის ავზი, მოსარჩელის შვილი არ დაიღუპებოდა, თუ მასზე არ ავიდოდა. მიუხედავად ხშირი ფოთლებისა, იგი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ავზის ზედაპირზე ასვლისას მაინც უთუოდ დაინახავდა. ამიტომ, მას გონივრული წინდახედულება უნდა გამოეჩინა და ხაზებს არ უნდა მიახლოებოდა.
18. მითუმეტეს, რომ მოწმის ჩვენებით, გარდაცვლილი კურორტის ტერიტორიაზე არაერთხელ იმყოფებოდა, ხოლო სხვა მოწმის მითითებით, ავზის თავზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზებით ადამიანები და ცხოველები ადრეც დაზიანებულან. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის შვილს უთუოდ ეცოდინებოდა.
19. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანის წამოშობას თავად დაზარალებულის მოქმედებამაც შეუწყო ხელი.
20. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს, რომ აპელანტის ბრალი დამდგარ შედეგში ბევრად უფრო მაღალია, თუმცა, სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის ქმედების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს, არა მარტო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, არამედ ანაზღაურების მოცულობაც. აპელანტი არის საწარმო, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექსპლუატაციას უწევს მომეტებული საფრთხის წყაროს. ეს კი მას განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული ვალდებულებები აპელანტმა დაარღვია და მის გაუფრთხილებელ ქმედებას მოჰყვა უმძიმესი შედეგი – ადამიანის სიკვდილი. ამიტომ, სააპელაციო პალატამ დამდარ შედეგში აპელანტის ბრალი დაზარალებულის ბრალთან შედარებით ორმაგად მძიმედ შეაფასა. აღნიშნულის შესაბამისად, მხარეთა პასუხისმგებლობა დაახლოებით 2/3 – 1/3-ზე შეფარდებით უნდა განისაზღვროს. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს 10 000 ლარი უნდა გადაუხადოს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული დანაწესი. კანონის ამგვარ დარღვევას, რომელიც განსაზღვრულია სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოპასუხეთა მიერ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობის შემცირების ნაწილში.
23. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ უბედური შემთხვევა მხოლოდ აპელანტი მოპასუხის უმოქმედობას არ გამოუწვევია და ზიანის წარმოშობას დაზარალებულის ქმედებამაც შეუწყო ხელი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო ზოგჯერ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების დამოუკიდებელი აბსოლუტური საფუძველია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტები.
24. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი მოსარჩელის შვილი წყლის ავზზე ავიდა (სააპელაციო პალატამ ერთგან ამ ქმედების აღსანიშნავად მიუთითა ტერმინი „აძრომასაც“, რაც სწორი არ არის) არამართლზომიერად ან ეს ქმედება არ წარმოადგენდა კურორტზე ახალგაზრდა დამსვენებლის ნორმალურ ქმედებას. სააპელაციო პალატამ თავად გაუსვა ხაზი და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადგილი, სადაც ავზი იდგა, წარმოადგენდა ტურისტულ და დასასვენებელ ზონას. აპელანტმა მოპასუხემ თავისი არამარლზომიერი უმოქმედობით შექმნა და ხანგრძლივად არ აღკვეთა ადამიანთა სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე არადამაჯერებელია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო განთავსებული ლითონის ავზი, კასატორის შვილი არ დაიღუპებოდა, თუ მასზე არ ავიდოდა.
25. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არსებითად გაიზიარა ექსპერტიზის 2015 წლის 31 აგვისტოს №71 დასკვნა იმის შესახებ, რომ ლითონის წყლის ავზის მიმდებარედ, არსებული წესების შესაბამისად, მოწყობილი არ ყოფილა ამკრძალავი გამაფრთხილებელი ან მიმთითებელი უსაფრთხოების რაიმე პლაკატი, ავზის ირგვლივ არ არსებობდა შემორაგვა და უშუალოდ წყლის ავზის ზედა მხარეს გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სადენები ნაწილობრივ დაფარული იყო ტყის ფოთლოვანი ხეების ტოტებით. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მაინც დაასკვნა, რომ მიუხედავად ხშირი ფოთლებისა, მოსარჩელის შვილი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს ავზის ზედაპირზე ასვლისას მაინც უეჭველად დაინახავდა, ამიტომ მას გონივრული წინდახედულება უნდა გამოეჩინა და ხაზებს არ უნდა მიახლოებოდა.
26. კასატორმა განმარტა, რომ მისი შვილი საერთოდ არ შეხებია ელექტროგადამცემ ხაზს, როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო დადგენილად თვლიდა. ამასთან, საქმის მასალებით არ მტკიცდება მოსარჩელის შვილი წყლის ავზზე ასვლისას შეეხო თუ არა ელექტროგადამცემ ხაზს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მანძილი ლითონის ავზის ზედაპირსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შორის შეადგენდა 150 სმ-ს, თუმცა ელექტროენერგია ადამიანზე სახიფათოდ ზემოქმედებდა გადამცემ ხაზთან 10-15 სმ-ით მიახლოების შემთხვევაშიც.
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კატეგორიული ფორმით არის გადმოცემული, რომ ელექტროგადამცემი ხაზის სადენები ნაწილობრივ დაფარული იყო რა ტყის ფოთლოვანი ხეების ტოტებით, არსებული რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით სადენების შემჩნევა ქვემოდან, კერძოდ, გზიდან ნორმალური მხედველობის მქონე გარეშე პირთა მხრიდან ვერ მოხდებოდა, განსაკუთრებით ისეთ მზიან ამინდში, როგორიც იყო შემთხვევის დროს. იმავე შინაარსის ჩვენება მისცა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს.
28. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მოწმეების ჩვენება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის შვილი კურორტის ტერიტორიაზე არაერთხელ იმყოფებოდა, ავზის თავზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზებით ადამიანები და ცხოველები ადრეც დაზარალებულან. პალატის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის შვილს უთუოდ ეცოდინებოდა.
29. კასატორმა განმარტა, რომ მისი შვილი, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნულ კურორტზე ისვენებდა პირველად თავის ნათესავებთან, რომლებსაც ზოგჯერ საოჯახო საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა. საქმეზე მოწმედ დაკითხულმა აღნიშნულმა ნათესავებმა მიუთითეს, რომ მათ არაფერი უთქვამთ წყლის ავზზე გამავალი ელექტროსადენების და ამით შექმნილი საფრთხის შესახებ, არც რაიმე დავალებით გაუგზავნიათ იქ. სასამართლომ კი მათი ჩვენება არასწორად გაიგო. მოწმეები გულისხმობდნენ, რომ მოსარჩელის შვილი, როგორც დამსვენებელი, ყოველდღიურად არაერთხელ გადაადგილდებოდა კურორტის ტერიტორიაზე, სადაც ტურისტული და დასასვენებელი ზონაა. მოწმეთა დასასვენებელი სახლი სხვა ადგილას მდებარეობს, ხოლო შემთხვევა სხვაგან მოხდა.
30. მიუხედავად იმისა, რომ პალატამ გადაწყვეტილებაში სწორად გამოკვეთა აპელანტი მოპასუხის განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების ვალდებულება და მართებულად დაადგინა, რომ მან ეს ვალდებულება უხეშად დაარღვია, რასაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი – ადამიანის სიკვდილი, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის პოზიცია ზიანის წარმოშობაში დაზარალებულის მოქმედების ხელშეწყობის შესახებ მცდარია, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასეთი ხელშეწყობა არ დასტურდება.
31. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, რა ოდენობის თანხა უნდა გადაიხადონ მოპასუხეებმა სოლიდარულად.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს მოწყობილი ჰქონდათ დასასვენებელი სახლი.
35. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლითაც აპელანტი მოპასუხე თავის აბონენტებს აწვდის ელექტროენერგიას.
36. მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ დადგეს 10 ტონის ტევადობის წყლის ავზი, რის შედეგად მანძილი წყლის ავზის ზედაპირსა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ქვედა სადენებს შორის გახდა დაახლოებით 150 სმ.
37. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო აპელანტი მოპასუხისათვის და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ავზის განთავსების დაუშვებლობის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა ავზის მესაკუთრეები გააფრთხილეს, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყვეტიათ. აპელანტის განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიიდან მომავალი საფრთხე „იმწუთიერი და რეალური“ არ იყო.
38. 2015 წლის 2 ივლისს მოსარჩელის სრულწლოვანი შვილი ავიდა ლითონის ავზზე და ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპა. მისი დაკრძალვისათვის, ასევე, სარიტუალო და ტრადიციული მომსახურების ორგანიზებისათვის მოპასუხემ დახარჯა 15500 ლარი.
39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა აპელანტი მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის შემცირებას და მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის 1/3-ის მოსარჩელის შვილისათვისა დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა 415-ე მუხლი.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
42. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად არ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხარეთა შორის პასუხისმგებლობის არასწორად განაწილების თაობაზე.
43. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
44. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: 1. უნდა დადგინდეს ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
45. სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
46. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.
47. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ მოპასუხეთა ბრალეულობა კასატორის შვილის გარდაცვალებასა და კასატორისათვის მიყენებული მატერიალური დანაკლისის მიმართ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის წარმომშობი ფაქტი გარკვეულწილად გამოიწვია კასატორის შვილის მხრიდან წინდაუხედაობის გამოჩენამ.
48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში მხარემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტებს, კერძოდ, რომ მიუხედავად ხშირი ფოთლებისა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ავზის ზედაპირზე ასვლისას კარგად ჩანდა, შესაბამისად, მათთან მიახლოება რეალურად საფრთხის შემცველი იქნებდა. მითუმეტეს, რომ მოწმის ჩვენებით, გარდაცვლილი კურორტის ტერიტორიაზე არაერთხელ იმყოფებოდა.
49. განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ მისი შვილი აღნიშნულ კურორტზე პირველად ისვენებდა და მოწმე თავისი განმარტებისას გულისხმობდა არა კურორტზე მანამდე მისი არაერთხელ დასვენების ფაქტს, არამედ იმას, რომ გარდაცვლილი ხშირად მოძრაობდა ელექტროხაზების სადავო მონაკვეთზე პირველად დასვენებისას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია გადამცემი ხაზების ვიზუალიზაციის საკითხი, რაც თუნდაც რამდენიმე გავლითაც შესაძლებელია დაფიქსირდეს.
50. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაუგებრად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აპელანტ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად, თანაბარწილად 10 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, მითითებული კუთხით გადაწყვეტილება რაიმე პროცესუალურ ან სხვა სახის დარღვევებს არ შეიცავს.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ ) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ბ.-ისა და გ. გ.-ის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს № საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. ბ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ბ.-ისა და გ. გ.-ის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური