Facebook Twitter

საქმე № 330210015001320580

საქმე №ას-327-309-2017 21 აპრილი, 2017 წელი

№ას-327-309-2017 განათლების სამინისტრო ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ს.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – 300 000 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 9 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მ.-ზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში მოპასუხის კუთვნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება მოსარჩელის მითითებით. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულება – 300 000 ლარი საავანსო საბანკო გარანტიის სახით, ხოლო მოპასუხეს ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად უნდა წარედგინა მედია-გეგმა ან/და სხვა შესაბამისი საბუთები.

3. მოსარჩელის მითითებით, მან ნასყიდობის საგნის ღირებულება 2012 წლის 1 მარტს გადაიხადა, თუმცა მოპახუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ამოწურვის თარიღად განსაზღვრული იყო 2012 წლის 9 მაისი. შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 10 მაისს, რაზე ხელმოწერითაც მოსარჩელემ დაადასტურა მომსახურების სრულყოფილად მიღებისა და პრეტენზიის არქონის ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 000 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საჩივრის ავტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 სექტემბრის სასამართლოს მთავარ სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები – გ. შ.-ე და ნ. მ.-ე და მოპასუხის წარმომადგენელი – თ. მ.-ი. აღნიშნული სასამართლო პროცესი, მხარეთა მორიგების მიზნით, გადაიდო 2015 წლის 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე. მხარეებმა სხდომის დღის შესახებ ცნობის თაობაზე გაფრთხილება დაადასტურეს ხელმოწერებით. სასამართლო სხდომაზე დაბარებისა და გამოუცხადებლობის შესახებ ხელწერილზე არსებობს მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა.

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომა გაიხსნა 11:10:41 საათზე. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე არ გამოცხადდა. საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დააკმაყოფილა.

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს 2015 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომის გახსნის განსაზღვულ დრომდე – 11:00 საათამდე სასამართლოსათვის არ მიუმართავს და გამოუცხდებლობის მიზეზები არ უცნობებია.

10. საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვიზიტი მოპასუხის წარმომადგენელთან განხორციელდა 2015 წლის 21 ოქტომბერს, 12:42 საათზე. ასევე, წარმოდგენილია 2015 წლის 21 ოქტომბერს მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დოკუმენტი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, მოპასუხის რწმუნებულის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს მითითებას უშუალოდ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა ცნობაში ასახული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი სასამართლოსათვის იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მხარის გამოუცხადებლობა 11:00 საათიდან სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ის, არგუმენტი რომ მოპასუხის წარმომადგენელი, დისკზე არსებული ჩანაწერის თანახმად, აღნიშნულ დღეს 18:45 სთ-ზე იმყოფებოდა სამსახურში, ასევე, ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას, რომ იგი დღის პირველ ნახევარში იყო შეუძლოდ, მის მდგომარეობას ადასტურებს სასწრაფო სამედიცნო გამოძახების შესახებ დოკუმენტი. რაც შეეხება სასამართლოს წინაწარ გამოუცხადებლობის შეუტყობინებლობის უზრუნველყოფას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომის დაწყებისა და მოპასუხის წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნის ფაქტები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს (პროცესის დაწყების დრო და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ადგილზე გამოცხადების დროებს შორის მცირე მონაკვეთი) შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს არ გააჩნდა ინტერესი პროცესზე გამოცხადებისა და ის აცნობიერებდა რა პროცესის შედეგს, ამ უკანსკნელის თავიდან აცილების მარტივი შესაძლებლობის მიუხედავად, უშვებდა ასეთ მდგომარეობას.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ საჩივრის განხილვის ეტაპზე უზრუნველყო მისი წარმომადგენლის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება.

13. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აქვე პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარმოებაზეც, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის სასამართლოს სხდომა უნდა გახსნილიყო 11:00 საათზე, ხოლო 12:42 საათზე მოპასუხის წარმომადგენელთან იმყოფებოდა სასწრაფო დახმარება, გასაზიარებელია აპელანტის მსჯელობა, რომ, დროის სიმცირის გამო, ვერ მოახერხა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შესახებ სასამართლოს ინფორმირება.

14. რაც შეეხება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სხვა იურისტით სასამართლო პროცესზე გამოცახადების უზრუნველყოფას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არც ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის ვალდებულება, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს, მაგრამ ეს გარემოება ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, რომელსაც არც უშუალოდ მხარე ესწრებოდა, მიიჩნია საპატიოდ და განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (სუსგ Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი). იმ პირობებში, როცა დადასტურებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი პროცესის დაწყების დროისათვის იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ხოლო აღნიშნული დავის წარმოება მას ჰქონდა მინდობილი, სხვა წარმომადგენელით გამოცახდების უზრუნველყოფისათვის დროის მცირე პერიოდის გამო, არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მარწმუნებელი ორგანიზაციის ინტერესებზე.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 21 ოქტომბრის 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

17. სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განსახილველ შემთხვევაში დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. აღნიშნული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგენს მხოლოდ სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების ციტირებას, რასაც მოყვება სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. გადაწყვეტილება არათუ იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, არამედ იგი საერთოდ არ არის იურიდიულად დასაბუთებული.

20. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ დადგენილად, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

21. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებულ დასაბუთებასა და პოზიციებზე, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომ არც მიუთითა წინა ინსტანციის შესაბამისი უსწორობებსა თუ დარღვევებზე.

22. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტები და გარემოებები, რომელიც არ გამომდინარეობს ამავე პუნქტში მითითებული ნორმებიდან.

23. კასატორის მითითებით, გაურკვეველია რას ეფუძნება სააპელაციო პალატის მსჯელობა და რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით მაშინ, როდესაც უშუალოდ სასამართლო პროცესის დროს მხარის ავადმყოფობა არ დაფიქსირებულა არც ერთ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტში (სასამართლო პროცესის დაწყების დრო იყო 11:00 საათი, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა 12:42 წუთზე). სასამართლო პროცესის დღეს, ერთი დღით მხარე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მაგრამ ამავდროულად კასატორის მიერ მოპოვებული მტკიცებულების შესაბამისად, რომელიც ერთვის საქმეს, ამავე დღეს იგი იმყოფებოდა სამუშაოზე. ობიექტური განხილვის პირობებში, სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშეც შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე) იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლო სხდომის გამართვამდე ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი გამოუცხადებლობის თაობაზე, მით უმეტეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარე დაუკავშირდა დედამისს და ამავდროულად ეცადა, თავად მიეღო საჭირო მედიკამენტები.

24. ამასთან, მხარემ მიიჩნია, რომ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სსსკ-ს 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ავადმყოფობა დადასტურებული არ არის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და მითითებული არ არის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ განუხილავს.

26. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა სსსკ-ის 241-ე მუხლი.

27. კანონი ადგენს კონკრეტულ გარემოებებს, რა შემთხვევაშიც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მართალია, სსსკ-ის 241-ე მუხლი არ შეიცავს დანაწესს, თუ რა იგულისხმება „სხვა საპატიო მიზეზში“, თუმცა, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი მკაფიოდ განსაზღვრავს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამ კანონის მიზნებისთვის საპატიო გარემოებად. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სააპელაციო პალატის მსჯელობა არ შეესაბამება როგორც ზემოაღნიშნულ კანონის დანაწესს, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

28. კასატორის მოსაზრებით გაურკვეველია, თუკი მოპასუხის წარმომადგენელმა მოახერხა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, ასევე, დედასთან დაკავშირება, რატომ ვერ მოახერხა მან სხდომის დაწყებამდე სასამართლო გაეფრთხილებინა მისი ავად ყოფნის თაობაზე და თავიდან აეცილებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მის წინააღმდეგ, მით უფრო, რომ მისი ავად გახდომიდან სხდომის დაწყებამდე, როგორც თავად აღნიშნა, იყო დაახლოებით 30 წუთი. აღნიშნული დრო საკმარისია გარკვეული ზომების მისაღებად, რათა სასამართლომ არ ჩათვალოს, რომ მხარე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში.

29. მოპასუხემ თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგინა ასევე შპს ქ.-ის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი. არც აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს იმას, რომ წარმომადგენლისთვის შეუძლებელი იყო სასამართლოში გამოცხადება, ვინაიდან როგორც საჩივარშია აღნიშნული, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წასვლისა და ტკივილის გაყუჩების შემდეგ, ის დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი. წარმომადგენლის განმარტებით, საჭირო გახდა მისთვის დამატებით გინეკოლოგთან ვიზიტი, რისთვისაც მიმართა პოლიკლინიკას ექიმს მიმართვის ასაღებად. აღნიშნული ხაზგასმით ადასტურებს, რომ საავადმყოფო ფურცელი გახსნილია სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ვერ დაადასტურებს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობას. ამასთან, საავადმყოფო ფურცელში დიაგნოზად მითითებულია მხოლოდ „მენსტრუალური ციკლის დარღვევა“. ასევე, საავადმყოფო ფურცელში მითითებულია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი გათავისუფლებულია სამუშაოდან მხოლოდ 21 ოქტომბერს. ეს, ერთი მხრივ, მიუთითებს იმას, რომ ავად ყოფნის მიზეზი არ არის რაიმე სერიოზული ხასიათის, რამაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შრომისუუნარო გახადოს ავადმყოფი, ხოლო, მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ წარმომადგენელი 21 ოქტომბერს გათავისუფლებული იყო სამუშაოდან. საჩივარში მითითებულია, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს წარმომადგენელი იყო შრომისუუნარო დღის პირველ მონაკვეთში, დაახლოებით საღამოს 5:00 საათამდე, ამდენად, ფაქტობრივად წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელით დასტურდება მხოლოდ ოჯახის ექიმთან მიმართვის შემდგომ (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წასვლის შემდეგი პერიოდი – არაუადრეს 12:50 საათი) დღის 17:00 საათამდე არსებულ პერიოდში პირის ავად ყოფნის ფაქტი. აღნიშნული გარემოებები მეტყველებს ავადმყოფობის არასერიოზულ ხასიათზე და საეჭვოობაზე.

30. კასატორმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ორ ვიდეოჩანაწერზე, რაც ადასტურებს, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამუშაოზე. კერძოდ, წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის 36:57 წამზე ნათლად ჩანს რომ იგი იმყოფება ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში 18:45 საათზე. გარდა ამისა, მეორე ვიდეოჩანაწერში იგი ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს. თუკი წარმომადგენელი ცუდად იმყოფებოდა, საავადმყოფო ფურცლის შესაბამისად, იგი ამ დღეს საერთოდ არ უნდა გამოცხადებულიყო სამუშაოზე, როგორ გამოცხადდა იგი გადაცემის ჩაწერაზე.

31. მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 18:45 წუთზე გადაცემაში თ. მ.-ის მონაწილეობა ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას, რომ წარმომადგენელი დღის პირველ ნახევარში იყო შეუძლოდ და „მის მდგომარეობას ადასტურებს სასწრაფო სამედიცინო გამოძახების შესახებ დოკუმენტი“. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დაადგინა ზემოაღნიშნული, ვინაიდან, საავადმყოფო ფურცელის შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელი 21 ოქტომბერს იყო შრომისუუნარო. საავადმყოფო ფურცელზე ზუსტად არ არის მითითებული ცუდად ყოფნის საათები, ამდენად, აღნიშნული ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ კონკრეტულ დროს ადამიანი იმყოფებოდა შეუძლოდ.

32. კასატორმა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყების დრო იყო 11:00 საათი, ხოლო წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა 12:42 წუთზე. ამდენად, სრულიად გაურკვეველია, შეტყობინების მიზნებისთვის რატომ მიიჩნია სასამართლომ აღნიშნული დრო (თითქმის 2 საათი) დროის მცირე მონაკვეთად.

33. კასატორის მოსაზრებით, სსსკ-ს 93-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის თაობაზე, რომ მხარეებს აქვთ უფლება თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში, არ არის კავშირში სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნასთან, რომლის შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესზე გამოუცხადებლობამ არ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მარწმუნებელი ორგანიზაციის ინტერესზე.

34. მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ადასტურებს სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 215-ე მუხლის დანაწესის მკაცრად დაცვას. მაგალითად: საქმეზე №ას-279-266-2013 საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განმარტა: „განსახილველ შემთხვევაში, სს „ე. ქ-ის“ წარმომადგენლის ავადმყოფობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი ცნობა არ პასუხობს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას. კერძოდ, მასში არაა მითითებული სასამართლო პროცესზე მხარის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობაზე. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 18 სექტემბერს 13:00 საათზე, აპელანტის წარმომადგენელი კი 12:00 საათიდან იმყოფებოდა კბილის ექიმთან მიღებაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი სარწმუნო დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო მისმა წარმომადგენელმა სხდომის დაწყებამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი ავადმყოფობის შესახებ და მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება.“

35. ანალოგიურ განმარტებას საკასაციო სასამართლო ასევე აკეთებს საქმეზე №ას-880-826-2012. გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს: „მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში – შპს „ნ. მ-ის“ 2012 წლის 14 თებერვლის №107 ცნობაში (ტომი 2, ს.ფ. 53) სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის. გარდა ამისა, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამასთან, ცნობით არ ირკვევა, იყო თუ არა აპელანტი ავად 2012 წლის 07 თებერვალს. ამდენად, მითითებული სამედიცინო ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობა და, შესაბამისად, არ არსებობს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.“

36. რაც შეეხება მოპასუხის მიერ სამაგალითოდ მოყვანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისინი ამყარებს კასატორის პოზიციას. კერძოდ, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება საქმეზე №ას-362-344-2013 ეხება განსხვავებულ შემთხვევას. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომამდე აპელანტმა შეასრულა თავისი საპროცესო ვალდებულება, კერძოდ, სასამართლოს წერილობით აცნობა სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

37. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ მეორე №1646-1543-2012 გადაწყვეტილოებას, იგი ეხება განსხვავებულ ვითარებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც 2012 წლის 9 ოქტომბრის მდგომაროებით (12:45 საათზე) ასახავდა პირი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. რა სახის დოკუმენტაციაც მხარის მიერ განსახილველ შემთხვევაში არ წარმოდგენილა.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სრულებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ეყრდნობა მხოლოდ ფაქტების არასწორ შეფასებას კასატორმა მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი დარღვევებით, რომელიც წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს.

39. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრქტიკისგან, კერძოდ, №ას-279-266-2013, №ას-880-826-2012, №ას-460-701-08, №ას-519-754-08, №ას-480-720-08, №ას-1432-1351-2012 საქმეებისაგან. აღნიშნულ საქმეებში სასამართლოს დასაბუთება ემყარება იმას, რომ ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ასევე №ას-279-266-2013 საქმეზე მიღებულ გადაწყევტილებაში აღნიშნულია, რომ კასატორის მიერ საქმეში არ იყო წარმოდგენილი სარწმუნო დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო მისმა წარმომადგენელმა სხდომის დაწყებამდე ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი ავადმყოფობის შესახებ და მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება.

40. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-156-152-2016 საქმეზე და მიუთითა, რომ განსახილველი შემთხვევისგან განსხვავებით, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვა, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში მხარემ მოახდინა სასამართლოს წინასწარ ინფორმირება, ამასთან, საავადმყოფო ფურცელი გაცემული იყო 6 დღით, რაც მიუთითებს დაავადების სიმძიმეზე, მითითებული არ იყო რაიმე სახის ავადმყოფობის გამომრიცხავი გარემოება.

41. მხარემ მიუთითა №ას-846-796-2015 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რადგან სამედიცინო ცნობა ხელმოწერილი იყო როგორც მკურნალი ექიმის, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, განსახილველი შემთხვევისაგან განსხვავებით.

42. ასევე, კასატორმა მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება №ას-156-152-2016 საქმეზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ სასამართლომ არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივადაც უნდა შეამოწმოს წარმოდგენილი მტკიცებულება, რათა დაადგინოს, რამდენად მეტყველებს დიაგნოზი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე. ამასთან, ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. განსახილველ შემთხვევაში ობიექტური განხილვის შედეგად შეუძლებელია დადგინდეს მხარის გამოუცხადებლობის ან წინასწარი შეუტყობინებლობის საპატიო ხასიათი, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე. ამდენად, მითითებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან ერთად კასატორმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნულ განსხვავებულ პრაქტიკაზე, რომელიც ასევე ადასტურებს იმას, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში თუ არ არის სსსკ-ს 215-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პირობა, აუცილებელია, პირის ავადმყოფობა ნათლად იყოს დადასტურებული სხვა გარემოებებითა თუ მტკიცებულებებით, რაც განსახილველ საქმეში არ მომხდარა. სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, თუ რატომ მიიჩნია შეუძლებლად განსახილველ საქმეში სასამართლო სხდომაზე მხარის წარმოდგენა ან სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის წინასწარი შეტყობინება, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია და არ ადასტურებს რეალურად ჯანრმთელობის მდგომარეობას სასამართლო პროცესის დაწყების დროისათვის.

43. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა იქნეს მიღებული განსახილველად.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

46. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 სექტემბრის სასამართლოს მთავარ სხდომას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები – გ. შ.-ე და ნ. მ.-ე და მოპასუხის წარმომადგენელი – თ. მ.-ი. აღნიშნული სასამართლო პროცესი, მხარეთა მორიგების მიზნით, გადაიდო 2015 წლის 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე. მხარეებმა სხდომის დღის შესახებ ცნობის თაობაზე გაფრთხილება დაადასტურეს ხელმოწერებით. სასამართლო სხდომაზე დაბარებისა და გამოუცხადებლობის შესახებ ხელწერილზე არსებობს მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა.

47. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომა გაიხსნა 11:10:41 საათზე. სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე არ გამოცხადდა. საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დააკმაყოფილა.

48. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს 2015 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომის გახსნის განსაზღვრულ დრომდე – 11:00 საათამდე სასამართლოსათვის არ მიუმართავს გამოუცხადებლობის შესახებ და არც გამოუცხდებლობის მიზეზები არ უცნობებია.

49. საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვიზიტი მოპასუხის წარმომადგენლისათვის განხორციელდა 2015 წლის 21 ოქტომბერს, 12:42 საათზე. ასევე, წარმოდგენილია 2015 წლის 21 ოქტომბერს მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დოკუმენტი.

50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის დასკვნას სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა კანონით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტით ვერ დაადასტურა ისეთი საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც პროცესზე მისი გაუმოუცხადებლობასა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას შეუძლებელს გახდიდა.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

54. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

55. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

56. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

57. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

58. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

59. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

60. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (სუსგ 8.04-216 №ას-156-152-2016).

61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ნორმით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მტკიცებულების შეფასების გზით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სამედიცინო ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (სუსგ 24.07.2015 წელი, №ას-955-917-2014, 6.05.2016წ. №ას-187-179-2016).

62. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიმართულია ზემოთ მითითებული ნორმის იმგვარად განმარტებისაკენ, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას.

63. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.

64. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით, რაც დადასტურდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ დოკუმენტითა და 2015 წლის 21 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელით. მითითებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის დღეს მოპასუხის წარმომადგენელი იყო შრომისუუნარო. სასამართლო პროცესის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

65. ამავდრულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 2 სექტემბერს, რა დროსაც მოპასუხე მისი წარმომადგენლის სახით პროცესზე გამოცხადდა, რაც ნათლად ადასტურებს მოპასუხის ინტერესს დავის მიმართ. აღნიშნული სხდომა გადაიდო მხარეთა მორიგების მიზნით, 2015 წლის 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე. გაუმართლებელია ვარაუდი, რომ მოპასუხე მხარემ დავის მიმართ ინტერესი დაკარგა, შესაბამისად, აღნიშნული კუთხითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა საფუძველს მოკლებულია.

66. ამდენად, საკასაციო სასამართლო ერთობლიობაში, ყოველმხრივ აფასებს ზემოთ მოყვანილ გარემოებებს, მტკიცებულებებს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 181-182) და იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

67. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

68. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

69. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

70. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე