Facebook Twitter

საქმე № 010210115001161996

საქმე №ას-334-313-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. კ.-ე, ტ. დ.-ე, მ. ც.-ე

მოსარჩელე – შპს „პ.-“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, დაკისრებული თანხის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „პ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ისა“ (შემდგომში – მოპასუხე) და ნოტარიუს ხ. კ.-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 25 მაისს მოსარჩელის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსარჩელისათვის ამავე სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 308 524.20 აშშ დოლარის 100 000 აშშ დოლარამდე შემცირების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 5%-დან 49%-მდე.

3. 2012 წლის 14 თებერვალს დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ბანკისაგან მიიღო კრედიტი – 85 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და 2012 წლის 14 სექტემბრამდე კრედიტი დაფარა.

4. 2012 წლის 10 თებერვალის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 31 იანვარს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მოსარჩელემ ბანკისაგან მიიღო კრედიტი 250 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 9 თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც. კ.-ის, ტ. დ.-ის, მ. ც.-ის, მ. შ.-ისა და ჟ. ხ.–ის, ო. ფ.-ის უძრავი ქონება.

5. მოსარჩელის მითითებით, მან ბანკის სასარგებლოდ გადაიხადა 100 000 აშშ დოლარი.

6. მხარემ განმარტა, რომ მოპასუხის მოთხოვნის შედეგად 2015 წლის 25 მაისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა 308 524.20 აშშ დოლარისა და 120 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 223 512. 90 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 47 161.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 37 749.66 აშშ დოლარი. თანხის ამოღების მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

7. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არცერთი საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე. ყველა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ. ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გათვალისწინებულია მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებებში, რომლის მონაწილეც მოსარჩელე არ არის. შესაბამისად, ბანკისა და იპოთეკის მესაკუთრის შეთანხმება არ წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილეთა ნების გამოვლენას, სწორედ ამიტომ ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება, სააღსრულებო ფურცელი გაეცა და დაედგინა მისი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსარჩელის ვალდებულება უნდა შემცირდეს რეალურ ვალდებულებამდე – 100 000 აშშ დოლარამდე.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სესხად გადასცა 250 000 აშშ დოლარი. მას ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ყოველთვიური შენატანებით, თუმცა სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მისი გადასახდელი ძირითადი თანხაა 223 512.90 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 47 161.64 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 37 749.66 აშშ დოლარი. იმ საკრედიტო ხელშეკრულებებში, რომლითაც კრედიტი იქნა გაცემული, მხარეები არ შეთანხმებულან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, მაგრამ ასეთ დათქმას შეიცვას იპოთეკის ხელშეკრულება, რაც ნოტარიუსისათვის მიმართვისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკმარისი საფუძველია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 25 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში გაუქმდა მერვე პუნქტი – „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა“, სხვა ნაწილში კი სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად, დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ც. კ.-ემ, ტ. დ.-ემ, მ. ც.-ემ, ო. ფ.–მა და ჟ. ხ.–მა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მითითებულ პირთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150-150 ლარის, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

15. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და 2017 წლის 9 იანვარს პირადად ჩაბარდა აპელანტების უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც დადასტურდა წარმომადგენლის ხელმოწერითა და მისივე პირადი ნომრის მითითებით. ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა აპელანტებს ჰქონდათ 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით, თუმცა აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ. აღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ აპელანტთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 59-ე და 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა ვერ განიხილება, რადგან იგი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

17. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტების წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება:

19. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას სასამართლო გზავნილი ხარვეზის განჩინების ასლთან ერთად არ მიუღია. აღნიშნული გზავნილი მისმა მეზობელმა გადასცა. აღნიშნულის შესახებ მეზობლის განცხადება წარდგენილი იქნება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. ასევე, დაინიშნება კალიგრაფიული ექსპერტიზა იმის დასადასტურებლად წარმომადგენელს გზავნილის ჩაბარებაზე ხელი არ მოუწერია. მისი პირადი ნომერი ცნობილია საფოსტო კურიერისათვის, რომელიც ხშირად აბარებს გზავნილებს სხვადასხვა საქმეებზე. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ აპელანტების წარმომადგენელს ხარვეზის განჩინება გადაეცა 2017 წლის 9 იანვარს და ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა მხარეს მხოლოდ ამავე წლის 16 იანვრამდე ჰქონდა.

20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ 2017 წლის 17 იანვარს საპროცესო ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

23. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

24. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150-150 ლარის, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

26. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და 2017 წლის 9 იანვარს პირადად ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მე-2 ტომის ს.ფ. 257-264-ზე წარმოდგენილი მინდობილობებით). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება დაადგინა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი კორესპონდენციის უკუგზავნილით, რომელიც ხელმოწერილია აპელანტთა წარმომადგენლის მიერ და მითითებულია მისივე პირადი ნომერი.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ აღნიშნული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და პირადი ნომერი მითითებულია საფოსტო კურიერის მიერ. სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, მხარეს ევალებოდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება, რომელზეც იგი თავის პოზიციას ამყარებს.

28. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება არ მოუხდენია და ზემოაღნიშნული არგუმენტის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ხარვეზის განსაზღვრის შესახებ განჩინება 2017 წლის 9 იანვარს აპელანტის წარმომადგენელს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდა (ტომი 3, ს.ფ. 11).

30. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

31. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მის წარმომადგენელს, საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტებისათვის დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მათი წარმომადგენლისათვის ჩაბარების – 2017 წლის 9 იანვრის მომდევნო დღიდან – 2017 წლის 10 იანვრიდან და ამოიწურა 16 იანვარს.

33. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავთ.

35. რაც შეეხება აღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 17 იანვარს აპელანტების წარმომადგენლის მიერ შეტანილ განცხადებას ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე მუხლით და განუხილველად დატოვა.

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ.-ის, ტ. დ.-ისა და მ. ც.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე