საქმე № 200210015001164416
საქმე №ას-352-330-2017 28 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ღ.–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს.–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ს.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ღ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ არის მოხუცებული, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ცხოვრობს მარტო. მოპასუხეს შეუთანხმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებაზე, რისთვისაც ნოტარიუსთან მოაწერა ხელი გარიგებას, თუმცა მისი ასლი მოსარჩელეს არ გადასცემია. მოგვიანებით მოპასუხემ უარი განუცხადა რჩენასა და მოვლაზე. მოსარჩელემ შეიტყო, რომ მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ეხებოდა არა მის რჩენას, არამედ წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობას.
3. მხარის მითითებით, იგი გარიგების დადების შემდეგაც აგრძელებს სადავო ბინაში ცხოვრებას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ეხებოდა უძრავი ქონების ნასყიდობას, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 24 იანვარს, 12:00 საათზე, რის შესახებაც სასამართლო უწყება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ამავე წლის 23 დეკემბერს ჩაბარდა მხარის ოჯახის სრულწლოვან წევრს – დედას.
8. 2017 წლის 23 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა და განმარტა, რომ აპელანტმა სამართლებრივი დაცვისათვის მიმართა 23 იანვარს, რასაც ადასტურებს შუამდგომლობაზე დართული მინდობილობა.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 215-ე მუხლის პირველი ნაწილით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გონივრულ ვადაში მიემართა ადვოკატისათვის, რათა ამ უკანასკნელს დრო ჰქონოდა საქმის მასალების შესასწავლად და გასაცნობად. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 იანვრის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი. ამავე სხდომაზე არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე კანონით პირდაპირ გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის გამო. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. ამდენად, სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 229-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მხარის ინტერესების განსაკუთრებით სააპელაციო სასამართლოში დაცვა ადვოკატის მიერ წარმოადგენს მხარის სამართლებრივი ინტერესების დაცვისათვის აუცილებელ წინაპირობას.
13. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სამართლიანი სასამართლოს გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს, კერძოდ, სამართლიანი სამოქალაქო სამართლებრივი სასამართლო პროცესის განხორციელება კი შეუძლებელია, როდესაც მხარეს ერთმევა შესაძლებლობა საკუთარი სამართლებრივი ინტერესები განახორციელოს მის მიერ არჩეული წარმომადგენლის, ადვოკატის გარეშე.
14. ამასთანავე, მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, რაც გულისხმობს სამართლიანი და ეფექტური სასამართლოს გარანტიას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამართლებრივი ინტერესების პროფესიონალი ადვოკატის მიერ განხორციელების შესაძლებლობას. იმ შემთხვვაში, თუ მხარეს არ მიეცემა შესაძლებლობა თავისი სამართლებრივი ინტერესები დაიცვას ადვოკატის მიერ, მაშინ შესაძლებელია, დაირღვეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ძირითადი უფლება.
15. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი აკისრებს ადვოკატს ვალდებულებას, შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება შეუძლებელს ხდის ადვოკატის მიერ მისი პროფესიული და სახელშეკრულებო ვალდებულებების განხორციელებას, რის გამოც ხელი ეშლება ასევე საადვოკატო საქმიანობის განხორციელებასაც. აპელანტის მიერ 23 იანვარს, ანუ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ახალი ადვოკატის საქმეში ჩაბმის გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საქმის გაჭიანურების მცდელობა. ადვოკატის საქმეში ჩაბმა დაკავშირებულია ფინანსებთან, რომელთა მოსაძიებლად მხარეს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება გარკვეული დრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 20 დეკემბერს, თუმცა აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესი გადაიდო 2017 წლის 24 იანვარს.
18. საქმის თარიღის შესახებ აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც 2016 წლის 23 დეკემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, დედას. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია და დასტურდება სასამართლო კორესპონდენციის უკუგზავნილზე მიმღების პირის ხელმოწერითა და პირადი ნომრით (ტომი 2, ს.ფ. 45).
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად, ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება თავად მხარისათვის მის გადაცემას უთანაბრდება. ამდენად, აპელანტი კანონის დაცვით გაფრთხილებული იყო სხდომის ჩანიშვნის შესახებ.
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 23 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ აპელანტმა სამართლებრივი დაცვისათვის მას 2017 წლის 23 იანვარს მიმართა, რასაც ადასტურებს შუამდგომლობაზე დართული მინდობილობის გაფორმების თარიღი.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
22. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან მხარემ აღნიშნულისათვის საპატიო მიზეზის არსებობაზე ვერ მიუთითა.
24. დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ აპელანტს სრულიად გონივრული ვადა მიეცა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, მათ შორის, ადვოკატის მეშვეობით საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის განხილვა აპელანტის მოთხოვნით ერთხელ უკვე გადაიდო. ამასთან, მხარეს სარწმუნოდ არ დაუდასტურებია, თუ რა გახდა ადვოკატის დროულად აყვანის შემაფერხებელი საპატიო გარემოება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უარი პროცესის გადადების შესახებ კი არ ხელყოფს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლით დაცულ ღირებულებებს, ყოველი პირისათვის გარანტირებულ შესაძლებლობას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, არამედ განამტკიცებს მას მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.
25. აქვე აღსანიშნავია, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით. შესაბამისად, საგულისხმოა სსსკ-ის 99-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
26. ამდენად, აპელანტი ახალი წარმომადგენლობის გაფორმებამდე სარგებლობდა კვალიფიციური დაცვით. მას ნებისმიერ დროს, სადავო სხდომამდე გონივრული ვადით ადრე შეეძლო ახალი მინდობილობის გაფორმება, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობით მხარეს დროულად არ უსარგებლია.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება გამოიწვევდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას და სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 იანვრის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ კი, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
29. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
30. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
31. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
32. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.
33. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
34. რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარეს უნდა მიეცეს უფლება, წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას საკუთარი ინტერესები სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტის აღნიშნული უფლება სასამართლოს მხრიდან არ შეზღუდულა, მხარემ ადვოკატს დაგვიანებით მიმართა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, შესაბამისად, აპელანტის უფლების განხორციელება საქმის განხილვის გაჭიანურებისა და მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესების საზიანოდ დაუშვებელია.
35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ღ.–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე