Facebook Twitter

საქმე № 330210016001216880

საქმე №ას-386-359-2017 28 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ს.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების – 58 306.36 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 19 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოპასუხის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების მოასფალტება ვარკეთილში და აეროპორტის დასახლებაში მდებარე რამდენიმე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხართაღრიცხვის დოკუმენტების თანახმად, სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 75353,22 ლარს.

4. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა გაწეული მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით, ასევე მიღება-ჩაბარების აქტით.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 19 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ქუჩებისა და შიდა ეზოების კაპიტალური და მიმდინარე საგზაო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვების ობიექტი და მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების №2 ფორმის საფუძველზე შემსყიდველის ტექნიკური ზედამხედველისა და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

6. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განისაზღვრა ადეკვატური თანხა – 25 831,48 ლარი. ამ საერთო თანხიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო – 4 148,14 ლარი და მოსარჩელის 2015 წლის 17 დეკემბრის №2015-90 წერილის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიის მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს საგარანტიო თანხა – 12 963 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული დადასტურებულია 2015 წლის 9 დეკემბერს შესრულებული სამუშაოთა მიღება-ჩაბარების (ფორმა №2) №5 აქტით, ხოლო ფორმა №2 დადასტურებულია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ხელმძღვანელთა ხელმოწერით და ბეჭდით.

7. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს თავად მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების №434 აქტით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაითვალა წუნდებულად. შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადო ხარისხით შესრულებისათვის მოპასუხემ სრულიად სამართლიანად არ განხორციელდა თანხის გადარიცხვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 190,42 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ივნისს, მოსარჩელეს (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

11. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.

12. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს ოდენობით.

13. სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების №2 ფორმის საფუძველზე შემსყიდველის ტექნიკური ზედამხედველის (ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია) და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

14. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისათვის ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო საბანკო გარანტია – ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% 12 963 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცა სადაზღვევო კომპანიის მიერ 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

15. 2015 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმების აქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 25 კალენდარული დღით.

16. ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, კონკრეტულ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 75 353.22 ლარი, ხოლო 2015 წლის 15 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს მიღების №5 აქტის თანახმად, ამავე მისამართზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (რომელიც დასრულდა 2015 წლის 9 დეკემბერს) ღირებულებამ შეადგინა 71 174.84 ლარი.

17. 2015 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილი – 8720.34 ლარი.

18. 2015 წლის 17 დეკემბრის №434 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა მიაწოდა და შემსყიდველმა მიიღო 2015 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 25 831.48 ლარი.

19. მოსარჩელემ წერილობით გამოხატა თანხმობა, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს – 4148.14 ლარისა და საგარანტიო თანხის – 12963 ლარის დაკავებისა და გადარიცხვის თაობაზე.

20. სააპელაციო პალატის განმარტებით, განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 190.42 ლარის გადახდა.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სადავო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად 43 190. 42 ლარის დადგენისას იხელმძღვანელა საექსპერტო დასკვნით, 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით და მიიჩნია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რაც შეადგენდა 69 021.76 ლარს, უნდა გამოკლებოდა პირგასამტეხლო, საგარანტიო და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა.

22. საექსპერტო დასკვნის დამატებით ინფორმაციაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ხარისხიანად დაგებული იყო შესრულებული სამუშაოს 90%, რისი ღირებულებაც შეადგენდა 67 817.90 ლარს.

23. 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით კიდევ უფრო დაზუსტდა თანხის ოდენობა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ მისამართზე ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 69 021.76 ლარს.

24. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მოპასუხის მიერ გაწეული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დადგენისას უნდა გაეზიარებინა მხარეთა შორის 2015 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების №434 აქტი, რომლის თანახმად მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო 2015 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება განისაზღვრა 25 831.48 ლარით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა №2 ფორმა, რომელიც დადასტურებულია ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის, ასევე, მოსარჩელე საზოგადოების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს მოსარჩელე კომპანიის დირექტორი. აპელანტის მითითებით, ყოველივე აღნიშნული შეესაბამება 2015 წლის 19 ივნისს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მოთხოვნას.

25. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტი და მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების №2 ფორმის საფუძველზე შემსყიდველის ტექნიკური ზედამხედველის (ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია) და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

26. სააპელაციო პალატამ არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობის განსაზღვრისას საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 69 021.76 ლარს.

27. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 162-ე მუხლის მეორე ნაწილით, 172-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ ექსპერტების დასკვნები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მტკიცებულებებს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისთვის, ვინაიდან მოცემული საკითხის გადაჭრა საკანონმდებლო რეგულაციებთან ერთად მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და განათლებას, რაც სწორედ ექსპერტებს გააჩნდათ. ამასთან, აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც მითითებული ექსპერტ-სპეციალისტების დასკვნების საპირისპიროს დაადასტურებდა (სსსკ-ის 4.1. 102-103.1. მუხლები).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 629-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, შეესრულებინა სამუშაო, მოპასუხეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური.

29. 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად, მოსარჩელის მიერ არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 69 021.76 ლარი.

30. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები შეასრულა გარკვეული ხარვეზებით, რის გამოც მოპასუხემ მას თანხა დაუქვითა, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით ჩამოეჭრა 4148.14 ლარი, რაც შეეხება საგარანტიო თანხას – 12 963 ლარს, მისი გადარიცხვა განხორციელდა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი – 8720.34 ლარი.

31. სსსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა (69 021.76 – 4148 – 12 963 – 8720, 34) 43 190.42 ლარის გადახდა. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას მართებულად გამოაკლდა პირგასამტეხლოს, საგარანტიო და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

33. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც შემდგომ საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებას. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელის მიერ საკუთარი ინიციატივით შესრულებული სამუშაოები შემსყიდველ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღნიშნული არ წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობას და კასატორს რაიმე ვალდებულება ამ კუთხით არ უკისრია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 26 აგვისტოს ინსპექტირების ორგანოს ანგარიში ვერ წარმოშობდა კასატორისათვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველს, რადგან არ არსებობდა მიზეზობრივი და სამართლებრივი კავშირი აღნიშნულ დავასთან.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ივნისს, მოსარჩელეს (მიმწოდებელი) და მოპასუხეს (შემსყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

37. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 30 ოქტომბრამდე.

38. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს ოდენობით.

39. სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების №2 ფორმის საფუძველზე შემსყიდველის ტექნიკური ზედამხედველის (ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია) და მიმწოდებლის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

40. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისათვის ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო საბანკო გარანტია – ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% 12 963 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცა სადაზღვევო კომპანიის მიერ 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

41. 2015 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმების აქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 25 კალენდარული დღით.

42. ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, კონკრეტულ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 75 353.22 ლარი, ხოლო 2015 წლის 15 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს მიღების №5 აქტის თანახმად, ამავე მისამართზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (რომელიც დასრულდა 2015 წლის 9 დეკემბერს) ღირებულებამ შეადგინა 71 174.84 ლარი.

43. 2015 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილი – 8720.34 ლარი.

44. 2015 წლის 17 დეკემბრის №434 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა მიაწოდა და შემსყიდველმა მიიღო 2015 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები თანხით 25 831.48 ლარი.

45. მოსარჩელემ წერილობით გამოხატა თანხმობა, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს – 4148.14 ლარისა და საგარანტიო თანხის – 12963 ლარის დაკავებისა და გადარიცხვის თაობაზე.

46. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სადავო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად 43 190. 42 ლარის დადგენისას იხელმძღვანელა საექსპერტო დასკვნით, 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით და მიიჩნია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რაც შეადგენდა 69 021.76 ლარს, უნდა გამოკლებოდა პირგასამტეხლო, საგარანტიო და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა.

47. საექსპერტო დასკვნის დამატებით ინფორმაციაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ხარისხიანად დაგებული იყო შესრულებული სამუშაოს 90%, რისი ღირებულებაც შეადგენდა 67 817.90 ლარს.

48. 2016 წლის 26 აგვისტოს გაცემული ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშით კიდევ უფრო დაზუსტდა თანხის ოდენობა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ მისამართზე ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 69 021.76 ლარს.

49. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები შეასრულა გარკვეული ხარვეზებით, რის გამოც მოპასუხემ მას თანხა დაუქვითა, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით ჩამოეჭრა 4148.14 ლარი, რაც შეეხება საგარანტიო თანხას – 12 963 ლარს, მისი გადარიცხვა განხორციელდა მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი – 8720.34 ლარი. ამდენად, მოპასუხეს დაეკისრა 43 190.42 ლარის გადახდა.

50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული სამუშაოების ნაწილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან არ გამომდინარებდა, ასევე, მოსარჩელეს არ დაუცვია შესყიდვის ობიექტის მიღების და, შესაბამისად, მისი ღირებულების განსაზღვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

53. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის მიერ წარმოებული სამუშაოების ღირებულება და მისი დადასტურების წესი. შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

54. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

55. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

56. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოს ოდენობის განსაზღვრისას წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიონის ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 69 021.76 ლარს.

57. სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ შეაფასა მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის განხორციელებისას სადავო გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გაიზიარა მათში წარმოდგენილი სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების დასკვნები. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშვა აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო არგუმენტებზე მითითებისა და მათი სარწმუნოდ დადასტურების მოვალეობა.

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მტკიცებულებების სარწმუნოდ უარსაყოფად წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარემ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა.

59. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური