Facebook Twitter

საქმე №ას-1159-1114-2016 24 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლში ა. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან მყიდველი) მიმართ ავტომანქანის ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის _ 3 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 18.03.2016წ. სხდომის ოქმი, დაზუსტებული მოთხოვნა).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ 17 000 ლარად მიჰყიდა ავტომანქანა მოპასუხეს. ნასყიდობის საგნის ღირებულება შემძენს სრულად არ აქვს გადახდილი და დავალიანება შეადგენს 3 800 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელემ შესთავაზა ავტომანქანა „X5-ის“ შეძენა 10 000 აშშ დოლარად, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 17 000 ლარს. ვინაიდან მყიდველს არ ჰქონდა ამ ღირებულების ნივთის შეძენის საშუალება, ხოლო მოსარჩელე კარგად იცნობდა მას და მის მამას, გამყიდველმა შესთავაზა, წაეყვანა მანქანა, ხოლო თანხა, როდესაც ექნებოდა და რამდენიც, ნაწილ-ნაწილ გადაეხადა. შემდგომში მოპასუხეს შეექმნა ნასყიდობის ფასის გადახდის პრობლემა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავტომანქანა ერთობლივად გაეყიდათ. ამ დროისათვის მოსარჩელეს მყიდველის მიმართ ვალად ერიცხებოდა 4 000 ლარამდე, გადახდილი საფასურის სახით. ვინაიდან გამყიდველი ვალის გადახდას აყოვნებდა, მოპასუხის მამის სურვილით გადაწყვიტეს ვალის წერილობით დაფიქსირება. ნოტარიუსთან ტექსტი შედგა მოსარჩელის კარნახით. მოპასუხე არ ფლობს არც ქართულ და არც რუსულ ენებს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნდობის საფუძველზე. მხოლოდ მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი, რომ ხელი სესხის ხელშეკრულებაზე მოუწერია. ავტომანქანა „X5“ გაიყიდა 5 100 აშშ დოლარად, რაც, მაშინდელი კურსის მიხედვით, შეადგენდა 9 700 ლარს და ეს თანხა სრულად წაიღო გამყიდველმა. შემდეგ მოსარჩელეს დაუბრუნეს მისგან 1 100 აშშ დოლარად ნაყიდი „ნივა“, რომელიც მან დაიბრუნა 800 ლარად, დროის ამავე მონაკვეთში მოპასუხემ მას გადაუხადა დამატებით 400 ლარი. გარდა ამისა, გამყიდველს, თავის მხრივ, აქვს გაცილებით მეტი დავალიანება მოპასუხისა და მისი მამის მიმართ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 800 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამყიდველის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული დაუწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების კანონიერება.

1.2. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების არსებობის თაობაზე (სსსკ-ის 393.3 მუხლი).

1.3. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს მხარეთა ზემდგომ სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებს და ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ნორმის აღნიშნული დანაწესი არ არის ამომწურავი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისათვის კანონი მიუთითებს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც (სსსკ-ის 233.1 მუხლი):

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

1.3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევა არ ხდება, არამედ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დადგენილად, ამასთან, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას.

1.3.3. მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი:

ა) სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.3.1. პუნქტის ა-დ ქვეპუნქტები);

ბ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც გამოუცხადებელ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 241-ე მუხლი).

1.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

1.4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით მყიდველის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 13 სექტემბერს, 14:00 საათზე;

1.4.2. საქმის მასალებთან ერთად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სასამართლო უწყება და საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების თანახმად, იგი პირადად ჩაბარდა 2016 წლის 18 ივნისს. აღნიშნულის პასუხად მხარემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი;

1.4.3. 2016 წლის 13 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა გამყიდველი. საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება/შუამდგომლობა მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე;

1.4.4. აპელანტი, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით, მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

ა) მხარეთა შორის ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, არამედ, შესრულება ნაწილ-ნაწილ უნდა განხორციელებულიყო;

ბ) სარჩელში მითითებული სესხის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას არ ადასტურებს. მხარეთა შორის სესხი არ დადებულა. მოსარჩელემ ისარგებლა შემძენის ნდობით და ამ ნდობის ბოროტად გამოყენებით მოაწერინა აპელანტს ხელი სესხის ხელშეკრულებაზე, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება ბათილია;

გ) აპელანტს სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, კერძოდ, გადახდილი აქვს ნასყიდობის საფასური.

1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ დანიშნულ დროს მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ამ არგუმენტს მხარე ორ გარემოებაზე ამყარებს: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავებამ (მაღალი არტერიული წნევა) განაპირობა მისი დროული გამოუცხადებლობა; ტაქსის მძღოლმა, რომელიც მან მარნეულში დაიქირავა, არ იცოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისამართი, რის გამოც კასატორი ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ _ სააპელაციო სასამართლოში მიიყვანა. ეს გარემოებები არასწორად არ გაიზიარა სასამართლომ და უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ, ასევე უკანონოდ დატოვა იგი ძალაში იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა არავითარი შესაძლებლობა, დაკმაყოფილებულიყო მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

1.5.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კონტექსტში (სსსკ-ის 241-ე მუხლი) საპატიო მიზეზის დეფინიციას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. თავის მხრივ, კანონდებლობა ადგენს, რომ მხარე, რომელიც ამა თუ იმ გარემოებაზე მიუთითებს, ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები (სსსკ-ის მე-4 და 103.1 მუხლები). არა თუ ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, არამედ, რაიმე მტკიცებულება, რაც გამოუცხადებელი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება, ხოლო ის გარემოება, რომ ტაქსის მძღოლმა არ იცოდა სააპელაციო სასამართლოს მისამართი, შეუძლებელია, საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობიდან გამომდინარე, მხარემ უნდა დაიცვას წინდახედულობის ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მის მიმართ არასასურველი შედეგის დადგომა.

1.5.2. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით აღიარებული ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემძენის მიერ საპასუხო შესრულების განხორციელებით, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდენარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის მითხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური