Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ ას-712-682-2016 8 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი ( მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. ვ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“(მოპასუხე)

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შემცირება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება;

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ. ვ-ამ (შემდეგში: მოსარჩელე, მსესხებელი ან კასატორი) 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შპს „ე-ისაგან“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან გამსესხებელი) ერთი თვით ისესხა 50 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 3 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო - 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 625-ე და 417-418-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.16-19).

2. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 25 ოქტომბერი. ხელშეკრულების მესამე პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო თითო-თითო თვით.

3. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ჭ-იას ქ. #2-სა და ჩ-ის ქ. #7-ს შორის, კორპ. 1, ბინა 126, ს/კ 0- (სსკ-ის 286.1 და 289.1 მუხლები).

4. მსესხებელი ყოველთვიურად უხდიდა გამსესხებელს 1500 აშშ დოლარს და მის მიერ გადახდილმა თანხამ, 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 7 აპრილის ჩათვლით, ჯამში შეადგინა 9 000 აშშ დოლარი.

5. გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 28 აპრილს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც: ძირითადი სასესხო ვალდებულებაა 50 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 795,67 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,7 ლარი (სსკ-ის 302-ე მუხლის მე-3 1 ნაწილი და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 და 40-ე მუხლები).

6. სასარჩელო მოთხოვნა

6.1. მსესხებელმა 2014 წლის 15 მაისს სარჩელი აღძრა გამსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი ვალდებულების 11 367,67 აშშ დოლარით შემცირება და მისი განსაზღვრა 41 000 აშშ დოლარით;

6.2. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 9000 აშშ დოლარის ნაწილში ძირითადი ვალდებულება ნაწილობრივ შეწყდა შესრულებით, ხოლო 2295,67 აშშ დოლარისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 126, 72 ლარის მოთხოვნა, მისი მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. საწარმომ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 9000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 თვის პროცენტს, რაც თვეში 1500 აშშ დოლარს შეადგენდა;

7.2. მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის იხდის პირგასამტეხლოს 0.15 %-ის ოდენობით 25 კალენდარულ დღეზე;

7.3. მსესხებელმა 2014 წლის მარტში არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო აპრილის თვეში გადახდილი თანხა არ იყო საკმარისი დარიცხული პროცენტის და საურავის დასაფარად. შესაბამისად, მსესხებელს სესხის ძირითად თანხაზე დაერიცხა ერთი თვის პროცენტი - 1500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 795.67 აშშ დოლარი.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი 9000 აშშ დოლარი წარმოადგენდა არა ნასესხები თანხის ნაწილს, არამედ ექვსი თვის საპროცენტო სარგებელს.

8.3. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 52-ე, 623-625-ე მუხლები, 626-ე მუხლის მესამე ნაწილი, 361.2, 417-418-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე და 105-ე მუხლები.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) .

10.3. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ „...მართალია, ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი თვის ვადაში - 25.10.2013, თუმცა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება იმთავითვე განსაზღვრავდა ამ ვადის შემდგომ მხარეთა სამომავლო სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, ხელშეკრულებაში საუბარია: მომავალი თვიდან სარგებლის დარიცხვის წესზე, ვადის გაგრძელების უფლებამოსილებაზე, ვადის თითო-თითო თვით გაგრძელებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში და სარგებლის გადაუხდელობისას ხელშეკრულების შეწყვეტაზე... შესაბამისად, ეს პირობები ერთობლიობაში გულისხმობდა სწორედ იმას, რომ მხოლოდ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდა იწვევდა ხელშეკრულების თითო-თითო თვით გაგრძელებას... მოცემულ შემთხვევაში მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა ზუსტად ძირი თანხის 3%-ს, ანუ მხოლოდ პროცენტს - 1500 აშშ დოლარს, რაც იწვევდა ხელშეკრულების ვადის თითო-თითო თვით გაგრძელებას ვალდებულების ძირის შემცირების გარეშე...“;

10.4. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით: „... მსესხებელმა მარტის თვის გადახდა განახორციელა 07.04.2014წ, რითაც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით, გამსესხებელს გააჩნია აპრილის თვის საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება, რაც ასახულია კიდეც 28.04.2014წ. ნოტარიუს ე. შ-ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში...“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ. 2, ს.ფ. 104-115).

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

11.1.1. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 52-ე და 338-ე მუხლების გამოყენებით არასწორად განმარტა 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტი, კერძოდ, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხი. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი კანონით დასაშვები მტკიცებულება;

11.1.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 335-ე და 345-ე მუხლები და სსსკ-ის 102.3 მუხლი. მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადასტურა ის გარემოება, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სტანდარტულ დებულებებს შეიცავდა და მესამე მუხლის შინაარსი ხარვეზიანი იყო;

11.1.3. მოცემულ საქმეზე დავის საგანი იყო შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა და არა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენა, თუმცა, სასამართლომ სწორედ ამ ფაქტებზე იმსჯელა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 361.2-ე და 417-718-ე მუხლები.

12. საკასაციო სასამართლოს განჩინება

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსესხებლის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს შემდეგი მითითებებით (სსსკ- ის 412-ე მუხლი):

12.1.1. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე;

12.1.2. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა 2014 წლის 28 აპრილს გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობა;

12.1.3 ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებული იყო სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტების დადგენაზე, სახელდობრ:

ა) სესხის დაბრუნების ვადის სწორად განსაზღვრაზე, რადგანაც მოთხოვნის ვადამოსულობა წარმოშობს კრედიტორის უფლებას, მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია დრო, მაშინ პრეზუმირებულია, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს კი შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულება (სსკ-ის 366-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და აქედან გამომდინარე წინააღმდეგობრივია. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტით ვალდებულების შესრულების დროდ განსაზღვრულია 2013 წლის 25 ოქტომბერი, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის აპრილის ჩათვლით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.4 ქვეპუნქტი). სასამართლოს ამ მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, გამსესხებელს 2014 წლის 26 აპრილს არ შეეძლო მოეთხოვა სესხის დაბრუნება, რადგანაც ვადა ჯერ არ იყო დამდგარი;

ბ) 2013 წლის 25 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტის განმარტებასა და მისი ნამდვილობის დადგენაზე - სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მსესხებლის მიერ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდა იწვევდა ხელშეკრულების თითო-თითო თვით გაგრძელებას, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ცალსახაა, რომ სასამართლომ ხარვეზიანად ჩათვალა ხელშეკრულების აღნიშნული დებულება და ამის გამო მან მოიშველია სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლებით დადგენილი განმარტების წესები, თუმცა, სასამართლომ ეს განმარტა ცალმხრივად, მხოლოდ გამსესხებლის ინტერესებით და არ გაითვალისწინა მსესხებლის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ვადა არ გაგრძელებულა. ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების პირობების შემთავაზებელი იყო გამსესხებელი (მეწარმე სუბიექტი) და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა იგი (სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილი). აქედან გამომდინარე, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სსკ-ის 337-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი“;

12.1.4. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო დებულების ნამდვილობის საკითხი, კერძოდ: ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება ხომ არ მოითხოვდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაცვას (სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილი და 625-ე მუხლის 1-3 ნაწილები), სადავო დებულების ამგვარი ფორმულირება ვალდებულების შინაარსის დადგენას ემსახურებოდა (ამ გარემოების დადგენის შემთხვევაში ფორმის დაუცველობა, სადავო დებულების ბათილობას გამოიწვევდა), თუ მიმართული იყო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დებულების შემთავაზებელია გამსესხებელი, ხომ არაა წინასწარ ჩამოყალიბებული მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული სტანდარტული დებულება (ამ გარემოებაზე კასატორიც მიუთითებდა, მაგრამ სხდომის ოქმის მიხედვით ეს საკითხი არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი) და იქცა თუ არა იგი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად (სსკ-ის 344-ე მუხლი) და ა.შ;

12.1.5. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს, როგორც სარჩელის გარემოებები, ისე მოპასუხის შესაგებელი, გამოიკვლიოს საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსესხებლის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი).

13.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მე-3 მუხლში გამოვლენილი ნების განმარტება და სწორედ აღნიშნული უნდა შეეფასებინა სასამართლოს სსსკ-ის 52-ე /“ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“/ და 338-ე /“ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს“/ მუხლების საფუძველზე.

13.3. ხელშეკრულების სადავო მე-3 მუხლი ფორმულირებულია შემდეგნაირად: „სესხი უნდა დაბრუნდეს ერთი თვის ვადაში - ორი ათას ცამეტი წლის 25 ოქტომბერს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსესხებლის მიერ წინასწარ ძირითადი თანხის ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, გამსესხებელი მომავალი თვიდან სარგებელს დაარიცხავს ნარჩენ ძირ თანხას. ამასთან, ძირი თანხის წინსწრებით დაფარვისას, მსესხებელი იხდის მთელი თვის სარგებელსაც (პროცენტი). მხარეები ასევე უფლებამოსილი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. ვადის გაგრძელება მოხდება მხარეთა შეთანხმებით თითო-თითო თვით, მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ (ტ.1, ს.ფ. 16).

13.4. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. სააპელაციო სასამართლომ დადგენილდ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების სადავო მუხლი (ისევე, როგორც სხვა მუხლები) არ შეიცავს პირობას ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაგრძელების სავალდებულოობაზე. ამდენად, სადავო ხელშეკრულების დასახელებული მუხლის თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთ თვეში - 25.10.2013 წელს, თუმცა, იგივე მუხლი, იმავდროულად ითვალისწინებდა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების თითო-თითო ვადით გაგრძელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი კეთილსინდისიერად შეასრულებდა ვალდებულებას.

13.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დათქმის სწორად განსამარტად არსებითი მნიშვნელობის გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასესხო ურთიერთობებში მონაწილე მეწარმე პირია (რაც სადავო არაა მხარეთა შორის, იხ. სააპელაციო სასამართლოს 04.04.2016წ. სხდომის ოქმი), რომლის საქმიანობას წარმოადგენს თანხების სესხად გაცემა და სესხის პროცენტის სახით მოგების მიღება. ამ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაში“, რასაც მხარეებმა ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით გაგრძელების უფლება დაუკავშირეს, იგულისხმება სწორედ სესხის სარგებლის (ასევე, ძირი თანხის ნაწილის) კეთილსინდისიერად გადახდა, ვინაიდან, მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობის (სადავო ხელშეკრულების) მიზანს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მიღება წარმოადგენდა.

13.6. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ასევე, გადახდილი თანხის ოდენობისა და წარმოებული გადახდების პერიოდულობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალე ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარის გადახდით ანუ იმ თანხის გადახდით, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი იყო, კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას საპროცენტო სარგებლის გადახდის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად კონკლუდენტურ მოქმედებას წარმოადგენდა, რომელსაც მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადის თითო-თითო თვით გაგრძელება დაუკავშირეს. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ შეთანხმებულან სავალდებულო წესით ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაგრძელების აუცილებლობაზე, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, ისინი არ იყვნენ შეზღუდული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობა ზეპირად გაეცხადებინათ;

13.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 9 000 აშშ დოლარი სესხის ხელშეკრულების ძირითადი თანხის ნაწილი იყო და დაასკვნა, რომ მოვალის მიერ 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 7 აპრილის ჩათვლით ყოველთვიურად გადახდილი 1 500 აშშ დოლარი (ჯამში - 9 000 აშშ დოლარი) წარმოადგენდა ყოველთვიურ საპროცენტო სარგებელს და არ არსებობდა ამ თანხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნა, ასევე, გაამყარა სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე თავად მოსარჩელის წარმომადგენლის პასუხმა, რომ მხარეები ძირითადი თანხის ნაწილ-ნაწილ (1500-1500 დოლარის ოდენობით) დაბრუნებაზე არ შეთანხმებულან;

13.8. მსესხებელმა მარტის თვის საპროცენტო სარგებელი გადაიხადა 2014 წლის 7 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 25 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამსესხებელს ჰქონდა ამ პერიოდის საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება, რაც ასახულია კიდეც ნოტარიუსის (ე. შ-) მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში;

13.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამსესხებლის - მეწარმე სუბიექტის მიერ მსესხებლისათვის ვალდებულების შესრულების, ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობის შეთავაზება (ერთი თვის პროცენტის გადახდის შემთხვევაში, სესხის ვადის ერთი თვით გაგრძელება) მოპასუხე მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, არ არღვევს სსკ-ის 325-ე მუხლით /“თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“/ გათვალისწინებულ მხარის კეთილსინდისიერად მოქმედების სავალდებულო ნორმას;

13.10. სსკ-ის 625.1-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან;

13.11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინების მითითების შესაბამისად, შეისწავლა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისობა ზემოხსნებეული ნორმის დანაწესთან და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სესხზე ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 3 %-ით არის განსაზღვრული, მიიჩნია, რომ საპროცენტო სარგებლის აღნიშნული ოდენობა არ ეწინააღმდეგება სსკ-ის 625-ე მუხლის 1-3 ნაწილებით დადგენილ სტანდარტს.

13.12. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ამ გადაწყვეტილების 13.8 ქვეპუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, მსესხებლის მიერ გადახდილი 9 000 აშშ დოლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელ ძირითად თანხად მართებულად განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებლად - 1 500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოდ - 795.67 აშშ დოლარი.

14.საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაქუმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. ტ. 2- საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 236-242 და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 246-254).

14.2. კასატორის მტკიცებით, არსებითად მცდარი სამართლებრივი შეფასება მიეცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელიც 25.09.2013წ. ერთი თვით დაიდო და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს არ გაუგრძელებიათ იგი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რთული (სანოტარო) ფორმით იყო დადებული, სასამართლომ იგი ზეპირი შეთანხმებით გაგრძელებულად მიიჩნია კონკლუდენტური მოქმედებით, რაც არასწორია;

14.3. მცდარია ხელშეკრულების სადავო მე-3 პუნქტის (იხ. ამ გადაწყვეტილების 13.3. ქვეპუნქტი) სასამართლოსეული განმარტება სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლების საფუძველზე, რომელიც მხოლოდ გამსესხებლის ინტერესებიდან გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტების წესებს ადგენენ;

14.4. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება თითქოსდა ექვსჯერ გაგრძელდა ზეპირი შეთანხმებით, თუმცა, მსესხებლის ამგვარი ნების გამოვლენის მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში (სსსკ-ის 102-ე მუხლი);

14.5. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 335-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რადგან 25.09.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეა მეწარმე სუბიექტი, რომელიც გამსესხებელია, ხოლო მსესხებელია კასატორი, რომელიც ფიზიკური პირია. თუკი ეს უკანასკნელი ასევე მეწარმე სუბიექტი იქნებოდა, მაშინ შესაძლებელი იყო, სასამართლოს მიეჩნია, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა ერთი თვით, რადგან სწორედ ასეთ ურთიერთობებს აწესრიგებს სსკ-ის 335.1-ე მუხლი „თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად“;

14.6. სასამართლოს ასევე არ გამოუყენებია სსკ-ის 345-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ“. საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ 25.09.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის სტანდარტული ხელშეკრულება, რომელსაც გამსესხებელი მეწარმე სუბიექტი იყენებს თავის საქმიანობაში, ასეთ ვითარებაში კი, მისი ბუნდოვანი ტექსტი უნდა განიმარტოს კასატორის სასარგებლოდ;

14.7. ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 624-ე მუხლი, რადგან სანოტარო ფორმით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა მიეჩნია იგი გაგრძელებულად მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით, სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს პირობას მისი წერილობითი ფორმით გაგრძელებაზე (იხ. ამ გადაწყვეტილების 12.6. ქვეპუნქტის მეორე წინადადაება);

14.8. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 417-418-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან მსესხებელს არ დაურღვევია ვალდებულება იმ ნაწილში, რაც სასამართლო დავის საგანი იყო და არ უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,15 %-ის ოდენობით;

14.9. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი, რათა შეეფასებინა საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები საგადახდო დავალებების სახით, რომლებითაც დასტურდება, რომ მსესხებელი ფარავდა სესხს და არ იკვეთებოდა საპროცენტო სარგებლის გადახდა, სესხი უნდა დაბრუნებულიყო 25.20.2013 წლიდან.

15. საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, ხოლო იმავე წლის 4 ნოემბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს საკასაცო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი თვით. სსკ-ის 624-ე მუხლიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ „კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით“. მოხმობილი ნორმით, მესაკუთრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლებოდა განხორციელებულიყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება რთული (სანოტარო) ფორმით იყოს დადებული.

18. საქმის მასალებიდან გამომდინარე უდავოა, რომ მსესხებელი არის იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი), მხარეთა შორის ხელმოწერილი 25.09.2013წ. ხელშეკრულება სანოტარო წესითაა გაფორმებული. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი თვით ანუ მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გამსესხებელს წარმოეშვა 25.10.2013 წელს (იხ. “ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მე-3 პუნქტის სააპელაციო სასამართლოსეულ განმარტებას და დასკვნას, რომ მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულება გაგრძელდა 2014 წლის 25 აპრილამდე (იხ. ამ გადაწყვეტილების 13.3-13.10 ქვეპუნქტი), რადგან კანონით დადგენილი იმპერატიული დანაწესი (სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილი) არ ექვემდებარება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვრას (იხ. სსკ-ის 319-ე მუხლი). აღნიშნულ კანონისმიერ მოწესრიგებას ვერც მხარის განმარტება დაედება საფუძვლად, როგორც ეს მიუთითა სააპელაციო სასამართლომ (იხ. ამ გადაწყვეტილების 13.7 ქვეპუნქტი).

19. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 140412540; იხ. ტ.1 -ს ფ. 26-29) ვალდებულების შესრულების დროდ მითითებულია 2013 წლის 25 ოქტომბერი, რაც სავსებით შეესაბამება მხარეთა შორის გაფორებულ ხელშეკრულებას და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5-ე და მე-40 მუხლებს.

20. სსკ-ის 328-ე მუხლის შესაბამისად, „თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ“. დასახელებული ნორმის დანაწესისა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სანოტარო ფორმით იყო დადებული ხელშეკრულება, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილელი იყო კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კანონით დადგენილი სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება.

21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის მითითებებზე სააპელაციო სასამართლოსადმი (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-12 პუნქტი) და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამსესხებელმა, რომელიც საწარმოა, სტანდატული პირობებით გააფორმა ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან (მსესხებელთან), ხოლო სადავო მე-3 მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული ინტერპრეტაცია არ გამომდინარეობს სსკ-ის 344-345-ე მუხლებიდან /მუხლი 344. ხელშკრულების სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი - “ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. მუხლი 345. ბუნდოვანი ტექსტის განმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ - „თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ“/.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 სექტემბერს ერთი თვით დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მისი მოქმედების პერიოდში, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი 3%-იანი სარგებელი, რაც ხელშეკრულების ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით 1500 აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) და უსაფუძვლოა სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით გაგრძელებულად მიჩნევა, რასაც, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით დაუკავშირდა სესხის ძირითად თანხაზე გადახდილი საპროცენტო სარგებლის - თვეში 1500 აშშ დოლარის ოდენობით - გადახდა (იხ. ამ გადაწყვეტილების 13.6 და მორიგი ქვეპუნქტები).

23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების მე-3 მუხლის არასწორ განმარტებას შედეგად მოჰყვა მხარეთა შორის შეთანხმებული და სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის არასწორად განსაზღვრა და, შესაბამისად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი თანხის მიჩნევა არა ხელშეკრულების ძირითადი თანხის ნაწილად, არამედ, თითქოსდა ზეპირი შეთანხმებით, ექვსჯერ გაგრძელებული ხელშეკრულების საპროცენტო სარგებლად. ხელშეკრულების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებელს დაეკისრა არა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, არამედ - სესხის ძირითადი თანხისა და ვალდებულების შესრულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო.

24. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა, მსესხებლისათვის გადახდილი 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარის სესხის ძირითადი თანხის ნაწილად ჩათვლისა და ამ საფუძვლით სესხად აღებული თანხის 50 000 აშშ დოლარის 9000 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებულია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულების ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 25 ოქტომბერს, როგორც ეს იმავე წლის 25 სექტემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულების მე-3 მუხლი - ტ.1, ს.ფ. 16), შესაბამისად, მსესხებელს გამსესხებლისათვის გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხის - 50 000 აშშ დოლარის 3 %-იანი სარგებელი, რაც 1500 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, 9000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი 1500 აშშ დოლარი და მსესხებლის მიერ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ანგარიშში, როგორც უკვე გადახდილი თანხა (50 000 - 7 500 = 42 500). ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 140412540; იხ. ტ.1 -ს ფ. 26-29) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა განისაზღვროს 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარით. მოვალეს გადახდილად უნდა ჩაეთვალოს სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული ერთი თვის 3%-იანი სარგებელი, რაც შეადგენს 1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მისი მოცულობა განსაზღვრულია 795.67 (შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდაშვიდი ცენტი) აშშ დოლარით, რაც დაანგარიშებულია სესხის ძირითადი თანხიდან 50 000 აშშ დოლარიდან და მის 1.59 %-ს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ გადაწყვეტილების 14.8 ქვეპუნქტი), რომ მას არ დაურღვევია ვალდებულება და არ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. მხარეთა შორის ხელმოწერილი 25.09.2013 წ. ხელშეკრულების მე-12 მუხლით დადგენილია, რომ „ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების (სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში), დამრღვევი მხარე პირველი თვის განმავლობასი იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 25 კალენდარული დღის განმავლობაში“ (სსკ-ის 417-418-ე მუხლები). განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება დარღვეულია იმით, რომ მსესხებელმა ერთთვიან ვადაში არ დაუბრუნა გამსესხებელს ნასესხები თანხა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთთვიანი პირგასამტეხლოს გარდა, მოვალის მიერ ხუთჯერ გადახდილი 1500-1500 აშშ დოლარი (ჯამში 7500 აშშ დოლარი) წარმოადგენს ხელშეკრულების ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას, პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა იქნეს მსესხებლის მიერ ფაქტობრივად გადასახდელი დარჩენილი ძირითადი თანხიდან - 42 500 აშშ დოლარიდან. შესაბამისად, ამ თანხის 1.59 % არის 675.75 (ექვსას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდათხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარი. ამდენად, მოვალის ვალდებულება (42500+675.75) სულ 43 175.75 (ორმოცდასამი ათას ას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდათხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარით განისაზღვრება, რასაც დაემატება კანონით დადგენილი სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 (ას ოცდაექვსი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) და აღსრულების ხარჯები.

26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე, 372-ე, მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ. ვ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნოტარიუსის ე. შ-ს მიერ 2014 წლის 28 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (#140412540) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

4.1. სესხის ძირითადი თანხა - 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;

4.2. პირგასამტეხლო - 675.75 (ექვსას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდათხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარი;

4.3. სულ - 43 175.75 (ორმოცდასამი ათას ას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდათხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარი;

5. შპს „ე-ს“ (ს/კ 2-) ვ. ვ-ას (პ/ნ 0-) სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2 874.47 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე