Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-53-შ-2-2017 13 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N751/12559/13-ც

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ნ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი; დაბ. 09.06.1969წ.) სარჩელი და ა. ნ-ეს (შემდეგში: მოპასუხე; დაბ. 19.01.1966), არასრულწლოვანი შვილის - დ. ნ-ის (დაბ. 23.03.1998წ.) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა. ალიმენტი განისაზღვრა მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 30 %-ისა, რაც დადგენილია შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის.

2. ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია:

2.1. მოპასუხემ ალიმენტი უნდა გადაიხადოს 2013 წლის 5 დეკემბრიდან ბავშვის სრულოწლოვანებამდე;

2.2. ალიმენტის ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, ერთი თვის გადასახდელის ფარგლებში;

2.3. მოპასუხისაგან ამოღებული უნდა იქნეს სასამართლო მოსაკრებელი 243 (ორას ორმოცდასამი) გრივნა და 60 (სამოცი) კაპიკი უკრაინის ქ. ჩერნიგოვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კოდი ЕГПРОУ 38054398, МФО 853592, ГУКСУ ჩერნიგოვსკის ოლქში, საანგარიშსწორებო ანგარიში 31210206700004, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდი 22030001, გადასახადის დანიშნულება 02894496.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წლის 5 იანვარს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოსარჩელის შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვისა და შემდგომი რეაგირების თხოვნით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად.

4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული. ამავე განჩინებაში, სპეციალური კანონის 71.3-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის განმარტებულია მისი უფლებები: გამოთქვას საკუთარი აზრი, ასევე, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, რაც მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.

5. მე-4 პუნქტში მითითებული განჩინება, მოსარჩელის შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, 2017 წლის 20 იანვარს, გაეგზავნა მოპასუხეს, რაც კანონით დადგენილი წესით, ამავე წლის 2 თებერვალს, ჩაბარდა მის ძმას - ბ. ნ-ეს.

6. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საკუთარი უფლების რეალიზაციის მიზნით, რაიმე შუამდგომლობა ან განცხადება საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა აკმაყოფილებს „მინსკის კონვენციისა“ და წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

8. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა (იხ. პირველი პუნქტი).

10. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ცნობების მიხედვით, დგინდება, რომ მოპასუხე დროულად და კანონით დადგენილი ფორმით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის ადგილის, დროისა და თარიღის შესახებ. ამის დასტურად, დამატებით წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე, დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღის, დროისა და განხილვის ადგილის შეტყობინების, ცალკეული საპროცესო მოქმედების აღსრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

11. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 1 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე არც ალიმენტის და არც სასამართლო ხარჯების ნაწილში.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. მოპასუხეს ამგვარი შუამდგომლობით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. ამ განჩინების 4-6 პუნქტები), შესაბამისად, დასახელებული კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს ა. ნ-ის (დაბ. 09.06.19.. წ.) შუამდგომლობა უკრაინის, ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის, ქ. ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N751/12559/13-ც, რომლითაც ა. ზ-ის ძე ნ-ეს (დაბ. 19.01.19.., მცხოვრებს საქართველოში, 3500, ოზურგეთის რაიონი სოფ ნ-ში, მე-2 ქუჩა ბრიგადა „Ш..“) ა. ნ-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - დ. ა-ს ძე ნ-ის (დაბ. 23.03.19..წ.) სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიური შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 30 %-ისა, რაც დადგენილია შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე