საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-397-გან-1-2017 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ი" (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – დელიქტური ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
2. ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, სს „თ-ს“ დაეკისრა მორალური ზიანის - 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 3 იანვრით დათარიღებული სააღსრულებო ფურცელი 4 იანვარს ჩაიბარა კასატორ - ა. დ-ის წარმომადგენელმა ს. გ-ემ.
5. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და 2017 წლის 3 იანვრით დათარიღებული სააღსრულებო ფურცლის დედანი აღსასრულებლად გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
6. კასატორ-ა. დ-ის წარმომადგენელმა ს. გ-ემ 2017 წლის 1 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
7. კასატორის წარმომადგენელი განცხადებაში უთითებს, რომ მან თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2017 წლის 5 იანვარს წარადგინა სააღსრულებო ფურცელი (საქმეზე # ას-543-518-2016), რომელიც წარდგენილ მასალებთან ერთად დაუბრუნა სააღსრულებო ბიურომ.
8. კასატორის წარმომადგენლის განცხადებაში მითითებულია, რომ სააღსრულებო ბიურომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე 2017 წლის 3 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბუნდოვნად მიიჩნია, კერძოდ, გაუგებარია სს „თ-ს“, როგორც მოვალეს, ა. დ-ის, როგორც კრედიტორის სასარგებლოდ, გადასახდელი აქვს 200 000 ლარი, თუ უზენაესი სასამართლოს 23.12.2016წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული 200 000 ლარი მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებულ 100 000 ლარს, რომლის გადახდაც უკვე აღსრულებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე.
9. კასატორის წარმომადგენელმა თავის განცხადებას დაურთო თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი დოკუმენტები (05.01.2017წ. განცხადების მიღების ბარათი, 13.01.2017წ. განცხადება, კანცელარიის მიღების ბარათი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი დოკუმენტების კრედიტორისათვის დაბრუნების შესახებ, წერილი კრედიტორის წარმომადგენელს). მიმდინარე წლის 13 მარტს კასატორის წარმომადგენელმა დამატებითი განცხადება წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა კრედიტორის წარმომადგენლის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
11. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს გამარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
12. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე ცხადია, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 პუნქტით „სს „თ-ს“ ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურება“ (იხ. ტ.3, ს.ფ. 514).
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 ქვეპუნქტი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდას ეხება. სააპელაციო სასამართლომ დანარჩენ ნაწილში უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ტ. 4, ს.ფ. 218), რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 ქვეპუნქტი (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი) არ შეცვლილა.
15. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებულია: „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება“. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „4. სს „თ-ს“ ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.60 ლარის ოდენობით, 2012 წლის 01 იანვრიდან თვეში 2 557.00 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად“.
16. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი), სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო ა. დ-ის მიერ მორალური ზიანის სახით კონკრეტული თანხა (3 300 000 - სამი მილიონ სამასი ათასი ლარი), რაც საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული კი აისახა 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში, კერძოდ: „5. ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 6. ა. დ-ის სასარგებლოდ, სს „თ-ს“ დაეკისროს მორალური ზიანის 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა“.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება, რომლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.5 ქვეპუნქტით, სს „თ-ისათვის“ ა. დ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით, დაკისრებული 100 000 (ასი ათასი) ლარის გარდა, სს „თ-ს“, როგორც მოვალეს კრედიტორ - ა. დ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
18. საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ა. დ-ის საკასაციო საჩივარი და, მორალური ზიანის სახით, სს „თ-ს“ დააკისრა 200 000 ლარი, რომელიც არ მოიცავს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. ქვეპუნტით უკვე დაკისრებული 100 000 ლარის გადახდას, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ქვემდგომი სასამართლოს მიერ ა. დ-ის სასარგებლოდ სს „თ-ისათვის“ დაკისრებული 100 000 ლარი.
19. ა. დ-ი საკასაციო საჩივრით, პროტეზირების ხარჯების გარდა, ითხოვდა მორალური ზიანისათვის თანხას იმ მოტივით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 100 000 ლარი მცირე თანხა იყო. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მის სასარგებლოდ, სს „თ-ს“ დამატებით დაეკისრა 200 000 (ორასი ათასი) ლარი, რომლის გადახდა ეკისრება მოვალეს და სწორედ აღნიშნული თანხა დაეკისრა სს „თ-ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით კასატორ ა. დ-ის სასარგებლოდ სს „თ-ისათვის“ დაკისრებული 100 000 ლარისაგან დამოუკიდებლად უნდა აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სასარგებლოდ იმავე მოვალისათვის დაკისრებული 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდა.
21. სსსკ-ის 262-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ განუხილავს და, შესაბამისად, არ გადაუწყვეტია სააღსრულებო წარმოების ეტაპზე კრედიტორის სააღსრულებო მოსაკრებლისაგან გათავისუფლების საკითხი, შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის წარმომადგენლის განცხადებას არ უპასუხებს, რადგან განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ გადაწყვეტილა აღნიშნული. სასამართლოს გადაწყვეტილება განიმარტება მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე კასატორ ა. დ-ის წარმომადგენლის ს. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები განიმარტოს შემდეგნაირად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ისათვის“ დაკისრებული 200 000 (ორასი ათასი) ლარი, არ მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სასარგებლოდ სს „თ-ისათვის“ დაკისრებულ 100 000 (ასი ათასი) ლარს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე