საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-434-შ-12-2017 24 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ქინგსის ოლქის (საგრაფოს) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის # 51106/2015 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 3 თებერვალს, შუამდგომლობით მომართა ი. ხ-მა (შემდეგში: განმცხადებელი, მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი), რომელმაც მოითხოვა აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ქინგსის ოლქის (საგრაფოს) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის # 51106/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
2. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დგინდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა განმცხადებელმა სარჩელი აღძრა მ. ტ-ის წინააღმდეგ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) განქორწინების მოთხოვნით.
3. ნიუ-იორკის შტატის ქინგსის ოლქის (საგრაფოს) უზენაესი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
4. უცხო ქვეყნის სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ერთ წელზე მეტია წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, რადგან მოსარჩელემ მიატოვა მოპასუხე, ამასთან, მათ არ ჰყავთ ქორწინებიდან არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად, არ არსებობს აქედან გამომდინარე ვალდებულებები, ასევე, არ არსებობს მოსარჩელისა და მოპასუხის მხრიდან ან მესამე პირებთან მიმართებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამომავლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
5. საქმეში წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული და სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი დოკუმენტების საფუძველზე, დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის, 2015 წლის 27 ნოემბრის, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
6. შუამდგომლობის ავტორმა, 2017 წლის 3 თებერვალს წარმოდგენილ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულია აშშ-ში, კანონის შესაბამისად, ხოლო განმცხადებლისაგან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დადგენილი წესით, მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რათა შუამდგომლობის ავტორმა განქორწინების იურიდიული ფაქტი დაარეგისტრიროს საქართველოს სამოქალაქო რეესტრში.
7. შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი აქვს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის ასლი, რომლის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1979 წლის 29 აპრილს არის რეგისტრირებული ქორწინება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ქინგსის ოლქის (საგრაფოს) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის # 51106/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა შუამდგომლობის ავტორმა, მხარეები, აშშ-ის სასამართლოში განხილვის დროისათვის, ერთ წელზე მეტია ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ხოლო ამ დროისათვის ორ წელზე მეტია გასული. მათ არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ აქედან გამომდინარე ან სხვა ქონებრივი ვალდებულებები.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ქინგსის ოლქის (საგრაფოს) უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის # 51106/2015 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყვეტილია ი. ხ-სა და მ. ტ-ეს შორის ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე