საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-635-შ-18-2017 24 აპრილი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. რ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. რ-ე (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე –გერმანიის, ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის # 60F34/13 გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. რ-ე (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან მოპასუხე) და ო. რ-ე (შემდეგში: მოსარჩელე) 2004 წლის 22 ოქტომბერს დაქორწინდნენ ბოხუმის მმაჩის ბიუროში (სარეგისტრაციო ნომერი 1259/2004).
2. ბოხუმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
3. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ბოხუმის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის # 60F34/13 გადაწყვეტილებით და მეუღლეებს შორის შეწყდა ქორწინება (იხ. პირველი პუნქტი).
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვალს შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე.
5. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია გერმანიაში, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის მოთხოვნა განპირობებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მოთხოვნით იურიდიული ფაქტის რეგისტრაციის მიზნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მ. რ-ეს შუამდგომლობა გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის # 60F34/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს წარმოადგენდნენ ადვოკატები; მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, იგი მიღების დღესვე შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულებულია გერმანიაში.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ზემოხსენებულ ქვეპუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ბოხუმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის # 60F34/13 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ. რ-ესა და ო. რ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე