Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-725-შ-22-2017 31 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ა (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – სლოვაკეთის რესპუბლიკის, პრიევიზდას სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N17C/15/2016-25

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სლოვაკეთის რესპუბლიკის, პრიევიზდას სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის N17C/15/2016-25 გადაწყვეტილებით ვ. ნ-ასა (დაბ. 07.02.19..; შემდეგში: მოსარჩელე) და დ. ჯ-ეს (დაბ. 17.9.19..; შემდეგში: მოპასუხე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) შორის შეწყდა საქართველოში, ქ. თბილისში, 23.09.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება (ჩაწერილი სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ქორწინების წიგნში - ბრატისლავას მმაჩის სპეციალური კრებული OM/78, 2011 წელი, გვერდი 162, რიგითი N323).

2. განმცხადებელმა, 2017 წლის 22 თებერვალს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სლოვაკეთის რესპუბლიკის, პრიევიზდას სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის N17C/15/2016-25 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 11 აპრილიდან და აღსრულებულია სლოვაკეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მოპასუხემ მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მას ესაჭიროება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რათა მის საფუძველზე სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდეს ქორწინების შეწყვეტის იურიდიული ფაქტი.

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, განმცხადებელი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ განქორწინების ნაწილში ითხოვს, შესაბამისად, საცნობი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მსჯელობა და მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგი სხვა საკითხებზე არ არის საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი.

6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, სლოვაკეთის რესპუბლიკის, პრიევიზდას სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის N17C/15/2016-25 გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ ყოფილი მეუღლის მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა და წყვილს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს სლოვაკეთის რესპუბლიკის, პრიევიზდას სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის N17C/15/2016-25 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ვ. ნ-ასა და დ. ჯ-ეს შორის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე