საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-934-შ-26-2017 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ხ-ა (ფ-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ. ა-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება N 44 F 16/13
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის N 44 F 16/13 გადაწყვეტილებით გაუქმდა 13.04.2007 მიუნსტერის მმაჩის ბიუროში ს. ფ-ესა (გვარის შეცვლის შემდეგ ხ-ა, შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, განმცხადებელი ან მოსარჩელე) და ს. მ. ა-ეს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის N189/2007).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 7 მარტს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და მოითხოვა გერმანიის, მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის N 44 F 16/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 15 თებერვლიდან და აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
4. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ განქორწინება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ 2012 წლიდან წყვილი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს ერთად, რაც დამაჯერებლად დაასაბუთა მხარემ და დამატებით ისიც განმარტა, რომ მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება შეუძლებელია.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ წარმოადგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, განმცხადებელი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ განქორწინების ნაწილში ითხოვს, შესაბამისად, საცნობი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მსჯელობა და მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგი სხვა საკითხებზე არ არის საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის N 44 F 16/13 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა განმცხადებელმა მეუღლის წინააღმდეგ, რომელთანაც 2012 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია თანაცხოვრება და არც არსებობს მისი აღდგენის პერსპექტივა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ხ-ას (ფ-ეს) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის, მიუნსტერის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის N 44 F 16/13 გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე