საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1072-შ-30-2017 2 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ვ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს, ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ბ-ას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ა. ვ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოვალე) წინააღმდეგ განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილების - ა. ა. გ. ვ-ასა (დაბ. 29.05.2008წ.) და ჰ. ა. ო. ვ-ის (დაბ. 01.10.2009წ.) სასარგებლოდ, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 117 მანეთის (შესაბამისად, ორივეზე ერთად - 234 მანეთის) გადახდა, ყოველთვიურად.
2. ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე, რომელიც ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, არ გამოცხადდა სასამართლოში. აღნიშნული საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185.5 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარჩელის განხილვას მოპასუხის დაუსწრებლად.
3. ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საოჯახო კოდექსის 20.2-ე მუხლის საფუძველზე წყვილს მიეცა შესარიგებლად სამთვიანი ვადა, რაც უშედეგოდ გავიდა, შესაბამისად, ხათაის რაიონის სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა ამავე კოდექსის 22-ე მუხლი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბავშვთა უფლებების შესახებ კანონის მე-13 მუხლი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2016 წლისათვის საცხოვრებელი მინიმუმის შესახებ კანონით დადგენილი საცხოვრებელი მინიმუმი ბავშვებისათვის.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წლის 16 მარტს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოსარჩელის შუამდგომლობის, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ალიმენტის ნაწილში, განხილვისა და შემდგომი რეაგირების თხოვნით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული. ამავე განჩინებაში, სპეციალური კანონის 71.3-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის განმარტებულია მისი უფლებები: გამოთქვას საკუთარი აზრი, ასევე, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, რაც მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.
6. მე-5 პუნქტში მითითებული განჩინება, მოსარჩელის შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაციის ასლები, 2017 წლის 5 აპრილს გაეგზავნა მოპასუხეს, რაც კანონით დადგენილი წესით, ამავე წლის 20 აპრილს ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს- დედას.
7. საკასაციო სასამართლოსათვის მოპასუხეს არ წარმოუდგენია საკუთარი უფლების რეალიზაციის მიზნით რაიმე შუამდგომლობა ან განცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა აკმაყოფილებს „მინსკის კონვენციისა“ და წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
9. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) დაკმაყოფილებული სარჩელის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება ალიმენტის ნაწილში, რადგან მოვალეს (მოპასუხეს) წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, გარდაბნის რაიონში მცხოვრები ა. ო. ო. ა-ი.
11. ამ განჩინების მე-2, ასევე, 5-7 პუნქტებში მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 15 ივლისს, დადასტურებულია მისი საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძვლები.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. მოპასუხეს ამგვარი შუამდგომლობით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. ამ განჩინების 5-7 პუნქტები), შესაბამისად, დასახელებული კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს ა. ბ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ვ-ს (მცხოვრებს საქართველოში, გარდაბნის რაიონი, ა-ის ქუჩა, სახლი 4, ბინა # 27) არასრულწლოვანი შვილების - ა. ა. გ. ვ-ასა (დაბ. 29.05.2008წ.) და ჰ. ა. ო. ვ-ის (დაბ. 01.10.2009წ.) შენახვა-აღზრდისათვის ა. ბ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 117 მანეთის (შესაბამისად, ორივეზე ერთად - 234 მანეთის) გადახდა, 14.06.2016 წლიდან, ყოველთვიურად, ბავშვების სრულწლოვანებამდე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე