საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1496-შ-39-2017 23 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება N5443/2016 R.G.
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. იტალიის რესპუბლიკის ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების გაერთიანებული საბჭოს პალატის კოლეგიური შემადგენლობის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით /# 5443/2016 R.G./ შეწყდა ი. ფ-ასა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და გ. ა-ეს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის საქართველოში, ქ. თბილისში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, 1991 წლის 28 აპრილს # 911-ით რეგისტრირებული ქორწინება.
2. ქ. ბარის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დგინდება, რომ მეუღლეებმა 2015 წლის 25 ივნისს ურთიერთშეთანხმებით მიმართეს სასამართლოს მათი სამოქალაქო ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
3. წყვილს ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წლის 14 აპრილს შუამდგომლობით მომართა პირველ პუნქტში დასახელებულმა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ამასთან, მიუთითა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია იტალიაში კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების ცნობა მას სჭირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის წარსადგენად ქორწინების შეწყვეტის იურიდიული ფაქტის რეგისტრაციის მიზნით.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განმცხადებლისა და მოწინააღმდეგე მხარის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეწყდა სამოქალაქო ქორწინება. წყვილს ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი, ამასთან, მათ შორის არ არსებობდა დავა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი, რაც წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ფ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების გაერთიანებული საბჭოს პალატის კოლეგიური შემადგენლობის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება /# 5443/2016 R.G./, რომლის საფუძველზე შეწყდა ი. ფ-ასა და გ. ა-ეს შორის საქართველოში, ქ. თბილისში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, 1991 წლის 28 აპრილს # 911-ით რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე