საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ა-3313-შ-90-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს სადაზღვევო კომპანია "ბ-ი"
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-ი"
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება #152-6/2011
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის # 152-6/2011 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სამეურნეო სასამართლოს გადაწყვეტილება), სუბროგაციის წესით, შპს "ფ-ს" /“P Ltd”/ (შემდეგში: მოწინააღმდეგე, მოპასუხე ან მოვალე) შპს სადაზღვევო კომპანიის "ბ-ის" /“Б»/ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე ან კრედიტორი) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 41 201.81 (ორმოცდაერთი ათას ორასერთი აშშ დოლარისა და ოთხმოცდაერთი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა.
2. ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე (მოვალე), რომელიც სათანადო წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის 22 მარტის შეტყობინებით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით, არ გამოცხადდა უცხო ქვეყნის სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვაზე, არ უზრუნველყო წარმომადგენლის წარგზავნა და არც გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის.
3. უცხო ქვეყნის სამეურნეო სასამართლომ, მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ბელორუსის რესპუბლიკის სამეურნეო პროცესუალური კოდექსის 177-178 მუხლების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნია, სასამართლო განხილვის ჩატარება მოპასუხის დაუსწრებლად. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და საქმეში განთავსებულ მასალებს, რომელთა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არსებობდა.
4. მინსკის სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე წლის 2 მაისს და არ აღსრულებულა ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოვალე საწარმო (ს.კ. 2..) რეგისტრირებულია საქართველოში, ძველი თბილისის რაიონში, კ-ის ქუჩაზე # 9.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის # ა-3985-შ-104-2013 განჩინებით კრედიტორი საწარმოს შუამდგომლობა განუხილველად დარჩა იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხე საწარმოს გაეგზავნა საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება მოსარჩელის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე, შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებთან ერთად, მოსარჩელის მიერ მითითებულ ორივე მისამართზე, ქ. თბილისი, კ-ის ქ. # 9 და ქ. თბილისი, წ-ის ქ. # 72 ა.
7. საკასაციო სასამართლოს იმავე განჩინებაში მითითებულია, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, ზემოხსენებულ ორივე მისამართზე სხვა ორგანიზაციები მდებარეობს, ხოლო მოპასუხე საწარმო კი გადასულია სხვა მისამართზე. იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია, შუამდგომლობა განუხილველად დარჩა.
8. საკასაციო სასამართლოს # ა-3985-შ-104-2013 განჩინების სამართლებრივი მოტივაცია ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 73.1. მუხლს: „სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე“. თუმცა, რადგან მოპასუხისათვის ვერ მოხერხდა სასამართლოს განჩინების ჩაბარება, საკასაციო სასამართლო დაეყრდნო სსსკ-ის 78.1-ე მუხლით დადგენილ მოწესრიგებას, რომლის თანახმად: „თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“. მითითებული ნორმის საფუძველზე, კრედიტორის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის განჩინება, მოვალისათვის ჩაბარების მიზნით, გავრცელდა საჯაროდ და გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.ge.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2016 წლის 20 სექტემბერს, მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ /#6205, 17.09.2016წ./ წარმოადგინა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული კრედიტორის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციისა (შემდეგში: „მინსკის“ კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა მინსკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება.
10. წარმოდგენილი მასალებით დგინდება 1-8 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
11. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა მოპასუხეს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე (ქ. თბილისი, კ-ის ქ. # 9), რომელიც ეფუძნება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, მოსარჩელის მიერ მითითებულ ინფორმაციას და საქმის მასალებს.
12. საკასაციო სასამართლოს 27.09.2016წ. განჩინებითვე განმარტებულია მოპასუხის უფლება, ისარგებლოს განსახილველ შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმის, მათ შორის, საქმის ზეპირი განხილვით მოსმენის შესახებ, რაც მისი მოთხოვნის საფუძველზე შედგება, ამ განჩინების მე-9 მუხლში მითითებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის თანახმად.
13. საქმეში განთავსებულია 2016 წლის 4 ოქტომბრის აქტი, რომლის მიხედვით, მოპასუხე საწარმო არ მდებარეობს ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ მისამართზე, კურიერს განუმარტეს, რომ საწარმო რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს დასახელებულ მისამართზე. სსსკ-ის 73.7-ე მუხლის თანახმად: „თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს“, ხოლო 74-ე მუხლის საფუძველზე: „თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით“. გზავნილის (განჩინების) მიმღები ვალდებულია, გზავნილი (განჩინება) დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.
14. სსსკ-ის 73.8-ე მუხლით დადგენილია, რომ „ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით“.
15. წინამდებარე განჩინების 13-14 პუნქტებში განვითარებული მსჯელობისა და ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს, დაევალა მოპასუხე საწარმოსათვის, საქართველოს უზენაესი სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის (იხ. ამ განჩინების 11-12 პუნქტები) განჩინების ჩაბარება, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, კ-ის ქ. # 9, გზავნილის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში. იმავე განჩინებით, შსს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა გზავნილის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
16. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს წერილით (MIA 1 16 02875411, 29.11.2016წ.), რომელიც 2016 წლის 5 დეკემბერს შემოვიდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (რეგისტრაციის # ა-4285-16), სასამართლოს ეცნობა, რომ 27.09.2016წ. და 03.11.2016წ. განჩინებები (იხ. 11-12, 15 პუნქტები), ასევე თანდართული მასალები, ვერ ჩაბარდა მოპასუხე საწარმოს, რადგან იგი არ მდებარეობს სასამართლოს მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. მე-11 პუნქტი), რის გამოც, მასალები დაუბრუნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, უბნის ინსპექტორის მიერ შედგენილ აქტთან ერთად.
17. წინამდებარე განჩინების 11-16 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბერს, სპეციალური კანონის 68-ე და 71-ე მუხლების, სსსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული იქნა განჩინება წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასალების საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველად წარმოებაში მიღების თაობაზე ამავე სასამართლოს 27.09.2016წ. განჩინების საჯაროდ გავრცელებისა და მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიჩნევის შესახებ, მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.
18. საქმის მასალებში განთავსებული აქტის მიხედვით დგინდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება სასამართლოს ვებ-გვერდზე - www.supremecourt.ge განთავსდა იმავე წლის 22 დეკემბერს. განჩინებით დადგენილი შვიდდღიანი ვადა ამოიწურა 2016 წლის 29 დეკემბერს (ხუთშაბათი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „მინსკის“ კონვენციის და სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ დანაწესებსა და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო ქმედებებზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების თაობაზე, მასში მითითებული მოპასუხის (მოვალის) ინფორმირებას და ამ უკანასკნელის უფლებას, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, უკავშირდება.
20. წინამდებარე განჩინების 11-18 პუნქტებში ასახულია საკასაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც, ცხადია, არა მხოლოდ მოვალის, არამედ კრედიტორის (შუამდგომლობის ავტორის) კანონიერი მოთხოვნის კონტექსტშიც უნდა იქნეს განხილული.
21. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მეგობარ ბელორუსის რესპუბლიკასთან არ არსებობს საქართველოს მიერ ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის“ კონვენციით, რომლის, როგორც მრავალმხრივი შეთანხმების, ხელმომწერნი არიან შუამდგომლობის წარმომდგენი მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოები.
22. „მინსკის“ კონვენციის მე-3 თავით დადგენილია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობები. კერძოდ, კონვენციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, კონვენციით გათვალისწინებული პირობების დადგენის შედეგად, საცნობი გადაწყვეტილების მხოლოდ იმ თვალსაზრისით შემოწმების ფარგლებში, რომ მხარე (მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხე, მოვალე), რომლის წინააღმდეგაც არის გამოტანილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, სათანადოდ იყო ინფორმირებული იმ სასამართლო სხდომის თაობაზე, რომლის შედეგადაც მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმისათვის.
23. საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის მე-2, 21-ე, 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებზე, რომლებიც კონვენციასთან ერთად გამოიყენება და მიაჩნია, რომ მოპასუხის (მოვალის) წინააღმდეგ გამოტანილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, რადგან სსსკ-ით დადგენილი წესით, შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ, ყველა პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენა მოპასუხისათვის წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩასაბარებლად.
24. სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი დანაწესის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე არაერთხელ უწყების გაგზავნა, შს სამმართველოს დახმარებით უწყების ჩაბარების გამოყენება, საჯაროდ გავრცელებული შეტყობინება, სასამართლოს აძლევს საფუძველს, მოვალისათვის ჩაბარებულად მიიჩნიოს შეტყობინება, ხოლო მისი მოსაზრების წარმოუდგენლობა, არ არის დამაბრკოლებელი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულებისათვის.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მინსკის“ კონვენციის 53-ე, 54-ე, 55-ე მუხლებით, ასევე, სპეციალური კანონის მე-2, 21-ე, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ.
26. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინება საჯარო შეტყობინების მეშვეობით (სსსკ-ის 78-ე მუხლი) გავრცელდეს და გამოქვეყნდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.ge, ასევე, გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 53-ე, 54-ე, 55-ე მუხლებით და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 21-ე, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს სადაზღვევო კომპანია "ბ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტეროტირიაზე აღიარებული იქნეს და აღსრულდეს ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება #152-6/2011, რომლითაც შპს „ფ-ს“ შპს სადაზღვევო კომპანია "ბ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 41 201.81 აშშ დოლარის გადახდა;
3. განჩინება, შპს „ფ-ისათვის“ ჩაბარების მიზნით, გავრცელდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე www.supremecourt.ge, ასევე, გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე