Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ა -4113-შ-115-2016 26 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე –ზ. დ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 17 ნოემბერს # 7479 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი მსვლელობისათვის გადმოგზავნა ო. კ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი, ბავშვის დედა ან კრედიტორი) შუამდგომლობა საქართველოს მოქალაქის ზ. დ-ისათვის (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის მამა ან მოვალე) ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

2. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, 2013 წლის 5 იანვარს დაბადებული, რ. ზ-ის ძე დ-ე (შემდეგში: ბავშვი ან მცირეწლოვანი).

3. ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. იმავე კოდექსის 92-ე მუხლით კი, არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ, მის მშობლებს ეკისრებათ ალიმენტის გადახდა, რომლის ამოღება ხდება შემდეგი წესით: ერთი ბავშვის სასარგებლოდ - 25 %, ორი ბავშვისათვის - 33 %, სამი და მეტი ბავშვისათვის - 50 % მშობლების ხელფასის ან სხვა შემოსავლის მიხედვით. ამასთან, შრომისუნარიანი მშობლებისათვის ალიმენტის მინიმალური ოდენობა თვეში არ უნდა იყოს ერთი ბავშვისათვის 50%-ზე, ორი ბავშვისათვის - 75 %-ზე, ხოლო სამი და მეტი ბავშვისათვის 100 %-ზე ნაკლები საარსებო მინიმუმის ბიუჯეტთან მიმართებით მოსახლეობის საშუალო სულადობის მიხედვით.

4. გომელის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ბავშვის მამის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ მცირეწლოვანი დედის კმაყოფაზეა, ამ უკანასკნელს შვილის რჩენაში მოპასუხე მატერიალურად არ ეხმარება. მამის ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი კანონიდან გამომდინარეობს.

5. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს (ბავშვის მამას) დაეკისრა ალიმენტი ხელფასის ან სხვა შემოსავლის 25 %-ის ოდენობით, რაც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50 %-ზე ნაკლები მოსახლეობის საშუალო სულადობის მიხედვით. ალიმენტის გადახდა მოპასუხეს დაეკისრა 2014 წლის 15 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

6. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, უსწორობის გასწორების შესახებ, ცვლილება შევიდა, რომლითაც კრედიტორისა და მოვალის სახელში (სახელი, გვარი, მამის სახელი) შეტანილია შესწორებები.

7. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამავე სასამართლოს მიერ შეტანილი უსწორობის გასწორების საკითხზე (2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით; იხ. მე-5 პუნქტი) იმსჯელა სასამართლომ და გადაწყვიტა, რომ მოვალის (მოპასუხის) მონაცემები, რომლებიც მითითებული იქნა 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ, შეეცვალა. საბოლოოდ, 2015 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სახელი მითითებულია როგორც - ზ. დ-ე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 14 სექტემბერს.

8. საქმის მასალებშია ცნობა, რომლის მიხედვით გომელის სოვეტსკის რაიონის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 30 აპრილს და ექვემდებარება აღსრულებას. ასევე, კანონიერ ძალაშია შესული იმავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 8 ივლისსა და 14 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებები უსწორობის გასწორების შესახებ (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები).

9. ზემოხსენებულ ცნობაში მითითებულია, რომ 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხეს მის საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნა მითითებული გადაწყვეტილების ასლი, ასევე, განემარტა უფლება გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. მოპასუხეს 2014 წლის 19 აპრილს ჩაბარდა გადაწყვეტილების ასლი, თუმცა, დადგენილ ათდღიან ვადაში მას არ გამოუთქვამს პრეტენზია გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ, რის გამოც იგი უცვლელად დარჩა და ექვემდებარება აღსრულებას.

10. გომელის სოვეტსკის რაიონის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სრულდებოდა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 2016 წლის 3 ივნისს საააღსრულებო დოკუმენტი დაუბრუნდა მოსარჩელეს იმ მიზნით, რომ დადგენილიყო მოპასუხის (მოვალის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ასევე, სამუშაო ადგილი საქართველოში.

11. საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, მოვალის დავალიანება 2016 წლის 1 მაისიდან შეადგენს 50 282 255 (ორმოცდაათი მილიონ ორას ოთხომოცდაორი ათას ორას ოცდახუთი) რუბლს ბელარუსის ნაციონალური ბანკის მონაცემების მიხედვით ან 5 028 (ხუთი ათას ოცდარვა) რუბლსა და 23 (ოცდასამი) კაპიკს ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიხედვით (2016 წლის 1 ივლისის დენომინაციის გათვალისწინებით). იმავე ცნობის მიხედვით, მოვალე (დაბადებული 15.07.1975წ.) ცხოვრობს საქართველოში, ქ. ბათუმში, ლ-ის ქუჩაზე, სახლი # 6 ვ, ბინა # 27.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების თაობაზე განსახილველად მიიღო.

13. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით 2016 წლის 9 დეკემბერს, შემდეგ განმეორებით - 26 დეკმებერს გაეგზავნა მოპასუხეს, რომელსაც ვერ ჩაბარდა გზავნილები იმ მითითებით, რომ სახლში არავინ იყო, ხოლო კურიერმა ორივე შემთხვევაში დატოვა შეტყობინება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინების ასლისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) მოპასუხისათვის ჩაბარება მის საცხოვრებელ მისამართზე (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).

15. პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილითა და თანდართული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით, საჯარო შეტყობინებით გავრცელდა მე-14 პუნქტში მითითებული განჩინება და მოპასუხეს განემარტა უფლება, წარმოადგინოს მოსაზრება შუამდგომლობის თაობაზე შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ასევე, განემარტა უფლება, რომ შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე (წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლი).

17. საქმის მასალებში მოთავსებული აქტის მიხედვით დგინდება, რომ მე-16 პუნქტში მითითებული საჯარო შტყობინება 2017 წლის 9 მარტს განთავსდა უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე. საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შვიდდღიან ვადაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება. საპროცესო კანონით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს რაიმე მოსაზრება ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ო. კ-ას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა მოპასუხის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი და სამუშაო მისამართბეის) დადგენის მიზნით (იხ. ამ განჩინების 7-10 პუნქტები).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

20. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

21. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა (იხ. 1, 2, 11 პუნქტები).

23. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ცნობების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იგი გარკვეულ დრომდე ასრულდებდა კიდეც ვალდებულებას - იხდიდა ალიმენტს.

24. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების 13-17 პუნქტები). აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს უწყება (სსსკ-ის 78.2-ე მუხლი). მოპასუხეს არ მოუმართავს შუამდგომლობით ან რაიმე სახის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

25. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

26. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების გზით გავრცელებული განჩინების შესახებ.

27. სპეციალური კანონის კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.

28. „მინსკის კონვენციის“ 54.2 მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3 - ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .

29. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და იძულებით აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გომელის სოვეტსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ზ. დ-ეს (დაბადებულს 15.07.1975წ., მცხოვრებს საქართველოში, ქ. ბათუმში, ლ-ის ქუჩაზე, სახლი # 6 ვ, ბინა # 27) არასრულწოვანი შვილის - რ. დ-ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის სრულწლოვანი ასაკის შესრულებამდე, დაეკისრა 2016 წლის 1 მაისიდან 50 282 255 (ორმოცდაათი მილიონ ორას ოთხომოცდაორი ათას ორას ოცდახუთი) რუბლი ბელარუსის ნაციონალური ბანკის მონაცემების მიხედვით ან 5 028 (ხუთი ათას ოცდარვა) რუბლი და 23 (ოცდასამი) კაპიკი ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიხედვით (2016 წლის 1 ივლისის დენომინაციის გათვალისწინებით).

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე