Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-19-17-2017 6 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ამხანაგობა "ღ-ე" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ზ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ტ. ზ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე) 2016 წლის 6 მაისს სარჩელი აღძრა ამხანაგობა „ღ-ეს“ (შემდეგში: ამხანაგობა, მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) დამფუძნებლების გ. გ-ის, გ. ბ-ის, გ. ყ-ის და შპს „ე-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის 50 700 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრება ლარში, ასევე, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 50 700 აშშ დოლარის 0, 002 %-ის დაკისრება.

2. მოსარჩელემ 2016 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, გ-ის გამზ. # 64, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0.., დაზუსტებული ფართობი - 6300 კვმ, ყადაღის დადება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-ე, 198-ე მუხლები; იხ. მოსარჩელის განცხადება - ს.ფ. 50-52).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. განჩინება - ს.ფ. 56-60).

4. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ იმავე წლის 27 ივნისის განჩინებით და საჩივარი, საქმესთან ერთად, გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლი; იხ. 27.06.2016წ. განჩინება - ს.ფ. 100-104).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისისა და 27 ივნისის განჩინებები (იხ. ამ განჩინების 3-4 პუნქტები) და მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ამხანაგობას (ს/კ 100189911) აეკრძალა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების (იხ. მე-2 პუნქტი) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

5.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგინდა დაუყოვნებლივ აღსრულება და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სსსკ-ის 197 1, 372-ე, 377-ე, 390-ე, 419-420 მუხლები; იხ. 01.09.2016 წ. განჩინება - ს.ფ. 107-113 და სააღსრულებო ფურცელი - ს.ფ. 114).

6. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში იმსჯელა, რომ განსახილველი დავის საგანია მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 50 700 აშშ დოლარისა და, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 50 700 აშშ დოლარის 0, 002 %-ის დაკისრება.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ქონების შენარჩუნება წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველსაყოფად - მისი დაკმაყოფილების შესახებ სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტირებისათვის აუცილებელ პირობას.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს მოპასუხის კუთვნილი ქონების გასხვისებაში ან გაჩუქებაში, რა შემთხვევაშიც მოპასუხის საკუთრებაში ქონების არარსებობის გამო, თანხის დაკისრების თაობაზე შესაძლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ვერ განხორციელდება.

9. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის სამართლიანი ბალანსის შესახებ და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები უნდა შეესაბამებოდეს არა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას სრულად, არამედ მოსარჩელის მოთხოვნას იმ ფარგლებში, რომელსაც, სასამართლო მიხედულებით, დაკმაყოფილების პერსპექტივა გააჩნია.

10. სააპელაციო სასამართლომ, უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობიდან და ადეკვატურობიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ ამხანაგობას უნდა აკრძალვოდა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვრთვა.

11. სააპელაციო სასამართლოს 01.09.2016წ. განჩინებაზე 2016 წლის 9 ნოემბერს საჩივარი წარადგინა ამხანაგობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქალაქო სასამართლოს 27.05.2016 წ. განჩინების ძალაში დატოვება და განმცხადებლის მოთხოვნის - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე - უარყოფა (იხ. საჩივარი - ს.ფ. 120- 122).

12. მოპასუხემ საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:

12.1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ამხანაგობას აეკრძალა 63 000 კვმ ფართობის უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

12.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის განცხადება არ შეიცავდა მითითებებს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას; ზოგადი ხასიათის მითითება გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის თავიდან აცილების შესახებ, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ წარდგენილი განცხადების ავტომატურ რეჟიმში დაკმაყოფილების უპირობო და აუცილებელ საფუძვლად, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის რწმენა სასამართლოს უნდა შეექმნას სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე;

12.3. სსსკ-ის 191.1-ე და 102.1-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი ერთადერთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა - განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებების არსებობა, მარტოოდენ თეორიული სავარაუდო გარემოებების შექმნით არ შეიძლება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება;

12.4. სასამართლომ უნდა იმსჯელობს ობიექტურად არსებულ იმ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული. მოსარჩელის განცხადებაში კი ეს გარემოებები ობიექტურად არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქონება უკვე იმყოფება სამართლებრივი შეზღუდვის ქვეშ და ეს შეზღუდვა განხორციელდა საქართველოს პროკურატურის სასარგებლოდ. ამდენად, ამხანაგობას ქონებასთან დაკავშირებით არანაირი გარიგების დადება არ შეუძლია, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება. სსსკ-ის 191.2-ე მუხლით კანონმდებლის მიერ დადგენილი მოთხოვნა განცხადებაზე საჯარო რეესტრიდან ცნობის დართვის თაობაზე, სწორედ ზემოხსენებული გარემოების შესამოწმებლადაა გამიზნული, რაც სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა;

12.5. უფლებათა ბალანსი არ გულისხმობს მარტოოდენ საქმეში ჩართული მხარეების უფლებების წონასწორობის დაცვას. მატერიალურსამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კანონმდებელი ამხანაგობას მიიჩნევს კოლექტიური ხასიათის სუბიექტად და არა მხოლდო დამფუძნებელი წევრების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის. ამხანაგობას 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, რომელთა უფლებები სასამართლოს მიერ განმცხადებლისა და მოპასუხის უფლებათა წონასწორობის ძიებაში აღმოჩნდება ამ უფლებებთან სერიოზულ დისბალანსში, რაც დაარღვევს მათ ისეთსავე უფლებას, როგორც განმცხადებელს აქვს (და უფრო მეტადაც, რადგან ისინი განმცხადებლისაგან განსხვავებით ამხანაგობის წევრები არიან);

12.6. სსსკ-ის 191.1 მუხლზე მითითებით, მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე არ არის ამხანაგობის წევრი და მას არ შეიძლება ჰქონდეს მის მიმართ მოთხოვნა, ეს კი გამორიცხავს მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას, რაც, შესაბამისად, გამორიცხავს აღსრულების ეტაპსაც.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ამხანაგობას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, შესაბამისად, დავის არსებითად გადაწყვეტამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინეტერსებს შორის ბალანსის დაცვა.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 191-ე, 198-ე მუხლების მოწესრიგებაზე, ამასთან, განმარტა 196-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა) გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განხილა მოპასუხის საჩივარი და საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ამხანაგობის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.

18. სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციის გათვალისწინებით (იხ. სუსგ # ას- 859-825-206წ. 28.11.2016წ.).

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის უარყოფილი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით (იხ. ამ განჩინების 1-5 პუნქტები). ამდენად, მოსარჩელემ გამოიყენა სსსკ-ის 197-ე მუხლით დადგენილი პროცესუალური შესაძლებლობა და საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფაზე, შეიტანა საჩივარი, რომელიც არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ იმავე წლის 27 ივნისის განჩინებით და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა იგი სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-2 ნაწილი).

20. სსსკ-ის 1971 მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა და საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში, კერძოდ: „1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. 2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. 4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით“.

21. განსახილველ შემთხვევაში ზემდგომმა - სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი განიხილა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი (იხ. მე-5 პუნქტი). სსსკ-ის 419-ე მუხლით დადგენილი წესის გამოყენება კი მოცემულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება და, ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით დასრულდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის განხილვა, რადგან სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა ინსტანციამ იმსჯელა და განიხილა მოსარჩელის საჩივარი (იხ. სუსგ N ას-1129-1085-2016, 09.02.2017 წ.). აქედან გამომდინარე, მოპასუხის (ამხანაგობის) 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით (რომელიც, თავის მხრივ, სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით დადგენილ წესზე მიუთითებს), სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე საჩივარი აღარ დაიშვებოდა.

22. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, მოპასუხის საჩივარი საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა "ღ-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე