საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-35-31-2017 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ტ. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები-ე-ე, ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ხარჯების განაწილების ნაწილში
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ბ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხეების ე-ის, ლ-ისა და ტ. შ-ის წინააღმდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.2, ს.ფ. 32-45).
2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. შ-მა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), რომელმაც სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5000 (ხუთი ათასი) ლარი (იხ. ტ.2, ს.ფ. 117-118; იხ. სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება- ტ.2, ს.ფ. 120-121).
3. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხის შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 385-ე მუხლი; იხ. სასამართლოს განჩინება- ტ. 2- ს.ფ. 238-239).
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.3, ს.ფ. 107).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ბ. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის [#2/ბ-737-16] წარმოება, შესაბამისად, აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ნახევარი- 2500 ლარი (სსსკ-ის 49.4-ე, 372-ე მუხლები; იხ. სასამართლოს განჩინება - ტ.3, ს.ფ. 211-212).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 21 ნოემბერს, განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული რიგი უსწორობების გასწორება (იხ. მოპასუხის განცხადება- ტ.3, ს.ფ. 222-223). მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 5000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების- 500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ (იხ. განჩინება- ტ.3, ს.ფ. 225-228).
8. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა, რომ მოპასუხის განცხადება უსწორობის გასწორების თაბაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
9. სსსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა“. საპროცესო კანონმდებლობის დასახელებული ნორმის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორება, რომლითაც არსებითად არ იცვლება გადაწყვეტილება (განჩინება), მისი აზრი და შინაარსი.
10. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ მოპასუხე წარმოდგენილი განცხადებით ფაქტობრივად ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში არა მექანიკური ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას, არამედ - ახალი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მოპასუხის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი სახის ცვლილება არ წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებას, რის გამოც დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოპასუხის მოთხოვნა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის, რომელიც მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებას ეხება, გასწორება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მე-6 პუნქტში მითითებული მოტივებისა და ცვლილების სახით.
13. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნით, მოპასუხემ იმავე წლის 21 ნოემბერს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, მოსარჩელისათვის, რომელმაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრება (იხ. ამ განჩინების მე-2, მე-6 და მე-12 პუნქტები).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების მოტივაციას სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, ამასთან, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა იმაზეც, თუ რამდენად იყო შესაძლებელი, განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხის პრეტენზია მიჩნეულიყო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნად.
18. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“.
19. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს და მათ შორისაა სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით, თუმცა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ მხარემ მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც გადაწყდებოდა სასამართლო ხარჯების საკითხი, მოპასუხის კერძო საჩივარს მაინც არ აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორის (მოპასუხის) წარმომადგენელი ედუარდ გორაძე (იხ. სააპელაციო სასამართლოს 12.10.2016წ. სხდომის ოქმი - ტ.3, ს.ფ. 206-207).
21. მოპასუხეს, ასევე მის წარმომადგენელს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან - 2016 წლის 12 ოქტომბრიდან 7 დღის ვადაში შეეძლო დაესვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა უსწორობის გასწორების მოთხოვნით 2016 წლის 21 ნოემბერს, ამდენად, შინაარსობრივად განცხადების მიჩნევა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნად შეუძლებელია, რადგან მოპასუხის პრეტენზია წარდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 7დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს (სსსკ-ის 3-6 მუხლები), თუმცა, აღნიშნული იმასაც ავალდებულებს მხარეებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად მოხდეს მხარეთა მიერ მოთხოვნებისა და უფლებების გაცხადება თუ დაზუსტება. სსსკ-ის 261.2 მუხლით დადგენილი 7დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
23. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7 დღიანი ვადის დენის დაწყებას კი კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (იხ. სუსგ #ას-225-217-2012, 25.06.2012 წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის (სასამართლოსათვის) ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი“ (იხ. სუსგ-ები #ას-795-754-2013, 29.11. 2013 წ; ასევე, # ას 920-870-2015, 09.06.2016წ. )
24. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (იხ. სუსგები # ას-520-479-2016, 05.09.2016წ; # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.206წ; #ას-234-223-206, 22.04.2016წ.).
25. ზემოხსენებული მოტივაციით, კერძო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. შ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე