Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-41-37-2017 24 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი- შპს ,,ს -ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ხ. ყ-მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან მოწინააღდეგე მხარე) შპს „ს-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა 2014 წლის 14 მარტის N15-02/258 ბრძანების (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა დამსაქმებლის საფოსტო დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის ისანი-სამგორის ფილიალის N37 საფოსტო სერვისცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - ყოველთვიური ხელფასის, 625 ლარის, ოდენობით.

2. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

4. 2017 წლის 15 თებერვალს (საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე), კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის 2017 წლის 13 თებერვალს შედგენილი მორიგების აქტი, ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. მხარეებმა ითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება.

5. წარმოდგენილია მორიგება, შემდეგი პირობებით:

5.1. „კასატორი“ თანახმაა მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ხელზე ასაღები თანხა 20 000 ლარი ), ხოლო ხ. ყ-ი უარს ამბობს ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას ჰქონდა შპს „ს-ა“-ს მიმართ, მათ შორის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე;

5.2. წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერით „კასატორი“ კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;

5.3. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „კასატორი“ ამ შეთანხმების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თარიღით თანხების გადარიცხვას განახორციელებს მისთვის ცნობილ და მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვა დადასტურებული იქნება საბანკო საგადასახადო დავალებებით. მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია, წინამდებარე მორიგების აქტზე ხელისმოწერიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს შპს „საქართელოს ფოსტა“-ში ამონაწერი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან;

5.4. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „კასატორი“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს არსებული თანხა;

5.5. „მხარეები“ იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას რათა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულ იქნას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად. ამ მიზნით „მხარეები“ დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათი მომსახურე ბანკის საანგარიშსწორებო ანგარიშების ან/და იურიდიული (მათ შორის საკონტაქტო) მისამართების შეცვლის შესახებ;

5.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით „მხარეები“ აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მის ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე;

5.7. „მხარეები“ აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ყველა სადავო საკითხი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით (საქმის № ას-41-37-2017), ამოწურულია.

6. საქმეში არსებული, 2017 წლის 22 მარტის, სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ს. ტ-ს და პირადად მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობათ, რომ მორიგების დამტკიცების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა იმსჯელებდა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2017 წლის 24 მარტს. მათ დაადასტურეს, რომ სრულად ეთანხმებიან ამ განჩინების 5.1-5.7 პუნქტებში მითითებული მორიგების აქტის პირობებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის პირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

10. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებით განხილვამდე, შესაბამისად კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო სასამართლოში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. კასატორი შპს „ს-ა“ (ს/კ 2..) კისრულობს ვალდებულებას ხ. ყ-ს (პ/ნ 0..) გადაუხადოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ხელზე ასაღები თანხა 20 000 ლარი ), იმ პირობით თუ ხ. ყ-ი უარს იტყვის ყველა მოთხოვნაზე შპს „ს-ის" მიმართ;

1.2. კასატორი შპს „ს-ა“ კისრულობს ვალდებულებას ხ. ყ-ს გადაუხადოს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება, უნაღდო ანგარიშსწორებით, მორიგების დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს საბანკო საგადასახადო დავალებებით;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

4. შპს „ს-ას“ (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N564, გადახდის თარიღი - 2017 წლის 2 თებერვალი) სახელმწიფო ბაჟი - 1125 ლარი;

5. მხარეთათვის ცნობილია მორიგების დამტკიცების შედეგები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 272-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტით;

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე