Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-51-47-2017 19 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –შ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ფ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ფ-ას სარჩელი შ. ფ-ის წინააღმდეგ, ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ. ფ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ფ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, შ. ფ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით განისაზღვრა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების თარიღი - 2017 წლის 31 მარტი, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2017 წლის 30 მარტს შ. ფ-ის წარმომადგენელმა ო-მა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, განცხადებით მომართა სასამართლოს საკასაციო საჩივრის გახმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელს განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები, მან დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შ. ფ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, შ. ფ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

2017 წლის 30 მარტს შ. ფ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს საკასაციო საჩივრის გამოხმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით;

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ შ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შ. ფ-ის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასაციაზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ფ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება შ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ს. ფ-ას სარჩელის გამო, შ. ფ-ის მიმართ, ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე;

3. კასატორ შ. ფ-ს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ფ-ის (პ/ნ 2..) მიერ 2017 წლის 6 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე