Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-61-57-2017 10 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ჩ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, გარდაცვლილის დედა, განქორწინებული ცოლი) და ბ. კ-ი (შემდეგში: მოპასუხე, გარდაცვლილის მამა, განქორწინებული ქმარი, აპელანტი ან კასატორი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1984 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1106-ე მუხლი, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი; იხ. ქორწინებისა და განქორწინების მოწმობების ასლები - ტ.1, ს.ფ. 12-13).

2. ქორწინების განმავლობაში, 1985 წლის 10 ივლისს, მეუღლეებმა შვილად აიყვანეს 1985 წლის 15 აპრილს დაბადებული ზ. ბ-ი, რომელსაც შვილად აყვანის შემდეგ მიენიჭა გ. კ-ის სახელი და გვარი (შემდეგში: გარდაცვლილი შვილი; იხ. დაბადების და შვილად აყვანის მოწმობების ასლები - ტ.1, ს.ფ. 18, 46).

3. მეუღლეებს შვილი გარდაეცვალათ 2004 წლის 4 თებერვალს და იგი დაკრძალულია ქ. თბილისის ”საბურთალოს პანთეონის” საქალაქო სასაფლაოსათვის განკუთვნილ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 328658 მ2 ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 01.14.06.008.117) ფარგლებში განთავსებულ სამადგილიან (სამსამარიან) საფლავზე (იხ. გარდაცვალების მოწმობისა და შპს ”ჰერმესის” მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს გაცემული საარქივო ცნობის ასლები, საქმეში წარმოდგენილი ფოტო და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -ტ. 1, ს.ფ. 15, 17, 19, 23-24);

4. გარდაცვლილის მამა კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია ყოფილ მეუღლესთან და არ აძლევს მას შესაძლებლობას, მოინახულოს და მოუაროს შვილის საფლავს.

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. გარდაცვლილის დედამ 2015 წლის 5 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვა შვილის საფლავის მონახულებასა და მოვლაში ხელშეშლის აღკვეთა, რადგან მან ვერ მიაღწია მოპასუხესთან შეთანხმებას სადავო საკითხზე.

5.2.მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ის.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

7.1.1. მოპასუხეს აღეკვეთა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ხელშეშლა, რომელიც გულისხმობს მხარეთა აწ გარდაცვლილი საერთო შვილის საფლავზე მისვლასა და მისი შემოგარენის მოვლა-პატრონობაში დაბრკოლებების შექმნას;

7.1.2. აღიარებულ იქნა მოსარჩელის უფლება, რომ გარდაცვალების შემდეგ ის დაიკრძალოს გარდაცვლილი შვილის სამარის გვერდით;

7.1.3. მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა მისი გარდაცვალების შემდეგ საფლავის მოვლაზე უფლებამოსილ პირად ქეთევან კაცაძის აღიარებას.

7.2. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე მიუთითა, რომლის შესაბამისად „შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად“. ამ დანაწესიდან გამომდინარე მშვილებლებზე ჩვეულებრივად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს შვილების მიმართ მშობელთა თანაბარი უფლება-მოვალეობების არსებობას. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მშვილებლები, განსახილველი დავის მხრაეები, მიუხედავად მათი განქორწინებისა, თანაბარნი არიან ნაშვილების - აწ გარდაცვლილი შვილის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების თვალსაზრისით.

7.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს (იხ. ამ ნორმატიული აქტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი). ამ წესის მე-2 მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განმარტებულია ”ჭირისუფლის” ცნება - გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პირი ან სხვა პირი, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს.

7.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოში (და არა მარტო) ისტორიულად დამკვიდრებული ტრადიციული შეხედულების თანახმად, პირველი დამტირებელი და ემოციურად ყველაზე მეტად დიდი განცდის ქვეშ მყოფია შვილმკვდარი დედა, ის მიიჩნევა საკუთარი აღსაზრდელისა თუ აღზრდილის უპირველეს გულშემატკივრად, შვილის სულზე და საფლავზე მზრუნველ ადამიანად. ამგვარი შეხედულების გამოვლინების მაგალითებია საქართველოს სინამდვილეში დამკვიდრებული ფრაზები - ”ვაი შენს დედას” ან „უბედური დედაშენი” და სხვა. ამდენად, უნდა ითქვას, რომ მოსარჩელე, როგორც მშვილებელი დედა, მოპასუხესთან ერთად არის აწ გარდაცვლილი შვილის ჭირისუფალი.

7.5. წინამდებარე განჩინების 7.2. ქვეპუნქტში მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფლავის მოვლა-პატრონობა, საამისოდ გასაწევი მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ჭირისუფლის ნებით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის დედას, ისევე როგორც მამას, აქვთ გარდაცვლილ შვილთან (ნაშვილებთან) სულიერი, ემოციური კავშირის სათანადო გამოვლინებისა და საფლავის მოვლა-პატრონობის მიზნით იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, სადაც შვილია დაკრძალული.

7.6. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 161-ე მუხლის მოწესრიგებაზე იმსჯელა, რომლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამორთმევია ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

7.7. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ მოპასუხე მოსარჩელეს უკრძალავს და შესაბამისად მოქმედებს იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი არ მიდიოდეს ნაშვილების საფლავზე. ამგვარ მოქმედებას არ აქვს სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული საფუძველი, რაც უნდა შეფასდეს მოსარჩელის ლეგიტიმური მფლობელობის განხორციელებაში უკანონო ჩარევად.

7.8. სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, „1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“, ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის შესაბამისად, „თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით“.

7.9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილის საფლავი, მისი კეთილმოწყობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო 2004 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ საფლავი იმთავითვე სამსამარიანია, სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ გარდაცვლილი შვილის სამარის მარჯვნივ და მარცხნივ არსებული სამარეები განკუთვნილი იყო მისი მშობლებისათვის (მშვილებლებისათვის). ამ გარემოებისა და ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, მოპასუხესთან ერთად, თანაბარი უფლებებით არის საფლავისათვის გამოყოფილი იმ მიწის ნაკვეთის თანამფლობელი და იმ ინფრასტრუქტურის თანამესაკუთრე, რომელიც მოეწყო საერთო შვილად აყვანილის გარდაცვალების გამო იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ გარდაცვალების შემდეგ ორივე მშვილებელიც ნაშვილების გვერდით დაიკრძალებოდა.

7.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მოცემულობას ვერ გადასწონის და შესაბამისად, ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის უფლებას, დაიკრძალოს ნაშვილების გვერდით, ის კონფლიქტური დამოკიდებულება, რომელიც დღეისათვის არსებობს მხარეთა შორის. მოპასუხემ ვერ შეძლო ლეგიტიმური გამართლება მიეცა იმ წინააღმდეგობისათვის, რომელიც გულისხმობს მარტოხელა მშვილებელი დედის გარდაცვალების შემთხვევაში, იმთავითვე მისთვის განკუთვნილ სამარეში დაკრძალვის უფლების უარყოფას.

7.11. სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული საფლავის მოვლაზე უფლებამოსილ პირად ქეთევან კაცაძის აღიარებას, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ დასაბუთებით, რომ უცნობი იყო დასახელებული პირის ნება - არის თუ არა ის თანახმა მისთვის ამგვარი უფლების მინიჭებით განპირობებული ვალდებულება აიღოს თავის თავზე. გარდა აღნიშნულისა, არ იყო დადასტურებული ამ პირის ნათესაური კავშირი დავის რომელიმე მხარესთან, ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა თავად მოპასუხის, როგორც საფლავის ერთ-ერთი თანამფლობელის და საფლავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი თანამესაკუთრის უარყოფითი დამოკიდებულებაც. ამ საკითხის მხარეთა შეუთანმხმებლად გადაწყვეტა სცილდება კანონის ფარგლებს სსკ-ის 1159-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

8.1.1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შეუსაბამოა ქართული ჩვეულებითი სამართლისათვის. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლის შეფასება გავლენას მოახდენდა აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოსამართლემ შესაძლებლობა მისცა მოსარჩელეს დაკრძალულიყო მოპასუხის შეძენილ სასაფლაოზე, რის საფუძვლადაც მიუთითა სსკ-ის 1158-1159-ე მუხლებზე;

8.1.2. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უფლება მისცა დაიკრძალოს შვილის გვერდით მხოლოდ იმ პერსპექტივაზე მითითებით, რომელიც მისი სუბიექტური შეფასებისა და მოსაზრების თანახმად, შეიცავდა საფლავის შეძენის მიზანსა და რწმენას იმისა, რომ რადგან საფლავი სამსამარიანია, იქ აუცილებლად უნდა დაიკრძალოს მოსარჩელე. აპელანტის მოსაზრებით, ყოფილი ცოლის ყოფილ ქმართან დაკრძალვა უცნობია ქართული რეალობისთვის და იმ ჩვეულებითი სამართლისათვის, რომლის გავლენაც იგრძნობა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოცწლიანი თანაცხოვრებისა და ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ მიატოვა 64 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე;

8.1.3. აპელანტის განმარტებით, ამ შემთხვევაში სასაფლაოს აქვს არა მატერიალური, არამედ ზნეობრივი და მორალური დატვირთვა. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 10 წელია ცხოვრობს მეორე მეუღლესთან - ც. კ-ესთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანშიშესულია და მოპასუხეს სურს მასთან დაიკრძალოს.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შეიცვალა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და სსკ-ის 1151-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ასევე, გამოიყენა სსკ-ის 1158-ე მუხლის მოწესრიგებაც (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 7.8 ქვეპუნქტში) და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ ეს ქონება მიჩნეულ იქნეს მეუღლეთა თანასაკუთრებად.

9.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარდაცვლილი შვილის საფლავი და მისი კეთილმოწყობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო 2004 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოდავე მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტი კი, ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე იძლევა იმ დასკვის გამოტანისა და ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის გაზიარების საფუძველს, რომ მოსარჩელე, მოპასუხსთან ერთად, თანაბარი უფლებებით არის საფლავისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის თანამფლობელი და ამ ინფრასტრუქტურის თანამესაკუთრე.

9.4. სსკ-ის 1159-ე მუხლის შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

9.5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია ყოფილ მეუღლესთან და არ აძლევს მას შესაძლებლობას გარდაცვლილი შვილის საფლავი მოინახულოს და მოუაროს, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ხელყოფს ამ განჩინების 9.3-9.4 ქვეპუნქტებში მითითებული სამოქალაქო ნორმებით მინიჭებულ უფლებას და ამავე დროს ქართული ჩვეულებითი სამართლით დამკვიდრებულ მოვალეობას, მოინახულოს და მოუაროს შვილის საფლავს.

9.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს აღეკვეთა მოსარჩელისათვის აწ გარდაცვლილი შვილის საფლავზე მისვლასა და მისი შემოგარენის მოვლა-პატრონობის ხელშეშლა. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია გარდაცვლილის სამარის გვერდით მოსარჩელის დაკრძალვის უფლება, რის გამოც დაასკვნა, რომ მითითებულ ნაწილში არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

9.7. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 60 ლარის გახადა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა“. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

9.8. მოცემულ, შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი N0151972 ცნობით (ტ. 1, ს.ფ. 92) დადგენილია, რომ აპელანტს (მოპასუხეს) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, რის გამოც იგი სსსკ-ის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს არასწორად დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა, რის გამოც გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში გააუქმა და მოპასუხე გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1.1.მოსარჩელეს აქვს სახლი და საფლავი ხონში;

10.1.2. მოპასუხე 15 წელია განქორწინებულია მოსარჩელესთან, ამ უკანასკნელმა თვითნებურად მიატოვა იგი და წავიდა სურამში. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მიუღია მონაწილეობა საფლავის მოვლა-პატრონობაში;

10.1.3. მოპასუხეს ჰყავს მეორე მეუღლე, რომელიც მის გვერდით უნდა დაიკრძალოს;

10.1.4. სააპელაციო სასმაართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს სასამართლო ხარჯები.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

11.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ეფუძნება სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 172-ე მუხლებსა და საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციების საფუძველზე საზოგადოებაში მიღებულ ადათ-წესებსა და ჩვეულებითი ქცევის ნორმებს.

17. სადავო საკითხის დელიკატურობის გათვალისწინებით, გარდაცვლილი შვილის მშობლებს, რომლებიც უკვე დიდი ხნის განქორწინებული არიან, თანაბრად აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ შვილის სამარის მოვლა-პატრონობასა და მასზე ზრუნვაში.

18. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიების საწინააღმდეგოდ, მიუთითებს სსკ-ის 1332-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, „სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე“. დასახელებული ნორმა საგანგებოდ მიუთითებს ზოგიერთი სახის ქონებაზე, რომელიც სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უდავოდაა დადგენილი, რომ სამსამარიანი საფლავი და მისი ინფრასტრუქტურა მოწყობილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, თუმცა, მოსარჩელეს რომც მოეთხოვა თანასკუთრებაში არსებული საფლავის გაყოფა, აღნიშნული მოთხოვნა განუხილველად დარჩებოდა, რადგან მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1332-ე მუხლის დანაწესით საფლავი სწორედ იმ ქონებათა ჩამონათვალს განეკუთვნება, რომელიც არ შედის სამკვიდროში, არ გაიყოფა მემკვიდრეთა შორის და მისი გადაცემა საკუთრების უფლებით სწორედ დამკვიდრებული ჩვეულების საფუძველზეა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საფლავზე, ისევე როგორც დასახელებულ ნორმაში მითითებულ სხვა ქონებაზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთო საკუთრების (თანასაკუთრების) რეჟიმი.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა განქორწინებულ მეუღლეთა თანსაკუთრებაში არსებული გარდაცვლილი შვილის საფლავის მოვლისა და მონახულების ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხის მხრიდან, რაც მართებულად დააკმაყოფილა სასამართლომ მეუღლეთა თანასაკუთრებისა და საკუთრების უფლების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განქორწინებული მეუღლეები გარდაცვლილი შვილის მემკვიდრეები არიან და საფლავის რაიმე სახით გაყოფა მხარეთა შორის შეუძლებელია, ამდენად, კასატორის პოზიცია, რომ ყოფილი მეუღლე არ უნდა დაიკრძალოს გარდაცვლილი შვილის გვერდით, რადგან ქმარს მეორე ქორწინებაში ჰყავს მეუღლე, რომელიც ხანშიშესულია და მისი გარდაცვალების შემთხვევაში, სად უნდა დაიკრძალოს ეს უკანასკნელი, გაურკვეველია, მხარის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო პოზიციაა.

21. დაუსაბუთერბელია კასატორის პოზიცია იმ ნაწილშიც, რომ სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად დააკისრა სასამართლო ხარჯები, რადგან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტის მოთხოვნის სწორედ აღნიშნული ნაწილი დაკმაყოფილდა და მოპასუხე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ.9.7-9.8 ქვეპუნქტები).

22. კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის პოზიციისა და სასამართლოს მოტივაციის დასაძლევად, ამასთან, დავის არსიდან გამომდინარე, სამართლის კონკრეტული ნორმების გარდა, საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვეულებების მიხედვით, დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ რომელიმე მშობელს არ მიეცეს შვილის საფლავის მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა და ხელი შეეშალოს ამაში.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე