საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-106-99-2017 7 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ა-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას სარჩელი შპს "ა-ის" მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს "ა-მა", მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "ა-მა". კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული უკუგზავნლით დასტურდება, რომ გზავნილი 2017 წლის 3 თებერვალს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ პ. ხ-ას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "ა-ის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 3 თებერვალს, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა შპს „ა-ის“ წარმომადგენელ, პ. ხ-ას, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 4 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 8 თებერვალს (ოთხშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი