3გ-ად-20-კს-03 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 სექტემბერს პ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს თბილისის მერიის მიმართ და მასა და თბილისის მერიას შორის მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის მერიას დაევალა მოსარჩელისათვის საცხოვრებელ ბინად გადაეცა ქ. თბილისში, ..... მდებარე, დაახლოებით 95 კვ.მ ფართის ¹2 სახელოსნო (ღირებულებით 17100 ლარი). ამავე გადაწყვეტილებით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალათ მითითებული ბინის ღირებულების 40%-ის გადახდისთანავე გაეფორმებინათ ხელშეკრულება მითითებული საცხოვრებელი სახლის გადაცემის თაობაზე, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თბილისის მერიის მიერ დადგენილი წესისა და პირობების მიხედვით 2003წ. ბოლომდე.
ამავე გადაწყვეტილებით პ. ს-ეს სადავო ფართის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარი ეთქვა.
2002წ. 19 დეკემბერს ა., ბ. და გ. მ-ებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თბილისის საოლქო სასამართლოში და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოუთხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ დავის მხარეს ან მე-3 პირებს, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დატოვებულ იქნა განუხილველად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ-ებმა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალები კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ა., ბ. და გ. მ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 364-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ საოლქო (სააპელაციო) სასამართლოში. მითითებული კოდექსი “დაინტერებული პირის" მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, აპელანტები კი მოცემულ დავაში არც მხარესა და არც მესამე პირებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც მათ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად ეთქვათ უარი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო აქვე ა., ბ. და გ. მ-ების ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ მათ მიაჩნდათ, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მათ ინეტერესებსაც შეეხებოდა და მათ გარეშე საქმის განხილვითა და გადაწყვეტილების მიღებით მათი უფლებები შეილახა, კერძო საჩივრის ავტორებს ნაცვლად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა, უფლება ჰქონდათ სსკ-ს 422-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოეთხოვათ. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად იქნება ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლო ა., ბ. და გ. მ-ებს აქვე განუმარტავს, რომ მათ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვთ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 364-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა., ბ. და გ. მ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 იანვრისა და 17 თებერვლის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.