Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-274-262-2017 6 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ტ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ. ხ-ი, მ. მ-ი, ი. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ. ტ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე-ის სარჩელი გ. ტ-ის, მ. ხ-ის, მ. მ-ისა და ი. ლ-ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ტ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ. ტ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ. ტ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ. ტ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ტ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 304 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 2 104.2 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ, გ. ფ-ის მეუღლეს 2017 წლის 13 მარტს ჩაბარდა.

2017 წლის 24 მარტს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ტ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 304 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 2 104.2 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი 2017 წლის 13 მარტს ჩაბარდა გ. ტ-ის წარმომადგენელ, გ. ფ-ის მეუღლეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 14 მარტს და ამოიწურა 2017 წლის 23 მარტს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა განცხადება, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 24 მარტს (იხ. ფოსტის ბეჭედი კონვერტზე), ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით.

2017 წლის 24 მარტს, ფოსტის მეშვეობით, გ. ტ-ის წარმომადგენელმა გ. ფ-ემ უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და იშუამდგომლოლა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, მაშინ როცა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უკვე გასული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და საპროცესო ვადის გაგრძელება საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ითხოვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი