საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-313-296-2017 28 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. შ-ა, ო. ლ-ე, ე. ს-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, აპელანტი, კასატორი ან კერძო საჩივრის ავტორი) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით საკასაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ:
2.1. 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული (ნოტარიუსი რ. ჩ-ი) სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად:
2.2. # 140129079 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვ. შ-ას მიმართ - 1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარით;
2.3. # 140129180 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ო. ლ-ის მიმართ -1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარით;
2.4. # 140129140 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ე. ს-ას მიმართ - 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარით;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, 2016 წლის 24 თებერვალს, აღსასრულებლად გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (იხ. ტ.2, ს.ფ. 130-131).
5. ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ((იხ. მე-3 პუნქტი) და ამავე გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 25 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სამი მოპასუხისათვის (იხ. 2.1-2.3 ქვეპუნქტებში დასახელებული პირები), შესაბამისად, 1383 ლარის, 1383 ლარისა და 1569 ლარის დაკისრების ნაწილში აღსასრულებლად გადაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (იხ. ტ.2, ს.ფ.136-137).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა (იხ. 2.1-2.3 ქვეპუნქტებში დასახელებული პირები) და მოითხოვეს სამოქალაქო საქმეზე # 2/4712-14 სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ტ.2, ს.ფ. 141-142).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა ზემოხსენებული განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერებული იყო ნოტარიუს რ. ჩ-ის მიერ 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული # 140129180, # 140129140, # 140129079 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (იხ. განჩინება - ტ.2, ს.ფ. 145-149).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს სამოქალაქო საქმეზე # 2 ბ/5158-14 სააღსრულებო ფურცლის გაცემა, კერძოდ, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) მოსარჩელისათვის მოპასუხეთა სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში (იხ. განცხადება- ტ.2, ს.ფ. 163-164).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 28 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, კრედიტორები არიან ამ განჩინების 2.1-2.3 ქვეპუნქტებში დასახელებული მოპასუხეები, ხოლო მოვალე მოსარჩელეა.
10. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების (რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 15 იანვარს) სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1 და 2.1.2 პუნქტები:
„2.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული პირგასამტეხლოს 5 (ხუთი) აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 (ერთი) აშშ დოლარით, ე.ი. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვროს ძირითადი თანხის - 10 000 აშშ დოლარის 0, 01 %-ით;
12.1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 7,5 აშშ დოლარისა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 აშშ დოლარით, ე.ი. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებუ დღეზე განისაზღვროს ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარის 0, 01 %-ით“.
11. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 2.3. ქვეპუნქტში დასახელებული მოპასუხის 2016 წლის 6 ოქტომბის განცხადება დააკმაყოფილა და 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1 და 2.1.2 პუნქტები (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) შემდეგნაირად განმარტა: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების (საქმე # 2ბ/5158-14) სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1 და 2.1.2 პუნქტებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდად განისაზღვროს 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე პერიოდი“ (იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ. 173-176).
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენელს უარი ეთქვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტებაზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 217-221).
13. სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებულ განჩინებაში, სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველ პუნქტზე მიუთითა /“გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს” / და აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით შემცირდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირითადი თანხები (10 000-10 000 აშშ დოლარი შემცირდა 1 500 – 1500 აშშ დოლარამდე, ხოლო 15 000 აშშ დოლარი - 2 250 აშშ დოლარამდე), თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ნაწილში უცვლელად დატოვა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების 2.1.1. და 2.1.2 ქვეპუნქტები დარჩა უცვლელად (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი). ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში, 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი იმ სახით, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა ძალაში დატოვებული.
14. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეუმცირებია და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 29-ე პუნქტში სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა იმ მოტივაციით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოების ორივე ეტაპზე უკვე შემცირებული იყო პირგასამტეხლო და, საბოლოოდ, საკასაციო სასამართლომ არ შეცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტები.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებაში მითითებულია, რომ მიუხედავად ძირითადი თანხების შემცირებისა, პირგასამტეხლოს ოდენობა არ შემცირებულა და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არ არსებობდა განმცხადებლის მსჯელობის გაზიარების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით არ არსებობს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ განმცხადებლის მიერ შეთავაზებული განმარტების გაიზარება გამოიწვევდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კანონიერ ძალაში შესული 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების შეცვლას, რაც, ასევე, გამორიცხავს, სსსკ-ის 262 მუხლის კვალიფიკაციას და წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას.
16. საკასაციო სასამართლოში 2017 წლის 3 მარტს გადმოიგზავნა სამოქალაქო საქმე # 2ბ/544-17 (#2ბ/5158-14) კასატორის (მოსარჩელის, აპელანტის) კერძო საჩივრით (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 224-226 ).
17. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხები კვლავ უცვლელად არის მითითებული და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლო დაიანგარიშა მის მიერ 2015 წლის 18 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც თავად არ შეცვალა, ხოლო გაუქმდა ზემდგომი სასამართლოს მიერ.
18. კერძო საჩივრის ავტორი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გამოწერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2016 წლის 28 სექტემბერს. მისივე მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, თუ რატომ არ იქნა მითითებული 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხები.
19. კერძო საჩვრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოვალეს სასარჩელო მოთხზოვნაში არც ერთ ინსტანციაში არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს განსაზღვრა თანხებით, კერძოდ ის, რომ მოსარჩელის ვალდებულება განსაზღვრულიყო სესხის ძირითად თანხებზე - ვ. შ-ას და ო. ლ-ის სესხის ძირითად თანხებზე, 1500 აშშ დოლარზე 0.15 აშშ დოლარი, ხოლო, ე. ს-ას ნაწილში - 0.23 აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს განსაზღვრას სესხის ძირითადი თანხის 0.01 %-ის ოდენობით.
20. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს:
20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინების (საქმეზე # 2ბ/544-17-ზე) გაუქმებას;
20.2. განმარტებას - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფულადი თანხები, როგორც ძირითადი, ასევე, პროცენტებისა და პირგასამტეხლოს ნაწილში იყო თუ არა სავალდებულოდ შესასრულებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 28 სექტემბრის თარიღით გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე.
21. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-27 პუნქტებში ასახულია ის მსჯელობა და დასკვნები, რის გამოც გაზიარებულ იქნა კასატორის პრეტენზიათა ნაწილი და მისი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შედეგად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).
25. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით დასაბუთებულად იქნა მიჩნეული კასატორის არგუმენტები, რომ მის მიერ კრედიტორებისათვის გადახდილი თანხები უნდა ჩათვლილიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც ხელშემკვრელი მხარეების გამოვლენილი ნების საფუძველზე შეთანხმებული პირობების ანალიზის შედეგად და განმარტა, რომ გარიგების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, არც სარგებლის გადახდაზე და არც ჯარიმაზე.
26. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს ათვლის თარიღისა და სესხის ძირითადი თანხის გამოკლების ნაწილში (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 71)
27. საკასაციო სასამართლომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), ხოლო პირგასამტეხლოს ათვლის თარიღთან დაკავშირებით, 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (29-ე პუნქტში) მიუთითა: „საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ათვლის თარიღის ნაწილში, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საქმისწარმოების ორივე ეტაპზე, მოვალის სასარგებლოდ შეამცირეს პირგასამტეხლო, რითაც ფაქტობრივად საფუძველი გამოეცალა კასატორის საკასაციო პრეტენზიის აღნიშნულ ნაწილს“, ამ მსჯელობის შესაბამისად კი, იმავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ასახულია: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ე. ფ-ისათვის პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად“.
28. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს გამარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინების სამართლებრივი მოტივაცია დასაბუთებულია და მასში ასახულია, რომ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საჭიროება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელში ასახულია მოვალის ის ვალდებულება, რაც მას სასამართლო გადაწყვეტილებით ეკისრება.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია: „რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხს, მისი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, მითითება მოხდა მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობასთან დაკავშირებით“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 248), ხოლო ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0.3 % ვადაგადაცილებული დღისათვის, მიიჩნია, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა 0.05 %-მდე, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (იხ. ტ.1 , ს.ფ. 253-255).
32. მოვალის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2104 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შეიცვალა მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი).
33. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, პირგასამტეხლოს ნაწილში კრედიტორთა სასარგებლოდ მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო უცვლელად დარჩა.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია მოვალის მიერ კრედიტორთა წინაშე შესასრულებელი დარჩენილი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის სახით, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პირგასამტეხლო დაანგარიშებულია სესხის თავდაპირველი ძირითადი თანხიდან და არა მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების დარჩენილი თანხიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომ არ არსებობს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება, რის გამოც უარყოფილია წარმოდგენილი კერძო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ფ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე