Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-449-421-2017 18 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ო. თ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. თ-ი, ი. ბ-ი (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – დაზუსტებული საკადასტრო ნახაზით წილების გადანაწილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 მაისის განჩინებით ო. თ-ის საქმიდან გამოიყო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ცალკე წარმოებად იქნა განხილული სასარჩელო მოთხოვნა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე და მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი, ხოლო შპს "ი-ის" მიერ დაზუსტებული საკადასტრო ნახაზით წილების განაწილების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა განხილულ იქნა ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებით ო. თ–ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი სარჩელის მიღებაზე ხელს არ უშლის მოსარჩელეს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება.

აღნიშნულ განჩინებასა და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ო. თ-მა და მოითხოვა მათი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის განჩინება. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან ო. თ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც კანონი არ იძლევა, ო. თ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, იმ პირობით, თუ მოსარჩელე გაითვალისწინებს სასამართლოს მითითებებს, რის გამოც მას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. კასატორის პრეტენზია, რომ რაიონულ სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა სარჩელზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო სარჩელზე ხარვეზის დადგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თუ სარჩელი არ არის გამართული მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის მიღებაზე სსსკ-ის 186-ე მუხლის თანახმად და ამავე მუხლის პირველი ნაწილის "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის უარი სარჩელის მიღებაზე ხელს არ უშლის მოსარჩელეს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი