Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-455-437-2016 27 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – შპს „U“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ. ხ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ვ-ას“ (შემდეგში: მეიჯარე, მესაკუთრე) ქ. ბათუმში მეჯინისწყლის დასახლებაში (ყოფილი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მეჯინისწყალი) საკუთრებაში აქვს არასაცხოვრებელი ფართი, სადაც მას მოწყობილი აქვს მაღაზია, კაფე და სასტუმრო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 170.1.-ე მუხლი; იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი - ტ.1, ს.ფ. 70-71).

2. მეიჯარესა და შპს უ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, მეორე მოიჯარე, მოვალე ან კასატორი) შორის, 2011 წლის 21 აპრილს, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 52-55), რომლის საფუძველზეც მეიჯარემ კუთვნილი ფართი (იხ. პირველი პუნქტი) და 31 დასახელების სხვადასხვა მოძრავი ნივთი (იხ. ტ.1, ს.ფ. 56) საწარმოს იჯარით გადასცა (სსკ-ის 581-ე მუხლი).

3. საწარმოსთან 21.04.2011წ. ხელშეკრულების დადებამდე, მეიჯარეს იგივე ფართი იჯარით ჰქონდა გადაცემული სხვა საწარმოსათვის, კერძოდ, შპს ,,ჯ- ისათვის“ (შემდეგში: პირველი მოიჯარე ან მოთხოვნის დამთმობი). მოპასუხემ, ფართის იჯარით აღების შემდეგ, პირველი მოიჯარისგან შეიძინა გარკვეული ნივთები და ასევე გადაიბარა მისი ვალი, რაზედაც მხარეებმა 2011 წლის 24 აპრილს შეადგინეს აქტი. აქტში მითითებულია, რომ მეორე მოიჯარემ გადაიბარა მეიჯარისთვის გადასახდელი ქირის თანხა 14 940 ლარი, არყის - ,,პ- ი“ ღირებულება 300 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით - 800 ლარი და 210 აშშ დოლარი, ასევე, მითითებულია სხვა ხარჯები, სულ 9400 აშშ დოლარი.

4. მოპასუხემ, ფართის იჯარით აღების შემდეგ, პირველი მოიჯარისგან შეიძინა გარკვეული ნივთები, კერძოდ: 2 ცალი მაგიდა, დახლის თაროები, 4 ცალი ვიტრინის მაცივარი, ერთი დახლ-მაცივარი, 1 ცალი ხის მაგიდა 60/60-ზე, 10 ცალი ლანგარი, ხორცის მანქანა, ერთი ცალი თერმოსი, ხის მაგიდა 2 ცალი, 2 ცალი უჯრებიანი მაგიდა, თაროები, კონდიციონერები და სხვა ნივთები. ასევე სუპერმარკეტში არსებული პროდუქტი, მალფუჭებადი ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებამაც შეადგინა 28 000 აშშ დოლარი (სსკ-ის 477-ე მუხლი; იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 13).

5. პირველმა მოიჯარემ 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით, მოვალისაგან (მეორე მოიჯარისაგან) 28 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო ა. გ-ს (შემდეგში: მოთხოვნის მიმღები, კრედიტორი, მოსარჩელე ან აპელანტი; იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.14-15, სსკ-ის 198-ე მუხლი).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოთხოვნის მიმღებმა 2014 წლის 26 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოვალის (მეორე მოიჯარე) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირველი მეიჯარის (მოთხოვნის დამთმობის) მიერ გადაცემული ნივთების ღირებულების - 28 000 აშშ დოლარის დაკისრება.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეორე მოიჯარეს პირველი მოიჯარისაგან (მოთხოვნის დამთმობისაგან) 28 000 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები არ შეუძენია. მან მეიჯარისაგან (იხ. პირველი პუნქტი) იჯარით აიღო ის ფართი, რაც მანამდე პირველ მოიჯარეს ჰქონდა დაქირავებული, ამ უკანასკნელისაგან მოპასუხემ ასევე შეიძინა მალფუჭებადი საქონელი, რომლის ღირებულება სრულად გადაიხადა. მოპასუხე უთითებს, რომ პირველ მოიჯარეს მოპასუხის ვალი აქვს, რაც 9400 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თვითონ რაიმე თანხა არ აქვს გადასახდელი მოთხოვნის დამთმობისათვის.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნის მიმღების (იხ. მე-5 პუნქტი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, სსკ-ის 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 316-ე, 361-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ პირველმა მოიჯარემ მეორე მოიჯარეს (მოპასუხეს) მიაწოდა 28 000 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები; გაურკვეველი იყო, თუ რა ნივთები იყო, ასევე, თითოეული მათგანის ღირებულება და საიდან მოხდა მოთხოვნილი 28 000 აშშ დოლარის დაანგარიშება (იხ. ტ. 2, ს.. 41-54).

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ (მოთხოვნის მიმღებმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:

9.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სადავო ნივთების მოპასუხისათვის (მოვალისათვის) გადაცემის ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში დადასტურდა არა მარტო ახსნა-განმარტებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ, მოწმის ჩვენებითაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მოპასუხე ამ ნივთებს დღესაც ფლობს და სარგებლობს, თუმცა, მას ნივთების ღირებულება არ გადაუხდია;

9.1.2. სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის მოწმის ჩვენებას, რომელიც მართალია დაიკითხა, მაგრამ მისი ჩვენება სათანადოდ არ შეფასდა და გამოყენებული არ ყოფილა მტკიცებულებად;

9.1.3. მხარეებს შორის სადავო ურთიერთობა ეხება ნასყიდობის საფასურის გადახდას, რისთვისაც ნასყიდობის საგნის გადაცემის დადასტურებისათვის და ღირებულების განსაზღვრისათვის საქმეში არსებულ ხელშეკრულებასა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად, მოწმის ჩვენება სამართლებრივად ღირებული ძალის მქონე მტკიცებულებაა. ამ მხრივ რაიმე აკრძალვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი არ არის.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა. მის სასარგებლოდ, მოვალეს (მოპასუხეს) დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 184.20 ლარის ანაზღაურება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქმეში განთავსებული მასალებისა და მტკიცებულებების ერთობლივად გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე.

10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომერციულ ფართს თავდაპირველად ფლობდა და მას სამეწარმეო მიზნებისათვის იყენებდა პირველი მოიჯარე, რომელსაც შემდეგ ჩაენაცვლა მეორე მოიჯარე (ამ დავაში მოპასუხე). სასამართლომ პირველ მოიჯარესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ტ. 1, ს.ფ. 13) შინაარსზე იმსჯელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირველი და მეორე მოიჯარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: „1. ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ვ-ის ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე სასტუმრო, მარკეტი, ავტოსამრეცხაო და ავტოფარეხი, საქირავებლად გადაეცეს შპს „უ-ს“. 2. შპს ვ-ასაგან დაქირავებული ზემოთ ხსენებული ფართის, ვალის და დავალიანების გარეშე, შპს „ჯ-ს ვ-ის“ კუთვნილებაში არსებული ნივთების 28 000 „§“ მიყიდვა, ხოლო ვ-ას ფართის მიქირავება მის ხელთ არსებული ხელშეკრულების საფუძვლით“. სააპელაციო სასამართლომ ამ ხელშეკრულების პირველი პუნქტის შინაარსის გაანალიზებით დაასკვნა, რომ პირველმა მოიჯარემ გამოთქვა თანხმობა, რომ ის შეწყვეტდა მფლობელობას უძრავ ქონებაზე, ხოლო მოპასუხეს, როგორც ახალ მოიჯარეს გადაეცემოდა ქონება იჯარის სახით. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე პუნქტს, სასამართლოს შეფასებით იგი ბუნდოვანი იყო, თუმცა, მას აზუსტებდა მოწმის ჩვენება, რომელიც პირველი მოიჯარის წარმომადგენელი იყო და საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ პირველმა მოიჯარემ მეორე მოიჯარეს (მოპასუხეს) გადასცა მარკეტის საქონელი, ინვენტარი, მაცივრები, დახლები და ა.შ. და ობიექტი დაუთმო მთლიანად მისი საქმიანობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე იყიდდა ამ ინვენტარს და მოძრავ ნივთებს. მათ შეთანხმება შეადგინეს ქართულ ენაზე. შეთანხმების შედგენის თაობაზე ინიციატივა ეკუთვნოდა მოპასუხეს და მისივე თანამშრომლებმა, იურისტმა და თარჯიმანმა მოამზადეს დოკუმენტი, რაც შემდეგ აჩვენეს მას (მოწმეს). მოწმე გაეცნო დოკუმენტის შინაარსს, უთხრა, რომ თანხის გადახდაზე შეთანხმება მითითებულია და ამიტომ პრობლემა არ იყო, დოკუმენტი სწორად იყო შედგენილი. შეთანხმებაში თანხა მითითებული იყო დოლარში. მხარეები შეთანხმდნენ მოძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვაზე, მოპასუხე გადაიხდიდა 28 000 აშშ დოლარს.

10.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 377-ე, 52-ე, 334-ე, 338-ე, სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებით და პირველ და მეორე მოიჯარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მეორე პუნქტის განმარტებისა და მოწმის ჩვენების (ამ გადაწყვეტილების 10.3. ქვეპუნქტი) ერთობლივი ანალიზით დადასტურებულად მიიჩნია, მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისადმი მოპასუხის დავალიანების - 28 000 აშშ დოლარის - არსებობა. თავის მხრივ, მოპასუხემ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ მას მოსარჩელისადმი დავალიანება არ ჰქონდა.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

11.1.1. პირველ და მეორე მოიჯარეებს შორის არსებობდა სხვადასხვა საქმიანი ურთიერთობა. მოთხოვნის დამთმობმა (პირველმა მოიჯარემ) აიღო ვალდებულება, რომ მოპასუხეს მიაქირავებდა მის კუთვნილ ფართს და გაუწევდა სადისტრიბუციო მომსახურებას, მიაწვდიდა მაღაზიისათვის აუცილებელ ინვენტარს და საქონელს;

11.1.2. სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტი, რომ ნასყიდობის საგანი (საქონელი) მიწოდებული არ არის მყიდველისათვის. ხელშეკრულების მიხედვით, საქონლის მიწოდებაზე წინასწარი შესრულების ვალდებულება ჯერ პირველ მოიჯარეს ჰქონდა. 2011 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებაში არ არის მითითებული 28 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს;

11.1.3. სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მოსარჩელისთვის უნდა დაეკისრებინა, რომელსაც არ წარუდგენია არავითარი მტკიცებულება გარდა ერთი მოწმისა, რომელიც დაინტერესებული მხარის, პირველი მოიჯარის წარმომადგენელია;

11.1.4. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ გარიგება ბუნდოვანია და მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადგინა ციფრი 28 000 და სიმბოლო „§“ (პარაგრაფი) არის 28 000 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ 2011 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულება მოიცავს გამყიდველის (პირველი მოიჯარის) წინასწარ შესასრულებელ სამომავლო ვალდებულებებს. პირველ მოიჯარეს იჯარით უნდა გადაეცა ფართი მეორე მოიჯარისათვის (მოპასუხისათვის) და მიეყიდა საქონელი განსაზღვრულ ფასად, რაც შესრულებული არ არის. ფაქტობრივად მოსარჩელემ წარადგინა პირველი მოიჯარის ვალდებულების დამდგენი საბუთი და არა კრედიტორული მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულების მე-3 პუნქტში მითითებულია საქონლის ანგარიშფაქტურით მიწოდების თაობაზე, პირველ მოპასუხეს საქონელი არ მიუწოდებია;

11.1.5. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, რომ პირობითად 28 000 და სიმბოლო „§“ პარაგრაფი აშშ დოლარად რომც მივიჩნიოთ, სასამართლოს მაინც არ ჰქონდა უფლება, მოპასუხისათვის დაეკისრებინა სადავო თანხა, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნულ ნივთებზე საკუთრების უფლებას, ასევე არ წარუდგენია მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება 28 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის მიწოდება ან საკუთრებაში გადაცემა მოპასუხისათვის. ხოლო არანეიტრალური და დაინტერესებული მოწმის, პირველი მოიჯარის წარმომადგენლის ჩვენების საფუძველზე აღნიშნული ფაქტის დადგენა შეუძლებელია;

11.1.6. გარიგების დადების შემდეგ, საჯარო რეესტრის მონაცემებით აღმოჩნდა, რომ პირველი მოიჯარე არ იყო ფართის მესაკუთრე ან მოიჯარე. 2011 წლის 21 აპრილის იჯარის ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს ქონება იჯარით მესაკუთრისგან (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) გადაეცა და არა პირველი მოიჯარისგან;

11.1.7. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მეორე მოიჯარეს პირველმა მოიჯარემ მიაწოდა მხოლოდ 652 ლარის ღირებულების მალფუჭებადი საქონელი, ხოლო იმავე სამსახურის 2014 წლის 17 ნოემბრის წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე რაიმე ზედნადები, ანგარიშფაქტურა პირველი მოიჯარის მიერ მოპასუხის მიმართ არაა გამოწერილი. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ბუღალტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის დასკვნით, რომელმაც განმარტა, რომ RS.ge-ის მონაცემების თანახმად, სასაქონლო ზედნადები ან ანგარიშფაქტურა გამოწერილი არ არის;

11.1.8. სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, პირველ მოიჯარესა (მოთხოვნის დამთმობი) და მოგვიანებით მის უფლებამონაცვლეს (მოთხოვნის მიმღებს, მოსარჩელეს) გაეგზავნა სათანადო შეტყობინებები და შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გაზეთ “ბათუმელების” ინტერნეტ ვებგვერდზე 2014 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დასტურდება. მოპასუხემ ისარგებლა სსკ-ით დადგენილი წესით და, ვალდებულების დარღვევის გამო, ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, უარი უთხრა მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ხოლო შემდეგ კი, სსკ-ის 405-ე მუხლის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

11.1.9. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი. 369-ე და 405-ე მუხლები და იხელმძღვანელა მხოლოდ სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილით მაშინ, როცა ნასყიდობის ფაქტი დადასტურებული არ არის და სსკ-ის 52-ე, 334-ე, 338-ე მუხლების საფუძველზე არასწორად განმარტა ხელშეკრულება.

11.1.10. 2011 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებით არ დასტურდება პირველი მოიჯარის მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, პირველმა მოიჯარემ მოსარჩელეს არარსებული უფლება დაუთმო. აღნიშნული ხელშეკრულება წინარე ხასიათის გარიგებაა, რომელიც არ შემდგარა და მოიცავს მხოლოდ პირველი მოიჯარის ვალდებულებებს, კერძოდ, გარიგებაში მითითებულია სამომავლო პირობები - ესაა უძრავი ქონების დასაქირავებლად გადაცემა და საქონლის მიყიდვა, რაც პირველ მოიჯარეს არ შეუსრულებია;

11.1.11. მოსარჩელემ შუამდგომლობით თვითონვე მოითხოვა საქონლის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულების მოპასუხისგან გამოთხოვა, ვინაიდან მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება რეალურად არ გააჩნია;

11.1.12. მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ უძრავ ქონებას, მესაკუთრის თანხმობით, პირველი მოიჯარე ფლობდა, მესაკუთრის ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე სასტუმრო, მარკეტი, ავტოსამრეცხაო და ავტოფარეხი, დასაქირავებლად გადაეცა მოპასუხეს, რასაც დაეთანხმა პირველი მოიჯარე და თითქოს მოპასუხემ ფართის იჯარით აღების შემდეგ, პირველი მოიჯარისგან შეიძინა გარკვეული ნივთები;

11.1.13. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს, მოულოდნელად გამოაცხადა სასამართლო სხდომა დასრულებულად ისე, რომ მოპასუხის წარმომადგენელს არ მისცა შესაძლებლობა, ესარგებლა პაექრობისა და რეპლიკის უფლებით.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო ამავე წლის 5 სექტემბრის განჩინებით განისაზღვრა საქმის მოსმენა ზეპირი განხილვის ფორმით (სსსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

12.2. საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას, 2017 წლის 20 იანვრის სხდომაზე მხარეებმა შემდეგნაირად წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები:

12.2.1. კასატორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო განაცხადს და განმარტა (იხ. საკასაციო სასამართლოს 20.01.2017წ. სხდომის ოქმი- 15:10:17-15:31:50), რომ პირველმა მოიჯარემ ვერ შეძლო მეორე მოიჯარისათვის საიჯარო ფართის ქირით გადაცემა (დათმობა), რადგან არ ყოფილა უძრავი ქონების მესაკუთრე, მეიჯარე სხვა პირი იყო (იხ. პირველი პუნქტი). რაც შეეხება სხვა საქონლის, რომელიც 28 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა, მეორე მოიჯარისათის გადაცემას (მიწოდებას), ამის თაობაზე მოსარჩელეს სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, პირიქით იგი მოითხოვდა მტკიცებულებების მოპასუხისაგან გამოთხოვას (იხ. ამ განჩინების 11.1.11 ქვეპუნქტი). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუსაბუთებელია;

12.2.2. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 201-ე მუხლზე, „1.მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. 2. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის“, ასევე, სსკ-ის 477-ე მუხლის დანაწესზე - რომლითაც კანონმდებელი ადგენს, რომ გამყიდველმა საქონელი უნდა მიაწოდოს მყიდველს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საფასურის გადახდა. სსკ-ის 369-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა“. პირველმა მოიჯარემ ფაქტობრივად არარსებული უფლება გადასცა (დაუთმო) მოსარჩელეს, რომელმაც მხოლოდ სამი წლის დუმილის შემდეგ წაუყენა პრეტენზია მოპასუხეს. კასატორმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სარჩელი აღძრულია 2014 წლის 26 აგვისტოს და სადავო შეთანხმებაზე (იხ. 10.3 ქვეპუნქტი) მოსარჩელემ ხელით (კალმით) მიაწერა თითქოსდა მისი შედგენის თარიღი - 2011 წლის 26 აგვისტო, რათა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი გადაელახა. აბსურდულია და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება, რომ პირველმა მოიჯარემ მეორე მოიჯარეს მიაწოდა 28 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ერთადერთი მოწმის განმარტება, რომელიც პირველი მოიჯარის წარმომადგენელია, ვერ იქნება დამაჯერებელი, ამ განმარტებას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო ორმხრივი ხელშეკრულების შინაარსის ბუნდოვანების დადგენისას. ერთი მოწმის განმარტების საფუძველზე ამგვარი ვალდებულების დადგენა სარისკოა სასამართლო პრაქტიკისათვის;

12.2.3. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 405.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“. როგორც კი მხარემ პრეტენზია განაცხადა 28 000 აშშ დოლარზე, მოპასუხემ მაშინვე საპასუხო პრეტენზია წაუყენა როგორც პირველ მოიჯარეს, ისე, თავად მოსარჩელეს და გავიდა ხელშეკრულებიდან (იხ. 11.1.8 ქვეპუნქტი).

12.3. მოსარჩელემ (კასატორის მოწინააღმდეგემ) განმარტა (იხ. საკასაციო სასამართლოს 20.01.2017წ. სხდომის ოქმი- 15:33:37-15:56:15), რომ მხარეთა შორის ერთადერთი ვალდებულება არსებობდა და ამაზე დაიდო მოსარჩელესა და პირველ მოიჯარეს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. პირველი მოიჯარე განმარტავს, რომ მისი თანხმობით შევიდა მეორე მოიჯარე საიჯარო ფართში, ფაქტობრივად მოთხოვნის დამთმობს ჩაენაცვლა მოპასუხე, რადგან კანონიერი საფუძვლით ვერ შეუწყვეტდა მეიჯარე პირველ მოიჯარეს ხელშეკრულებას;

12.3.1. მხარეთა შორის 2011 წლის 26 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით, სადავოა მეორე მოიჯარეს მიაწოდა თუ არა პირველმა მოიჯარემ (მოთხოვნის დამთმობმა) 28 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. პირველი მოიჯარე თვითონ სარგებლობდა იმ ნივთებით, რომლებიც საიჯარო ფართში (საუბარია კაფეს, მაღაზიისა და სასტუმროს ნივთებზე) იყო განთავსებული, ეს ნივთები ერთი ადგილიდან მეორეზე არ გადანაცვლებულა, არ გადაუტანიათ საქონელი, ამით სარგებლობს დღესაც მეორე მოიჯარე. საიჯარო ფართის დაცლის დროს ადგილზე იყვნენ როგორც პირველი, ისე, მეორე მოიჯარის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს, გადაამოწმეს და დათვალეს არსებული ნივთები და რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ ამის თაობაზე, რაც დაადასტურა სხდომაზე მოწვეულმა მოწმემ. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას შინაგანი რწმენითაც უნდა იხელმძღვანელოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

14. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, როგორც მოთხოვნის მიმღებმა სარჩელი აღძრა მეორე მოიჯარის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისაგან მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება - 28 000 აშშ დოლარის გადახდა. მოთხოვნის მიმღების მტკიცებით, მას პირველმა მოიჯარემ დაუთმო მეორე მოიჯარისაგან 2011 წლის 26 აგვისტოს ხელშეკრულებიდან (იხ. ამ გადაწყვეტილების 10.3. ქვეპუნქტი) გამომდინარე გაყიდული ნივთების (საქონლის) მიღების საფასურის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე უთითებს პირველ და მეორე მოიჯარეებს შორის ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაზე (სსკ-ის 477-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სწორედ სადავო შეთანხმების შინაარსზე, მის ბუნდოვან ნაწილებზე, რომელიც განსხვავებულად განმარტეს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 8.1 და 10.3-10.4 ქვეპუნქტები).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მეორე მოიჯარესა და მოსარჩელეს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა, ამ უკანასკნელს, როგორც მოთხოვნის დამთმობისაგან მოთხოვნის მიმღებს შესაძლებელია ჰქონდეს მოთხოვნის უფლება იმ საფუძვლითა და მოცულობით, როგორც ეს მის წინამორბედს (მოთხოვნის დამთმობს) ჰქონდა (სსკ-ის 198-ე მუხლი „1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს).

16. პალატა თვლის, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივად შეფასდეს პირველ მოიჯარესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი, რომლის ბუნდოვანი დათქმები, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, განსხვავებულად განმარტეს და შესაბამისად, მხარეთათვის განსხვავებული სამართლებრივი შედეგი დადგა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმისწარმოების ეტაპზე (იხ. ამ გადაწყვეტილების 8.1 და 10.3 -10.4 ქვეპუნქტები). მხარეთა შორის ხელმოწერილი 2011 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული ხელშეკრულების შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები გადავიდა მოსარჩელეზე (უფლების მიმღებზე), რათა ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.

17. ქვემდგომი სასამართლოების მიერ ხელშეკრულების ბუნდოვანი დებულებების დადგენა მხარეთა და მოწმის განმარტებების საფუძველზე მოხდა. საბოლოოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების მეორე პუნქტის შინაარსის განმარტებისა და მოწმის ჩვენების ერთობლივი ანალიზით, დადასტურდა, რომ მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ჰქონდა მოპასუხისათვის 28 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება (იხ. ამ გადაწყვეტილების 10.3-10.4 ქვეპუნქტები).

18. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.1 მუხლის საფუძველზე, ასევე უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს მხარეთა ის განმარტებები, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. შესაბამისად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე რ. ი-------ის განმარტებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის სადავო 26.08.2011წ. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შინაარსის დადგენისას.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი მუშაობს პირველ მოიჯარესთან. ამ საწარმოს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მეორე მოიჯარესთან. 2011 წელს პირველ მოიჯარეს ჰქონდა სუპერმარკეტის სავაჭრო ობიექტი აეროპორტის ტერიტორიაზე, დაქირავებული ჰქონდა ობიექტი მეიჯარისაგან. პირველმა მოიჯარემ და მოპასუხემ შეადგინეს წერილობითი გარიგება. პირველმა მოიჯარემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული ინვენტარი-მაცივრები, დახლები, რაღაც-რაღაცა, საქონელი, მ.შ. ტექსტილი, ამაზე ქართულ-თურქულად შეადგინეს გარიგება, როგორც იცის. დღესაც მეორე მოიჯარის სარგებლობაშია ის ქონება. პირველ მოიჯარეს პრობლემები შეექმნა და შეაჩერა საქმიანობა, მისი დირექტორი დააკავეს საქართველოში, 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 8 თვის შემდეგ გაათავისუფლეს იგი. მოწმემ პატიმრობის დროს ნახა თბილისში ციხეში პირველი მოიჯარის დირექტორი, რომელმაც მოწმეს უთხრა, რომ მოპასუხე საწარმოს პირველი მოიჯარის დავალიანება ჰქონდა და დირექტორს უნდა შეხვედროდა მოწმე. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ შეხვდა მოპასუხე საწარმოს დირექტორს, რომელმაც უთხრა, რომ პირადად გადაუხდიდა პირველ მოიჯარეს დავალიანებას. 2012 წლის მაისში გათავისუფლდა პირველი მოიჯარის დირექტორი. იყო საუბარი, მაგრამ მოპასუხემ არ გადაიხადა დავალიანება. მოსარჩელესთან და მის ძმასთან პირველი მოიჯარის დირექტორს ჰქონდა პირადი დავალიანება - 38 000 ლარი. მოწმე მხარეთა შორის 2011 წ. ხელშეკრულების შედგენას არ ესწრებოდა, მაგრამ რომ მომზადდა შეთანხმება მეორე მოიჯარის ავტორობით, მოწმემ წაიკითხა და პირველ მოიჯარეს უთხრა, რომ ეს უკანასკნელი მოპასუხე საწარმოს დაუთმობდა ფართს, ამაზე პრეტენზიები არ ექნებოდა პირველ მოიჯარეს, რაც შეეხება მეიჯარეს, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მოიჯარე. მოწმემ განმარტა, რომ დაზუსტებით იცის, რომ 28 000 აშშ დოლარზე იყო მხარეთა შორის შეთანხმება. რაც შეეხება მეორე მოიჯარისათვის გადაცემული საქონლის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტის, ნივთების ჩამონათვალის მითითებით, შედგენას, მოწმემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით მაღაზიაში არის ის ნივთები, რაც მანამდე იყო და ამ ნივთებით აგრძელებს საქმიანობას მოპასუხე.

20. მხარეთა და მოწმის განმარტებების, სადავო ხელშეკრულების შინაარსის სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ მოიჯარესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული შეთანხმება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული ნასყიდობის ხელშეკრულებად, რადგან ხელშეკრულების პირველი პუნქტი ეხება საიჯარო ფართის მეორე მოიჯარისათვის სამომავლოდ გადაცემას („საქირავებლად გადაეცეს“), ხოლო მეორე პუნქტში მითითებულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მეიჯარისაგან „საიჯარო ფართის ვალისა და დავალიანების გარეშე“, პირველი მოიჯარის კუთვნილებაში არსებული ნივთების 28 000 (შემდეგ პარაგრაფის ნიშანია) მიყიდვაზე და მეიჯარის კუთვნილი ფართის მიქირავებაზე. ხელშეკრულების მესამე პუნქტით განისაზღვრა მეორე მოიჯარისათვის „ამ ფართში არსებული ნივთების ვარგისიანობის გადამოწმება, დათვლა და ანგარიშფაქტურით მიყიდვა“ (იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.13).

21. საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება (იხ. ამ გადაწყვეტილების 8.1. ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, პირველ მოიჯარესა და მეორე მოიჯარეს შორის არ ყოფილა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგან სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება, რომ გამყიდველმა (პირველმა მოიჯარემ) გადასცა (მიაწოდა) რაიმე საქონელი მყიდველს (მეორე მოიჯარეს), შესაბამისად, ამ უკანასკნელს არარსებული ვალდებულების ძალით ვერ წარმოეშობოდა საფასურის გადახდის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, თუ რა უფლება (მოთხოვნა) გადაეცა მოთხოვნის დამთმობისაგან და მას არ აქვს საფუძველი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წაუყენოს მოთხოვნა მოპასუხეს.

22. საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს ერთადერთი მოწმის განმარტებას არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი მხარესთან მუშაობს და ნეიტრალური ვერ იქნება, არამედ სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესის საფუძველზე, რადგან თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ გარკვეული ქონების გადაცემაზე მომავალში და ამ ქონების ვარგისიანობის დათვლა-შემოწმებაზე, რაც ანგარიშფაქტურით უნდა დადასტურებულიყო (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-20 პუნქტი), თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოთხოვნის დამთმობმა (პირველმა მოიჯარემ) მოთხოვნის მიმღებს (მოსარჩელეს) გადასცა ისეთი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი შეძლებდა მის გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებაში ისიც კი არ არის მითითებული, თუ რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს თანხის გადახდის ვალდებულება.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პირველ მოიჯარეს ფაქტობრივად ჩაენაცვლა მეორე მოიჯარე (მოპასუხე), აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც მოთხოვნის მიმღებს, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლებელია მოპასუხისადმი ჰქონდეს სანივთო უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნა, თუკი ასეთი მის წინამორბედს (მოთხოვნის დამთმობს) გააჩნდა, რაც დამოუკიდებელი სასარჩელო დავის საგანია.

24. ზემოხსენეული მოტივაციით, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს "U-ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ა. გ-ს (პ/ნ 6.) შპს "U-ს" (ს/კ 2.) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 3089.52 (სამი ათას ოთხმოცდაცხრა ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე