Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-470-438-2017 2 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს "I-" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "სადაზღვევო კომპანია ა-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) შპს I-ს (შემდეგში: მოსარჩელე, შპს ან საჩივრის ავტორი) მიმართ უზრუნველყოფდა 975 000 (ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გადახდას, რომლის შესრულების შემდეგ მხარეები ერთობლივად მიმართავდნენ სასამართლოს საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით.

2. მითითებული საოქმო განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 2017 წლის 9 მარტს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ, განმარტა, რომ მორიგების აქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება შესრულებულია და მოითხოვა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილისა და 2015 წლის 23 ივნისის განჩინებებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება. 867 663 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თან ერთვოდა განცხადებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე.

5. 2017 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების შესახებ, შპს-ს დირექტორმა ე. ლ-მა წარადგინა განცხადება/საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1971-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 197-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი წარდგენილი იყო განჩინების გასაჩივრებისათვის სსსკ-ით დადგენილი ხუთდღიანი ვადის დარღვევით.

8. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინება, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შპს-ს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე მითითებულ მისამართზე, ისრაელი, იერუსალიმი, ა-ას #5. საქმეში წარმოდგენილია აქტები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 20 მარტს შპს-ათვის მიტანილი გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მითითებულ მისამართზე არავინ დახვდათ, ხოლო ამავე წლის 21 მარტს შპს-ათვის მიტანილი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არ მოიძებნა მითითებულ მისამართზე.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს განჩინების თაობაზე ასევე ეცნობათ მხარის წარმომადგენლებს - ზ. ჟ-ესა და კ. ბ-ეს (იხ. აქტები ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, ტ. 11, ს/ფ 186,192), რაზედაც მათ განაცხადეს, რომ ისინი აღარ ახორციელებდნენ მხარის წარმომადგენლობას(იხ. ასევე 2017 წლის 16 მარტის განცხადება, ტ. 11, ს/ფ 188).

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 60.2-ე, 61.3-ე, 71.2-ე, 73-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, ხოლო ჩაბარების თარიღად მიჩნეული უნდა იქნეს კურიერის ბოლო ვიზიტის თარიღი - 2017 წლის 21 მარტი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 22 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 27 მარტს (ორშაბათი). დადგენილია, რომ შპს-ის მიერ განცხადება/საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 31 მარტს, რის გამოც სსსკ-ის 59-ე, 61.3-ე, 63-ე მუხლების თანახმად, ის დაუშვებლად იქნა ცნობილი და, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

11. 2017 წლის 31 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საჩივრის ავტორმა და განმარტა, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, მას არ ჰქონდა უფლება ცალმხრივად მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის და მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

12. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მას გასაჩივრების უფლება წაართვა, რადგან საფოსტო გზავნილში მისამართი არასწორად იყო მითითებული და ტელეფონის ნომერი საერთოდ არ ეწერა. სასამართლომ ისე მიიღო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელისგან არ მიუღია ინფორმაცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან ის დაუშვებელია სსსკ-ის 197 1-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ ას-299-284-206, 22.04.2016წ).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. წინამდებარე განჩინების 7-10 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადა დაარღვია მხარემ, ხოლო აღნიშნული ვადის აღდგენა კანონით დაუშვებელია (სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 61-ე მუხლი).

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ შპს-ის მისამართი არასწორად იქნა მითითებული საფოსტო გზავნილებზე, რადგან მისამართი - ისრაელი, იერუსალიმი, ა-ას #5, ის მისამართია, რომელსაც თავად მოსარჩელე უთითებს სასამართლოს. საფოსტო უკუგზავნილებში მითითებულია, რომ ადრესატის მისამართზე არავინ დახვდათ, ტელეფონს არ უპასუხეს (იხ. ტ. 11, ს/ფ 191, 203, 204). აღნიშნული მისამართის სისწორეს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილი, იმავე მისამართზე, პირველივე გაგზავნისას ჩაბარდა ადრესატს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რწმუნებულთათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მარწმუნებელს (საჩივრის ავტორს) წერილობით არ უცნობებია სასამართლოსათვის, რაც მარწმუნებლის ვალდებულებაა სსსკ-ის 99-ე მუხლით, ხოლო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სააპელაციო სასამართლოდან გზავნილი არასწორ მისამართზე გაეგზავნა, ვერ იქნება გაიზარებული არა მხოლოდ წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებული გარემოების გამო, არამედ იმ საფუძვლითაც, რომ თუკი მხარემ შეიცვალა მისამართი საქმის წარმოების დროს, მას სსსკ-ის 76-ე მუხლით დადგენილი წესით ეკისრებოდა ვალდებულება საქმის წარმოების განმავლობაში შეცვლილი მისამართის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რადგან „ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს“.

18. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, მოსარჩელემ თვითონვე გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი საჩივრის განხილვას; საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს საჩივარს, რომელიც ჯერ კიდევ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, აქედან გამომდინარე მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "I-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე