საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-654-620-2015 10 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი დ. გ-ე
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – მოვალის ძებნა და მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით /საქმე # ას-654-620-2015/ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3. შპს "პ-ს" მოსარჩელის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 27 752 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა;
1.4. შპს "პ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150);
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 13 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დ. გ-ემ (შემდეგში: აღმასრულებელი) და მიუთითა, რომ მოვალის, შპს "პ-ის" (ს/კ 4..), და მისი დირექტორის, ნ. ხ-ის (პ/ნ 0..), მოძიება ვერ ხერხდება აღმასრულებლისათვის ცნობილ მისამართზე, ქ. თბილისი, ვ. ჩ-ის ქ. N1.
3. აღმასრულებლის განმარტებით, მოვალის სახელზე, ამ ეტაპზე არ ირიცხება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი შუამდგომლობს, ოფიციალურად გამოცხადდეს ძებნა მოვალის დირექტორზე - ნ. ხ-ზე (პ/ნ 0..).
4. აღმასრულებლის შუამდგომლობა, მოვალის ძებნისა და მოყვანის თაობაზე, წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 284-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით.
5. საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარატამენტიდან გამოთხოვილი სამოქალაქო საქმე 2017 წლის 23 იანვარს გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო აღმასრულებლის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საკასაციო სასამართლოს 264.3-ე მუხლის თანახმად: „საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-654-620-2015 (იხ. პირველი პუნქტი) ექვემდებარება აღსრულებას.
7. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) საფუძველზე ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე (იხ. სპეციალური კანონის 20-21 მუხლები);
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო მოვალე - შპს "პ-ი", შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გაგზავნილ 2015 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ სააღსრულებო ფურცელში სწორედ ზემოხსნებული კრედიტორი და მოვალეა მითითებული (იხ. ტ.2, ს.ფ. 173-174).
9. სპეციალური კანონის 25-ე მუხლი აწესრიგებს აღსრულების დაწყების წესს, ხოლო ამავე კანონის მეექვსე თავი ეხება სასამართლო კომპეტენციას, კერძოდ, კი 30-ე მუხლით დადგენილია მოვალის ძებნა: „როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.“
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით. აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოვალედ მითითებულია შპს „პ-ი“, რომლის საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი ემყარება სამოქალაქო საქმისწარმოების მასალებს, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, რაც საჯარო და ხელმისაწვდომი ინფორმაციაა (იხ. ტ.1, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ს.ფ. 32-33, 63-64).
11. სსსკ-ის 51 მუხლის მიხედვით: „მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს - გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები“,
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მოვალე იურიდიული პირია და არა მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი - დირექტორი ნ. ხ-ი (პ/ნ 0..). ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა მოვალის დირექტორის მიმართ ოფიციალური ძებნის გამოცხადების თაობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოვალე იურიდიული პირის, მისი საიდენტიფიკაციო რეკვიზიტისა და იურიდიული მისამართის (რადგან აღნიშნული პუბლიცირებულია და საჯარო ინფორმაციაა) მიხედვით, მოძიება, სპეციალური კანონის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რადგან იურიდიული პირის მიმართ კანონით დადგენილი წესით ვერ გამოცხადდება ძებნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 21-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, დ. გ-ის, შუამდგომლობა, შპს „პ-ის“ (ს/კ 4..) დირექტორის ნ. ხ-ის მიმართ ძებნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე