Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-656-627-2016 20 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჩ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ-ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „დ-სა“ (შემდეგში: სს ან გამყიდველი) და შპს „ჩ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2011 წლის 9 აგვისტოს გაფორმდა ღორღის შესყიდვის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე, 327-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 23-30) .

2. ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველს ევალებოდა, მიეწოდებინა მყიდველისათვის ბაზალტის ღორღი, ფრაქციით 5-60, სულ 260 000 მ3, ხოლო მყიდველის ვალდებულება იყო, შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ეტაპობრივად, სრულად გაეტანა გამყიდველისაგან ნასყიდობის საგანი, 2011 წლის 1 აგვისტოდან 24 თვის ვადაში.

3. 1მ3 საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით, შეადგენდა 11.15 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტ ლარს, საქონლის მიღება-ჩაბარების დღისათვის, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული კურსის შესაბამისად

4. ხელშეკრულების 7.2 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის გატანის 24 თვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს, პირგასამტეხლოს სახით, დაერიცხებოდა გაუტანელი საქონლის ღირებულების 0,05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეთანხმებული 24-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები).

5. ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველმა მხოლოდ 5 376 მ3 ღორღი გაიტანა, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული შეთანხმების მიხედვით, გასატანი დარჩა 254 624 მ3 ღორღი, რითაც მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები; იხ. ტ.1, ს.ფ. 31-40).

6. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სს (გამყიდველი) 2012 წლის 1 მაისს შეერწყა მისი აქციების 100 %-ის მფლობელს - შპს „ვ-ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ან გამყიდველის უფლებამონაცვლე - იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ. 14-16; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოსს კანონის მე-4, მე-7, 14 4 მუხლის მე-4 ნაწილი).

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1. გამყიდველის უფლებამონაცვლემ 2013 წლის 16 სექტემბერს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა:

7.1.1. ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს დაკისრება 2013 წლის 9 აგვისტოდან იმავე წლის 16 სექტემბრამდე - 53 942. 14 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარში;

7.1.2. ასევე, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 2013 წლის 16 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაუტანელი საქონლის ღირებულების 0, 05 %, რაც ყოველდღიურად 1 419.53 შვეიცარული ფრანკის შესაბამის ლარს შეადგენს; 676 დღეზე - შეადგენს 4 284.9 ლარს (იხ. ტ.1, სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით - ს.ფ. 1-48 და დაზუსტებული სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით - ს.ფ. 134-175).

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა:

8.1.2. ხელშეკრულებით დაუდგენელია, თუ რა რაოდენობის ღორღი უნდა გაეტანა მყიდველს;

8.1.3. პირგასამტეხლოს ცალკე მოთხოვნა დაუშვებელია, ვინაიდან იგი დაკავშირებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან. თუკი ასეთი არ არსებობს, მაშინ შეუძლებელია პირგასამტეხლოს დამოუკიდებლად მოთხოვნა;

8.1.4. ღორღის გატანას ხელი შეუშალა დაუძლეველმა ძალამ, კერძოდ, მყიდველს საქონელი ესაჭიროებოდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში სს „ს-ასთან“ დადებული ხელშეკრულების შესრულებისათვის და რადგან აღნიშნული პროექტი დღეის მდგომარეობით შეჩერებულია, მოპასუხემ დაკარგა ხელშეკრულებისადმი ინტერესი;

8.1.5. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია (იხ. შესაგებელი - ტ.1 , ს.ფ.125-133, 180-188).

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გამყიდველის უფლებამონაცვლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, მყიდველს დაეკისრა:

9.1.1. პირგასამტეხლოს გადახდა 26 971.07 შვეიცარული ფრანკის შესაბამისი ლარის ოდენობით;

9.1.2. პირგასამტეხლოს გადახდა გაუტანელი საქონლის ღირებულების 0,025% - 709.57 შვეიცარული ფრანკის შესაბამისი ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 16 სექტემბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე;

9.1.3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 695 ლარის ანაზღაურება.

10. საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები

10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

10.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი იმყოფებოდა დაუძლეველი ძალის პირობებში (იხ. 8.1.4 ქვეპუნქტი);

10.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება და არ გაიზიარა მისი პოზიცია პირგასამტეხლოს ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად განხილვის შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლომ, სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა ხელშეკრულებით დათქმულ 24 - თვიან ვადაში არ შეასრულა თავისი ვალდებულება საქონლის გატანაზე, ხოლო არგუმენტი, რომ ინტერესი დაკარგა ხელშეკრულების შესრულებისადმი, რადგან განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა პროექტი (იხ. 8.1.4 ქვეპუნქტი), რომლისთვისაც ესაჭიროებოდა კონკრეტული საქონელი, დაუსაბუთებელი იყო, რადგან ამ საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც კი, მისი განმარტება პირგასამტეხლოს მოთხოვნის ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის გარეშე დაუშვებლობის შესახებ უსაფუძვლო იყო.

10.4. სასამართლომ, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითა და იმსჯელა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე, შესაბამისად, ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაგონივრულად მიიჩნია და შეამცირა იგი. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულ გატანამდე. ამ კონტექსტში სასამართლომ მიუთითა მოპასუხის პოზიციაზე (იხ. ამ განჩინების 8.1.4 ქვეპუნქტი) და განმარტა, რომ მოპასუხის დავალდებულება ხელშეკრულების სრულად შესრულებაზე შეუძლებელი იყო.

10.5. პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, სასამართლომ, მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოტანამდე დააკისრა იგი ზიანის სახით.

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11.2. მოპასუხემ (აპელანტმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის უფლებამონაცვლის სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.2.1. სასამართლომ არასწორად განმარტა ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი. მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ნასყიდობის საგნის საერთო რაოდენობა და საერთო ფასის ზედა ზღვარი, თუმცა, ზედა ზღვარის ფარგლებში, მყიდველი თავისუფლად განსაზღვრავდა შესასყიდი საქონლის კონკრეტულ რაოდენობას, მინიჭებული ჰქონდა რა უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეკვეთის რაოდენობა და მიწოდების ვადა თავადვე დაედგინა;

11.2.2. აპელანტმა 8.1.4 ქვეპუნქტში ასახულ გარემოებაზე მიუთითა და არ დაეთანხმა დაკისრებულ პირგასამტეხლოს.

11.3. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და საკუთარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

11.3.1. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი. სსკ-ის 399-ე მუხლი ადგენს გრძელვადიან ურთიერთობაზე უარის თქმის საფუძვლებს, მოვალის ვალდებულება, შეესრულებინა კონტრაქტი, არ შეწყვეტილა და მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულებამდე;

11.3.2. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სამართლიანია, რადგან იგი ამოქმედდა ხელშეკრულების ორწლიანი ვადის დარღვევის შემდეგ, რაც მოცდენისათვის საკმაოდ დიდი ვადაა. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო ნაკლებია საგადასახდოს მიერ დადგენილ პირგასამტეხლოზე;

11.3.3. პირგასამტეხლოს დაანგარიშება მიბმულია თავად მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან. ამასთან, სარჩელი შეტანილია უმოკლეს ვადაში.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებზე და საქალაქო სასამართლოს დასკვნებზე, ამასთან, პირგასამტეხლოს, როგორც განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების ერთ-ერთ ფუნქციაზე მსჯელობისას, ასევე, მისი სანქციის სახით გამოყენების მნიშვნელობაზე მსჯელობისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ განჩინებებზე - # ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; ას- 1158-1104-2014, 06.05.2015 წ;

12.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მტკიცება, რომ პირგასამტეხლო, ფაქტობრივად დამდგარი ზიანის გარეშე, არ უნდა დაკისრებოდა მას.

12.4. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლით გამოყენებული დისკრეციული უფლებამოსილება პირგასამტეხლოს შემცირებისა და მისი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით დაკისრების თაობაზე.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეთაგან მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა მყიდველის სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ახალი გადაწყვეტილების მიღებით და, შესაბამისად, გამყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

13.2. კასატორმა საკუთარ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურ არგუმენტებზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების მე-8 და 11.2 პუნქტები), ასევე, აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე პრეცედენტულია და მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან კასატორი, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ფარგლებში, აღნიშნული პროექტის შეჩერების გამო, არაერთ კონტრაქტორ კომპანიასთან აღმოჩნდა ანალოგიურ სიტუაციაში. სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით იქნება გამოყენებული სხვა კომპანიების მიერაც, რაც იძულებულს გახდის კასატორს, შესაბამისი მოთხოვნები წაუყენოს სს „ს-ას“.

14. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი მიღებულია წარმოებაში, ხოლო იმავე წლის 23 სექტემბრის განჩინებით - ცნობილია დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საკასაციო განაცხადი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება გამოიკვლია და მართებულად შეაფასა ისინი. მოპასუხის მტკიცება, რომ პირგასამტეხლო, ფაქტობრივად დამდგარი ზიანის გარეშე, არ უნდა დაკისრებოდა მას სწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ (იხ. 12.3. ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014) - იხ. სუსგ # ას- 833-799-2016, 02,11,2016წ.

18. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება“ (იხ. სუსგ # ას- 622-590-2014, 15.05.2015წ.). მოპასუხის მტკიცების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღბას გაამახვილებს, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ. სუსგ # ას-1022-980-2014, 10.03.2015წ.).

19. კასატორის არცერთი არგუმენტი არ არის დასაბუთებული იმგვარი შედავებით, რომელიც არსებითად და კვალიფიციურად იქნებოდა მიჩნეული, ხოლო მოპასუხის მტკიცება, რომ იგი იძულებული გახდება სხვა პირს წარუდგინოს მოთხოვნები, ვერ დაედება საფუძვლად განსახილველ დავაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან თითოეული პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სსსკ-ის მე-2 მუხლით დადგენილია: „1. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. 2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით“, ხოლო ამავე კოდექსით უზრუნველყოფილია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რაც სასამართლოს წინაშე ყველა პირთა თანასწორობის საწყისებზე ხორციელდება (იხ. სსსკ-ის 3-5 მუხლები).

20. ზემოხსენებული საპროცესო ნორმების გათვალისწინებით, მხარე უფლებამოსილია, დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოება აღძრას და თავადვე განსაზღვროს დავის საგანი, მოცულობა, მოპასუხე(ები) და შესატყვისი მტკიცებულებები, შესაბამისად, მსგავსი არგუმენტი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და სრულიად არაარსებითია, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ასევე, კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების არასწორად განმარტებაზე, რადგან სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, ამასთან, მხარეებს, სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში, უნდა უზრუნველეყოთ მტკიცების ტვირთს დაძლევა, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეასრულა, რადგან მის მიერ მითითებული არცერთი არგუმენტი არ წარმოადგენს არსებით და კვალიფიციურ შედავებას, რომლითაც გაქარწყლდებოდა გასაჩივრებული განჩინების დასკვნები. შესაბამისად, საკასაციო საჩვრის არსებითად განხილვის ეტაპზე არ დადასტურდა არცერთი საფუძველი, რაც ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაში დაარწმუნებდა საკასაციო სასამართლოს.

22. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება;

3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე