Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-805-772-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტლება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრეთა ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. გ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) 1973 წელს სარგებლობაში გადაეცა ქ. თ-ში, ვ-ას გამზირი, მეორე კვარტალის 32-ე კორპუსში მდებარე #28 ბინა (შემდეგში: მოსარჩელის ბინა ან საცხოვრებელი ბინა). საცხოვრებელი ბინის გადაცემის პერიოდიდან იგი ფლობდა მის ქვეშ განთავსებულ დამხმარე სათავსებსაც - 5,54 კვ.მ. სარდაფს, ხოლო 2010 წლიდან ასევე ნახევარსარდაფს (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებულია სადავო სათავსებად).

2. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინის მისამართზე არსებული 51,10 კვ.მ. ნახევარსარდაფი (საკადასტრო კოდი 0..), რომელიც ამ უკანასკნელმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-ა 32-ის“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან ამხანაგობა) 2009 წლის 2 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა (იხ. ტ.1, ს.ფ.17; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში ამხანაგობის შესახებ კანონი, მე-4, მე-11 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 311-312-ე მუხლები).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: დაუსწრებელი გადაწყვეტილება), მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ი. გ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, კასატორი ან მოსარჩელის ძმა) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა საკუთარ ძმას აჩუქა (იხ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ტ. 1, ს.ფ. 48-50; სსკ-ის 524-ე, 525.2-ე მუხლები).

4. ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2012 წლის 9 აგვისტოს, უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვლავ მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 15-16; სსკ-ის 312-ე მუხლი).

5. იმ დროისათვის, როდესაც მოსარჩელემ საკუთარ ძმას აჩუქა ბინა, უკვე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა 51,10 კვ.მ. ნახევარსარდაფი.

6. ამხანაგობის 2009 წლის 2 აპრილის კრების ოქმით, მოსარჩელისათვის განკუთვნილი ნახევარსარდაფის არასწორად განსაზღვრული ფართის გამო, 2010 წლის 20 ივლისის # 28 კრების ოქმით, ამხანაგობის წევრებმა ერთხმად გააუქმეს მოსარჩელის საკუთრების უფლება 51,10 კვ.მ. ნახევარსარდაფზე, შესაბამისად, გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაც საჯარო რეესტრში (იხ. ტ.1, კრების ოქმი და საჯარო რეესტრის ამონაწერი- ს.ფ. 24-27).

7. ამხანაგობის 2011 წლის 10 ნოემბრის # 55 და # 56 კრების ოქმებით, მოსარჩელის ძმას (მითითებულ პერიოდში მეორე მოპასუხე ამხანაგობის წევრი იყო) საკუთრებაში გადაეცა 21,19 კვ.მ. ნახევარსარდაფი და 5,45 კვ.მ სარდაფი.

8. მოსარჩელემ, 2013 წლის 6 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ამხანაგობის 2010 წლის 20 ივლისის # 28, 2010 წლის 10 ნოემბრის # 55 და # 56 კრების ოქმების ბათილად ცნობა, ასევე, მეორე მოპასუხის საკუთრებად რიცხული 21,19 კვ.მ. ნახევარსარდაფისა და 5,54 კვ.მ. სარდაფის მისთვის საკუთრებაში გადაცემა.

9. პირველმა მოპასუხემ (ამხანაგობამ) სარჩელი არ ცნო, წარმოდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ ამხანაგობამ თითოეული კრება ამხანაგობის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა. ამხანაგობის განმარტებით, მოსარჩელე დაესწრო ყველა კრებას, რასაც ცხადყოფს ის გარემოება, რომ იგი წინასწარ იყო ინფორმირებული კრებების ჩატარების თაობაზე.

10. მეორე მოპასუხემ (მოსარჩელის ძმამ) ასევე არ ცნო სარჩელი, მან განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ უკანასკნელისათვის სადავო სათავსების მიკუთვნებისა და ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლო იყო. ამასთან, მეორე მოპასუხე ფაქტობრივად ფლობდა სადავო სარდაფსა და ნახევარსარდაფს, რომლებიც თვითონვე გაარემონტა. მისი მითითებით, ამხანაგობამ თითოეული კრება ამხანაგობის შესახებ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ამხანაგობის შესახებ კანონის მე-4, მე-19, 27-ე, 28-ე და სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლები.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით და შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:

12.1. ამხანაგობის შესახებ კანონის ამოქმედების დროისათვის მოსარჩელის ძმა არ ფლობდა სადავო სარდაფსა და ნახევარსარდაფს, შესაბამისად, ამის შესახებ # 55-ე და # 56-ე კრების ოქმებში მითითება უსაფუძვლოა;

12.2. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი დაინტერესებულ პირებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, მოწმე - ჟ. ძ-ას თავად სურდა ნახევარსარდაფის ნაწილის მიღება, ხოლო მოწმე - ა. წ-ი შეთანხმებული იყო პირველ მოწმესთან თავისი წილი სარდაფის მიყიდვის შესახებ;

12.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ ყოფილა მიწვეული ამხანაგობის არცერთ კრებაზე, რითაც შეიზღუდა მისი, როგორც ამხანაგობის წევრის უფლება;

12.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილ ფაქტად, რომ მოსარჩელის ძმა ფაქტობრივად ფლობდა სარდაფსა და ნახევარსარდაფს, სადაც ჩატარებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები, მაშინ, როდესაც, მეორე მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ 380 ლარის დანახარჯის გაწევის მტკიცებულება, ამასთან, მას ჯერაც არ ჰქონდა გადახდილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 797 ლარი;

12.5. სადავო სათავსებს წლების განმავლობაში ფლობდა მოსარჩელე, მისი ძმა კი მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინა გადასცა საკუთრებად იმ პირობით, რომ მეორე მოპასუხეს სარჩო უნდა მიეცა მოსარჩელისათვის, რაც მან არ შეასრულა და ამ საფუძვლით სასამართლომ გააუქმა მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება ბინაზე.

12.6. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ # 28-ე კრების ოქმზე, რომლითაც ნახევარსარდაფზე გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლება, არ ფიქსირდებოდა მესაკუთრის ხელმოწერა, რაც ასევე ადასტურებდა იმას, რომ იგი ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასმაართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 390.3 -ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი)

14. დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ მითითებებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოეკვლია, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცა ამხანაგობამ მოსარჩელის ძმას (მეორე მოპასუხეს) საკუთრებაში სადავო სათავსები.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება 5.45 კვ.მ სარდაფისა და 21,19 კვ.მ. ნახევარსარდაფის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემაზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრებად გადაეცა 5,45 კვ.მ. სარდაფი (საკადასტრო კოდით 0..) და 21,19 კვ.მ. ნახევარსარდაფი (საკადასტრო კოდით 0..), დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ამხანაგობის საერთო კრების სადავო ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები;

16.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად, მოსარჩელე კვლავ აღირიცხა ბინის მესაკუთრედ. შესაბამისად, ვინაიდან იგი კვლავ გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი, უნდა აღდგენილიყო წევრის ყველა უფლებაში, მათ შორის, უნდა აღდგენოდა საკუთრების უფლება სარდაფსა და ნახევარსარდაფზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფართებზე მოსარჩელის ძმამ (მეორე მოპასუხემ) საკუთრების უფლება მოიპოვა, როგორც ამხანაგობის წევრმა და არა რაიმე სახის სასყიდლიანი გარიგების შედეგად. პალატამ მიუთითა, რომ ამხანაგობის წევრობის დაკარგვასთან ერთად, მოსარჩელის ძმამ ასევე დაკარგა უფლება სადავო სათავსებზე (იხ. ამახანაგობის შესახებ კანონის 19-20 მუხლები).

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის ძმამ (მეორე მოპასუხემ), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებები, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გადასცა სასამართლომ მეორე მოპასუხის (კასატორის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ძველ მესაკუთრეს (მოსარჩელეს);

17.2. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია (იხ. საკასაციო პრეტენზიები - ტ.3, ს.ფ. 297-304).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი სამართლებრივი საფუძვლით.

21. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

21.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოებები, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის ძმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კვლავ მოსარჩელეს გადაეცა.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ასევე, ძირითადად მართებულია სამართლებრივი შეფასება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს სადავო სათავსების მოსარჩელისათვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით. კერძოდ:

23.1. ამხანაგობის შესახებ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. შესაბამისად, ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ბინაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან; იმავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 1 აგვისტოდან.

23.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ძმას სადავო სათავსები ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე მიეკუთვნა როგორც ბინის მესაკუთრესა და ამხანაგობის წევრს და არა რაიმე სახის სასყიდლიანი გარიგების შედეგად. შესაბამისად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გაბათილდა საფუძველი, რომლითაც მოსარჩელის ძმა გახდა ბინის მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) და მას ამხანაგობის წევრად კვლავ მოსარჩელე ჩაენაცვლა, საკასაციო სასმაართლოს მიაჩნია, რომ აღარ არსებობს იმის საფუძველი, რომ მრავალბინიან სახლში სადავო სათავსები მეორე მოპასუხის საკუთრებაში დარჩეს. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთრება ბინაზე და საკუთრება სარდაფსა და ნახევარსარდაფზე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სათავსებზე საკუთრების უფლების განმაპირობებელი, სწორედ ბინაზე საკუთრებაა.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები # ას-1086-1023-2015, 04.01.2016წ.; #ას-999-960-2014, 16.10.2015წ.; ას-181-174-2016, 06.05.2016წ.).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. გ-ეს (პასპორტი: K..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ბ-ის (პ/ნ 3..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 2 ნოემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე