საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-821-787-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ს. ს-ე (გ. ს-ის უფლებამონაცვლე, მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ე (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – მოპასუხე ა. ლ-ისათვის 9 500 აშშ დოლარის დაკისრება (ძირითად სარჩელში); გ. ს-ის უფლებამონაცვლე ს. ს-ისათვის უსაფუძვლოდ გადახდილი 5 000 აშშ დოლარის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ბ-ასა (შემდეგში: მოთხოვნის დამთმობი) და ა. ლ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან აპელანტი) შორის 2010 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა ვალის აღიარებისა და გირავნობის დადგენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოვალემ აღიარა, რომ მას აქვს მოთხოვნის დამთმობის ვალი 26 500 აშშ დოლარი, რომელსაც გადაიხდიდა 2010 წლის 1 ოქტომბრამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 198-199-ე, 254-258-ე, 283-284-ე მუხლები).
2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაგირავებულ იქნა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „სუზუკი გრანდ ვიტარა“, გამოშვების წელი - 2008 წ; სარეგისტრაციო ნომერი - J..; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო #J... ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, გირავნობით უზრუნველყოფილი იქნა მოთხოვნა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 26 500 აშშ დოლარისა. ამასთან, მიეთითა, რომ ეს პუნქტი არ ნიშნავს მოთხოვნის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც არ/ვერ იქნება უზრუნველყოფილი წინამდებარე აქტით დადგენილი გირავნობით. ყველა შემთხვევაში მოგირავნეს აქვს უფლება, მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც არ/ვერ იქნება უზრუნველყოფილი გირავნობით, დაიკმაყოფილოს მოვალის ნებისმიერი ქონებაზე (მატერიალურ და არამატერიალურ ქონებაზე, ფულად სახსრებზე) გადახდევინების მიქცევით .
3. ამავე ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით სრულად ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, მოგირავნე უფლებამოსილია, გირავნობის საგნის რეალიზაციამდე მიმართოს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებებს მოვალის სხვა ქონების მიმართ და ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რომლის სრულად დაკმაყოფილება ვერ მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაციის ხარჯზე (იხ. ხელშეკრულება ვალის აღიარებისა და გირავნობის შესახებ - ტ.1, ს.ფ. 22-29)
4. გ. ს-ესა (შემდეგში: მოთხოვნის მიმღები, კრედიტორი ან მოსარჩელე) და მოთხოვნის დამთმობს შორის 2011 წლის 21 ივნისს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოვალისაგან 26 500 აშშ დოლარის მიღების უფლება და მისგან გამომდინარე/მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები იმ მოცულობითა და შინაარსით, რაც დადგენილია სანოტარო აქტით ვალის აღიარებისა და გირავნობის დადგენის შესახებ, დაუთმო მოთხოვნის მიმღებს (სსკ-ის 198-ე, 199-ე მუხლები).
5. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი; ასევე, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 16-21).
6. ნოტარიუსმა 2011 წლის 29 მარტს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მოთხოვნის დამთმობის (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) საკუთრებად აღირიცხა მოვალის კუთვნილი ავტომანქანა (იხ. მე-2 პუნქტი; იხ. საასრულებო ფურცელი - ტ.1, ს.ფ. 30-32).
7. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში 2011 წლის 22 ივნისს ცვლილება შევიდა და კრედიტორად მიეთითა მოთხოვნის მიმღები (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი; ასევე, ცვლილება სააღსრულებო ფურცელში - ტ.1, ს.ფ. 34-36).
8. სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები
8.1. მოთხოვნის მიმღებმა სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 9500 აშშ დოლარის დაკისრება;
8.2. მოვალემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოთხოვნის მიმღებისათვის (მოსარჩელისათვის) ზიანის ანაზღაურების სახით - 4000 აშშ დოლარის, ასევე უსაფუძვლოდ გადახდილი 5000 აშშ დოლარის დაკისრება.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით მოთხოვნის მიმღების სარჩელი მოვალის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 9500 აშშ დოლარის გადახდა;
9.2. იმავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი მოთხოვნის მიმღების წინააღმდეგ.
9.3. ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებების გარდა, საქალაქო სასამართლომ შემდეგი სადავო გარემოებები დაადგინა:
9.3.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (მოვალის) განმარტება, რომ მან კრედიტორს (მოსარჩელეს) გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა;
9.3.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ავტომობილი (იხ. ამ განჩინების მე-2 და 6-7 პუნქტები) გაასხვისა 17 000 აშშ დოლარად, ასევე - მოვალის დავალიანება შეადგენდა 26 500 აშშ დოლარს;
9.3.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეს არ გადაუხდია კრედიტორისათვის 5 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, დაასკვნა, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 9 500 აშშ დოლარს;
9.3.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მდგომარეობით 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა „სუზუკი გრანდ ვიტარას“ საბაზრო ღირებულება შეადგენდა 21 000 აშშ დოლარს. მის მიერ წარდგენილი დასკვნის თანახმად (იხ. ტ.1, ს.ფ. 135–136), აუდიტორის მიერ შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა ავტომობილის საუკეთესო ანალოგის საბაზრო ღირებულება. დასკვნაში ასევე ასახულია, რომ მისი მომზადებისას, შესაფასებლად არ იყო წარდგენილი შესაბამისი ავტომანქანა, ისევე, როგორც ტექნიკური დოკუმენტაცია;
9.3.5. სასამართლომ გარდა იმისა, რომ არ გაიზიარა აღნიშნულ დასკვნაში მითითებულ ღირებულება (რადგანაც დასკვნის შედგენისას არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი ავტომანქანა და მისი ტექნიკური დოკუმენტაცია), ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ მისთვის მიყენებული ზიანი 4 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მოპასუხე აღნიშნული ზიანის ოდენობას ანგარიშობდა, როგორც სხვაობას იმ თანხებს შორის, როგორც მოხდა ავტომანქანის რეალიზაცია (17 000 აშშ დოლარი) კრედიტორის მიერ და რასაც შეადგენდა, მოვალის განმარტებით, ავტომობილის ღირებულება 2010 წლის სექტემბერ–ოქტომბერში (21 000 აშშ დოლარი);
9.3.6. სასამართლომ მოპასუხის ზემოხსენებული მტკიცების საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მოსარჩელე 2010 წლის სექტემბერ–ოქტომბერში ვერ გაასხვისებდა ავტომანქანას, რადგან მან შესაბამისი მოთხოვნის უფლება 2011 წლის 21 ივნისს მიიღო (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
10. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. ძირითადი მოსარჩელის (მოთხოვნის მიმღების, კრედიტორის - იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება პირველი რიგის მემკვიდრე (მეუღლე) - ს. ს-ე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინება - ტ.1, ს.ფ. 51-55; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 92-ე მუხლი).
11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა (მოვალემ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მოთხოვნის მიმღების სარჩელის უარყოფა და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა ძირითადი მოსარჩელისათვის (მოთხოვნის მიმღებისათვის) 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
11.2. საქმის მასალებშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინება, რომლის საფუძველზე დაკმაყოფილდა აპელანტის (შეგებებული სარჩელის, მოვალის) შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, შეწყდა წარმოება მოვალის სააპელაციო საჩივარზე საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა კრედიტორის უფლებამონაცვლისათვის (იხ. 10.1. ქვეპუნქტი) 4000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება - ტ.1, ს.ფ. 68-70; სსსკ-ის 378-ე მუხლი).
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 73-87) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოვალის (შეგებებული მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელისათვის ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ 9500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
12.2. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოვალეს კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 5 500 აშშ დოლარის გადახდა;
12.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების 9.1-9.2 ქვეპუნქტები) უცვლელად დარჩა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოვალის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი, იხ. განჩინება- ტ.1, ს.ფ. 145-160).
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება
14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოვალეს კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 500 აშშ დოლარის გადახდა.
14.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ (იხ. 13.1 ქვეპუნქტი) სადავო საკითხთან მიმართებით განმარტა: ვალდებულების შესრულების მიღების წერილობითი დოკუმენტის არსებობა აუცილებელი არ არის, როდესაც ვალდებულების შესრულება დავას არ იწვევს, ან ვალდებულების შესრულება ვლინდება ობიექტური გარემოებებიდან, ან კრედიტორის კონკლუდენტური მოქმედებებიდან, ან თუ კრედიტორი აღიარებს ისეთი გარემოების არსებობას, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიუთითებს ვალდებულების შესრულებაზე. იმავე განჩინებით საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორისათვის თანხის გადაცემის ფაქტი სადავო არ იყო, ეს უკანასკნელი თვითონვე აღიარებდა 5000 აშშ დოლარის მიღებას იმ პირისაგან (ვ. ბ-ისაგან), რომელიც მოვალის განმარტებით, მისი დავალებით მოქმედებდა და მის ვალს აბრუნებდა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო იყო არა 5000 აშშ დოლარის კრედიტორისათვის გადაცემის ფაქტი, არამედ ის, თუ ეს შესრულება რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო კრედიტორის მიერ მიღებულად მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის განმარტებით, ვ. ბ-ე (თანხის გადამცემი) ასრულებდა არა მოვალის დავალებას, არამედ საკუთარ ვალს იხდიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კრედიტორი აღიარებდა ვ. ბ-ისაგან სადავო თანხის მიღების ფაქტს, იმ გარემოების დამტკიცება, მოქმედებდა თუ არა ეს უკანასკნელი მოვალის დავალებით, შესაძლებელი იყო მოწმეთა ჩვენებებით და სწორედ, აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით დაუბრუნა საქმე სააპელაციო სასამართლოს.
14.3. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი კვლევის საგანი იყო საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები იმ თვალსაზრისით, რათა დადგენილიყო ვ. ბ-ის მიერ კრედიტორისათვის 5000 აშშ დოლარის გადაცემის მიზნობრიობა.
14.4. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა განმარტებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ემ მოვალის დავალებით, კრედიტორს 5000 აშშ დოლარი გადასცა იმ ვალდებულების შესრულების მიზნით, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა.
14.5. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილების საერთო წესიდან გამომდინარე (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი) განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოება, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის შესაგებელს, კერძოდ, მოქმედებდა თუ არა ვ. ბ-ე მოპასუხის დავალებით, ანუ შეასრულა თუ არა მან მოვალის სახელით ვალდებულება კრედიტორის წინაშე.
14.6. სადავო გარემოების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხნენ ვ. ბ-ე, ს. ზ-ე და დ. კ-ი. დასახელებულ მოწმეთა განმარტებების გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმე - ვ. ბ-ის ჩვენებაზე (27.11.2012 წლის სხდომის ოქმი): მოპასუხემ თანხა მომცა და მე გადავეცი მოსარჩელეს, ერთხელ 10 000 აშშ დოლარი და მეორედ - 6000 აშშ დოლარი (17:46:00)... მოსარჩელეს თანხაც მიღებული აქვს და მანქანაც წაიყვანა (17:46:25).. მოსარჩელეს თანხას ვაძლევდი მანქანის ვალის დასაფარად (17:47:22).. ეს თანხა ემსახურებოდა მანქანიდან გამომდინარე ვალის დაფარვას... მოსარჩელე მანქანის ფულს იღებდა და სხვა დავალიანებაში ქვითავდა... რომ გვცოდნოდა, რომ იგი სხვა დავალიანებაში ქვითავდა, ნოტარიულად დავადასტურებდით, რომ ეს მანქანის ფული იყო (17:48:15).. მოპასუხე მე ფულს მატანდა მოსარჩელესთან (17:50:00).. ამ უკანასკნელს არასოდეს უთქვამს, რომ ამ თანხას მანქანის თანხაში არ თვლიდა...
14.7. მოწმე ს. ზ-ის განმარტებით (21.12.2012 წლის სხდომის ოქმი), ვ. ბ-ემ მოსარჩელეს გადასცა 6000 აშშ დოლარი, მშენებლობის საჭიროებისათვის დაიტოვა 1000 აშშ დოლარი, ანუ გადასცა 5000 აშშ დოლარი (14:11:45); თანხა ჩემი თანდასწრებით გადაეცა; აღნიშნული თანხა ემსახურებოდა მოპასუხის ვალის დაფარვას (14:14:01).
14.8. მოწმე დ. კ-ის განმარტებით, მოსარჩელემ ვ. ბ-ისაგან მიიღო მოპასუხისაგან გატანებული თანხა 6000 აშშ დოლარი. 1000 აშშ დოლარი ვ-მ დაიტოვა, 5000 აშშ დოლარი კი მოსარჩელეს მისცა. ეს იყო მოპასუხის მიერ გატანებული თანხა ვალის გადასახდელად (იხ.: 11.01.2013 წლის სხდომის ოქმი, 15:33:48 – 15:36:09).
14.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა განმარტებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული 5000 აშშ დოლარი ემსახურებოდა არა ვ. ბ-ის პირადი ვალის დაფარვას, არამედ ეს უკანასკნელი მოქმედებდა მოპასუხის დავალებით და მან სადავო თანხა კრედიტორს იმ ვალდებულების შესრულების მიზნით გადასცა, რომელიც მის მიმართ მოვალეს გააჩნდა.
14.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოეშვა ისეთი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რაც მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ ზემოაღნიშნულ გარემოებას გააქარწყლებდა, თუმცა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის ასეთი მტკიცება არ შეუთავაზებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ კრედიტორის წინაშე 2010 წლის 10 სექტემბერს აღიარებული ვალის ანგარიშში ამ უკანასკნელს 5000 აშშ დოლარი გადაუხადა.
14.11. სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ 5 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიმართ 5000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, 5500 აშშ დოლარს უნდა გამოკლებოდა 5000 აშშ დოლარი და საბოლოოდ, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ 500 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15. 1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორის უფლებამონაცვლემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისათვის 9500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ ნაწილშიც, რომლითაც კრედიტორის უფლებამონაცვლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოვალეს დაეკისრა 500 აშშ დოლარის გადახდა; საკასაციო პრეტენზია ეხება სახელმწიფო ბაჟის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებასაც და კასატორი ითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
15.1.1. კასატორი უთითებს წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და აკრიტიკებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოწმეთა განმარტებების შეფასების თვალსაზრისით, რადგან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ვალდებულების შესრულების მიზნით კრედიტორისათვის 5000 აშშ დოლარი მართებულია (იხ. ამ განჩინების 12.2. ქვეპუნქტი);
15.1.2. კასატორი საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინების მითითებებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა მოვალის მითითებები კრედიტორისათვის თანხის გადაცემის თაობაზე, ისევე როგორც მოწმეთა განმარტებები
15.1.3. კასატორის მტკიცებით, მოწმე ვ. ბ-ე არა მოპასუხის, არამედ, სხვა პირის - გ. ბ-ის დავალებით მოქმედებდა და სხვა ვალდებულების (ამხანაგობის წინაშე) შესასრულებლად (იხ. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები - ტ.2, ს.ფ. 236-246).
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საკასაციო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი არცერთი საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემოთ 21-ე პუნქტი).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. განსახილველი დავის საგანია მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რომლის შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვპლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. აღსანიშნავია, ისიც, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინების სავალდებულო მითითებების ფარგლებში (იხ. ამ განჩინების 14.2. ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული თანხა ვ. ბ-ისაგან წარმოადგენდა მოპასუხის დავალების საფუძველზე გადაცემულ თანხას ამ უკანასკნელის ვალდებულების შესრულების მიზნით კრედიტორის წინაშე. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა: „დავალების ხელშეკრულების ნამდვილობა (რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ ფორმას) შეიძლება, დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მოსაზრება განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურსამართლებრივ ნორმის შინაარსზე, ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ დავალების ხელშეკრულების დასადებად კანონი (სსკ-ის 709-ე მუხლი) არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს, ის შეიძლება დაიდოს, ასევე ზეპირადაც. მითითებული ნორმის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამდენად, ამ გარემოებების დადგენისათვის მოწმის ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - იხ. სუსგ # ას- 872-830-2013, 17.10.2014წ.
22. აღსანიშნავია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე (იხ. ამ განჩინების 14.5 და 14 .10 ქვეპუნქტები).
23. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას დაედებოდა საფუძვლად. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 14.2-14.11 ქვეპუნქტებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა.
24. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას აღარ დაეკისრება საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის გაჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის (70%-ის) გადახდა, თანახმად სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 ნაწილისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე