Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-836-802-2016 20 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ფ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა-ქ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა ს. ქ-მა და ა-ქმა (შემდეგში: ეს უკანასკნელი მოიხსენიება, როგორც მოსარჩელე, თავდები ან აპელანტი, ხოლო ორივე ფიზიკური პირი ერთად - როგორც მოვალეები) 2008 წლის 15 სექტემბრს გასცეს თამასუქი, რომლის მიხედვით მოვალეებმა 85 000 თურქული ლირის ფარგლებში, თურქულ კომპანია შპს „კ-ის“ (შემდეგში: კრედიტორი ან გამყიდველი) მიმართ იკისრეს ნასყიდობის ფასის ანაზღაურების ვალდებულება (თავდებობა), შპს „ფ-“-ის (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან კასატორი) მიერ მიღებული საქონლის ღირებულების ამ უკანასკნელის მხრიდან გადაუხდელობის შემთხვევაში (იხ. 2008 წლის 15 სექტემბრის თამასუქი - ტ. 1, ს.ფ. – 15-20; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე, 891-ე მუხლები).

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მოვალეებსა და კრედიტორს შორის 2008 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, გამყიდველის მიერ საქართველოში გაგზავნილი პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში გაცემული თამასუქი მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე თამასუქით გათვალისწინებულ თანხას დაუყოვნებლივ მიქცევის პერიოდიდან დარიცხვოდა სარგებელი (იხ. 2008 წლის 18 სექტემბრის შეთანხმების ოქმი - ტ.1, ს.ფ. 21-23).

3. მოსარჩელე და მოპასუხე არ უარყოფენ, რომ 2008 წლის 5 დეკემბერს ირაკლი დოლიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში „ზ-ის“ მეშვეობით 10 000 აშშ დოლარი გადარიცხა, რითაც ნაწილობრივ შესრულდა მოპასუხის ვალდებულება კრედიტორისადმი.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. 2015 წლის 29 აპრილს მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ ამ უკანასკნელს დაკისრებოდა ძირითადი დავალიანების სახით 42 904, 36 აშშ დოლარი და ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი - 4 595 აშშ დოლარი წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების ფარგლებში.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მას არავითარი დავალიანება არ გააჩნია მოსარჩელისადმი, რის გამოც არ არსებობდა ამ უკანასკნელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის (ს/კ 2…) ანგარიშს „ზ-ის“ თბილისის ფილიალში და საქართველოში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშს 47 489, 37 აშშ დოლარის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-ე, 198-ე, 199 1 მუხლები)

6.2. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 891-ე, 893-ე, 905-ე მუხლები და შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელა:

6.2.1. გამყიდველსა და მყიდველს შორის (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 2008-2009 წლების განმავლობაში არსებული სამეწარმეო ურთიერთობების ფარგლებში, მყიდველს (მოპასუხეს) მიღებული აქვს 2008 წლის 22 ივლისის #2008/24483 ივნოისის ფარგლებში 46 499,56 აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო 2008 წლის 26 სექტემბრის #024676 ინვოისის შესაბამისად - 52 946,86 ლარის ღირებულების პროდუქცია. სულ მოპასუხემ გამყიდველისაგან მიიღო 99 446,42 აშშ დოლარის პროდუქცია;

6.2.2. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ კრედიტორისაგან სხვადასხვა საქონელი მიიღო მხოლოდ ორი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. ამ დასკვნის გამოსატანად სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ თურქეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ 2008 წლის 26 სექტემბრის #024676 ინვოისს, ასევე, მოპასუხის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ სრულ მასალას, რომელიც ასახავს 2008-2009 წლებში გაფორმებულ საბაჟო-სასაქონლო დეკლარაციებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-26, 101-251);

6.2.3. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში განთავსებულ მასალებზე, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-17 სააღსრულებო სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, სს „ზ-ის“ ანკარის მეორე რეგიონალური სამმართველოს მიერ კრედიტორი საწარმოს მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით განისაზღვრა მოსარჩელის ხელფასის ¼ ნაწილის ჩამოჭრის ვალდებულება. ამავე დოკუმენტზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვალდებულება დაფარულია სრულად. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სრულად აღსასრულებელი თანხის მოცულობა შეადგენდა 70 800 თურქულ ლირას;

6.2.4. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა: მხარეები არ უარყოფდნენ, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოპასუხე საწარმოს საბანკო ანგარიშის ამონაწერი შეიცავს ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ამსახველ მონაცემებს;

6.2.5. დასახელებული მტკიცებულების შესაბამისად, მოპასუხეს გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: 2008 წლის 18 ივლისს - 42 365 აშშ დოლარი; იმავე წლის 12 სექტემბერს - 17 000 აშშ დოლარი; 2009 წლის 23 იანვარს - 8 000 აშშ დოლარი; იმავე წლის 4 თებერვალს - 10 000 აშშ დოლარი და 14 მაისს - 14 500 აშშ დოლარი;

6.2.6. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია, დასახელებული გადახდების გასწვრივ სხვადასხვა ინვოისის ნომრები იყო მითითებული, თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა მხოლოდ 2008-2009 წლებში არსებობდა და მოპასუხემ მხოლოდ ორი ინვოისის საფუძველზე მიიღო საქონელი, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თანხის გადახდით იფარებოდა 99 446,42 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება. ასევე, 2008 წლის 5 დეკემბერს მოპასუხემ გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). ზემოხსენებული მტკიცებულებების გაანალიზებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა 101 865 აშშ დოლარი და სრულად შეასრულა როგორც #2008/24483, ისე - #024676 ინვოისებით მიღებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

6.3. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას მიუთითა სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე: „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ 2008 წლის 15 და 18 სექტემბერს ხელმოწერილი გარიგებები (იხ. ამ განჩინების პირველი და მეორე პუნქტები), მათი შინაარსის გათვალისწინებით, განიხილება თავდებობის ხელშეკრულებებად, რომლის შესაბამისად, თავდებმა იკისრა ვალდებულება შემძენის (მოპასუხის) მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზე.

6.4. სსკ-ის 893-ე მუხლის დანაწესით „თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება“. ამავე კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, „თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება“.

6.5. სასამართლოს შეფასებით, თავდებობა აქცესორული უფლებაა და ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, შესაბამისად, არსებობს იქამდე, სანამ არსებობს ძირითადი ვალდებულება.

6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მყიდველმა გამყიდველს (კრედიტორს) ნასყიდობის ღირებულება სრულად აუნაზღაურა. შესაბამისად, ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა თავდებობა შესრულდა და თავდებს არ ეკისრებოდა თანხის გადახდის ვალდებულება.

6.7. სასამართლომ დაასკვნა, რომ თავდებმა სასარჩელო განცხადებაში დასახელებული თანხები კრედიტორისადმი გადაიხადა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ვინაიდან, მყიდველის (მოპასუხის) მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად, ამ უკანასკნელისთვის თანხის დაკისრების საფუძვლები წარმოდგენილი არ იყო საქმეში.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

7.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარიგებების გაფორმება, რომელთა საფუძველზე კონკრეტული ვალდებულებები იკისრა მოსარჩელემ, ამავდროულად არასწორად მიიჩნია, რომ 2008-2009 წლებში გამყიდველისაგან მყიდველს მიღებული ჰქონდა საქონელი მხოლოდ ორჯერ (იხ. 6.2.1 6.2.2 ქვეპუნქტები);

7.1.2. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ 2008 წლის განმავლობაში, გარდა ზემოაღნიშნული ინვოისებით მიღებული პროდუქციისა, მოპასუხეს იმავე მიმწოდებლისაგან მიღებული ჰქონდა 12.09.2008წ. №244855 ანგარიშფაქტურით 35 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის დავალიანებაც დაფარა ეტაპობრივად 12.09.2008წ.-დან 04.02.2009წ.-მდე;

7.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 18.07.2008წ. №24062 ანგარიშფაქტურით მიღებული პროდუქციის ღირებულება დაიფარა იმავე დღეს, რაც მოპასუხემ თვითონვე დაადასტურა მის მიერ წარდგენილ შესაგებელზე №4-ე დანართით - საბანკო ამონაწერებით, თურქეთის სს "ზ-ის“ თბილისის ფილიალის შესაბამისი ამონაწერით, სარჩელზე დართული თურქეთის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და საექსპერტო დასკვნით. ამდენად, წარდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გამყიდველისაგან სადავო პერიოდში მიღებული აქვს 134 446.42 აშშ დოლარის პროდუქცია და არა სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად დადგენილი 99.446.42 აშშ დოლარის პროდუქცია;

7.1.4. აპელანტი უთითებს, რომ 22.07.2008წ. №24483 და 12.09.2008წ. №244855 ანგარიშფაქტურებით საქონლის მოწოდება მოხდა თავდებობის თამასუქის გაცემამდე, შესაბამისად, თავდებობა არ ვრცელდებოდა თამასუქის გაცემამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე და ეხებოდა მხოლოდ 26.09.2008წ №024676 ინვოისით მიწოდებულ პროდუქციას, ღირებულებით - 52 946.86 აშშ დოლარი;

7.1.5. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის (სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მხოლოდ ორი ინვოისით 22.07.2008წ. №24483 და 26.09.2008წ. №024676) მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 99 446.42 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელს დაფარული ჰქონდა გადამეტებით - 101 865 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, ძირითადი ვალდებულება, რაც დაედო საფუძვლად თავდებობას, არ არსებობდა. აპელანტის მტკიცებით, წარდგენილი დოკუმენტაციისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით, ცალსახად დასტურდება, რომ 12.09.2008წ. - 17 000 აშშ დოლარი, 23.01.2009წ. - 8 000 აშშ დოლარი და 04.02.2009წ. - 10 000 აშშ დოლარი, საერთო ჯამში - 35 000 აშშ დოლარი ჩაირიცხა №24485 ინვოისით მოწოდებულ პროდუქციაზე. აღნიშნული ინვოისით პროდუქციის მოწოდების ფაქტი სასამართლომ არ შეაფასა;

7.1.6. სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა, თუ რა ფაქტობრივი კავშირი ჰქონდა შემდგომ პერიოდში გაცემული თავდებობის თამასუქთან 18.07.2008წ. ჩარიცხულ 42 365 აშშ დოლარს.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

8.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

8.1.2. თავდების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

8.1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 28 434.36 აშშ დოლარის გადახდა;

8.1.4. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის დარიცხული სარგებლის სახით - 4 594 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

8.1.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 722,88 ლარის - გადახდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.2.1. მოსარჩელის მიერ 2008 წლის 15 სექტემბრს გაცემული თამასუქი

9.

(თავდებობა) 2008 წლის 26 სექტემბერს, №024676 ინვოისით მოწოდებულ - 52 946.86 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ვრცელდებოდა;

8.2.2. დადგენილი იყო, რომ 2008 წლის 15 სექტემბრს ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა მოვალეებმა გასცეს თამასუქი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ პროდუქციის გამყიდველი თურქული კომპანიის წინაშე იკისრა ვალდებულება ნასყიდობის ფასის - 85 000 თურქული ლირის ანაზღაურების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი (მოპასუხე) არ გადაიხდიდა გამყიდველისაგან მიწოდებული საქონლის ღირებულებას. 2008 წლის 18 სექტემბრის დამატებითი შეთანხმებით (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), მოვალემ იკისრა ვალდებულება, გამყიდველის მიერ საქართველოში გაგზავნილი პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაცემული თამასუქი მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასევე, თამასუქით გათვალისწინებულ თანხას დაუყოვნებლივ მიქცევის პერიოდიდან დარიცხვოდა სარგებელი. აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული თამასუქის საფუძველზე გაცემული თავდებობა თამასუქის გაცემამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე არ ვრცელდებოდა და რამდენადაც 22.07.2008წ. №24483 და 12.09.2008წ №244855 ანგარიშფაქტურების საფუძველზე საქონელი მიწოდებულია მოსარჩელის მიერ თამასუქის გაცემამდე, ამ უკანასკნელს მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია;

8.2.3. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ სხდომაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) განმარტა, რომ 2008 წლის 15 სექტემბრის თამასუქით გათვალისწინებული 85 000 თურქული ლირა იმ პერიოდისათვის 52 924.26 აშშ დოლარს შეადგენდა და ამ ღირებულების საქონელი მოპასუხეს სწორედ 26.09.2008 წელს №024676 ანგარიშფაქტურით მიეწოდა. მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული გარემოებები სადავოდ არ გაუხდია (იხ: 18.04.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

8.3. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს გაცემული თავდებობა მხოლოდ 26.09.2008წ. №024676 ინვოისით მოწოდებული პროდუქციის ღირებულების (52 946.86 აშშ დოლარის) ანაზღაურების ვალდებულებას მოიცავდა.

8.4. 2008 წლის 26 სექტემბრის №024676 ინვოისით გათვალისწინებული 52 924. 36 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი მყიდველმა (მოპასუხემ) გამყიდველისაგან სრულად მიიღო. აღნიშნული გარემოება სადავო არ არის.

8.5. სასამართლოს შეფასებით, №024676 ინვოისით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან მყიდველს გადახდილი აქვს 24 500 აშშ დოლარი. შესაბამისად, გამყიდველის წინაშე მყიდველის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება 28 446 აშშ დოლარს შეადგენს.

8.6. აპელანტის განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ, 2008 წლის 26 სექტემბრის №024676 ინვოისით მიღებული საქონლის ღირებულების ანგარიშში, თავდების (მოსარჩელის) პირად ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარი გადარიცხა (იხ: 18.04.2016 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

8.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ №024676 ინვოისით მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ამ უკანასკნელმა, ასევე, გადაიხადა 14 500 აშშ დოლარი.

8.8. სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილ დასაშვებ მტკიცებულებათა შესახებ იმსჯელა და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

8.9. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის გარემოება, რომ თავდებობა გაცემული იყო მხოლოდ 2008 წლის 26 სექტემბრის №024676 ინვოისით მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან სრულად დაფარა სწორედ №024676 ინვოისით მოწოდებული საქონლის ღირებულება (52 924.36 აშშ დოლარი);

8.10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მხოლოდ 24 500 (10 000+14 500) აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამყიდველის (კრედიტორის) მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება 28 434.36 (52 924.36-24 500) აშშ დოლარს შეადგენს. სასამართლოს დასკვნით, ამ გარემოებას ანუ № 024676 ინვოისით გადაცემული საქონლის ანგარიშში თანხის სრულად გადაუხდელობას ასევე ადასტურებდა საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 252-253), რომლის მიხედვითაც დგინდებოდა მხოლოდ 14 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

8.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე (ნორმის დეფინიცია იხ. 6.3 ქვეპუნქტში) მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტმა, როგორც თავდებმა, 2008 წლის 15 და 18 სექტემბრის გარიგებებით იკისრა ვალდებულება, მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული პროდუქციის ღირებულება აენაზღაურებინა. დადგენილია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს გაცემული თავდებობა ვრცელდებოდა მხოლოდ 2008 წლის 26 სექტემბერს №024676 ინვოისით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებაზე, რაც 52 946.86 აშშ დოლარს შეადგენდა.

8.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების 6.3 და 6.4 ქვეპუნქტებში მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე და განსახილველ შემთხვევაში დაადგინა, რომ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (2008 წლის 26 სექტემბერს №024676 ინვოისით მოწოდებულ პროდუქციის ღირებულების 52 924.36 აშშ დოლარის ანაზღაურება), რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა თავდებობა, მოპასუხემ (მყიდველმა) გამყიდველის წინაშე არ შეასრულა სრულად, რის გამოც თავდებს დაეკისრა თანხის გადახდის ვალდებულება. საქმეში წარდგენილი თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-17 სააღსრულებო სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად დადგენილია, რომ თავდებმა (მოსარჩელემ) გამყიდველის წინაშე თავდებობით ნაკისრი ვალდებულება სრულადდაფარა. სსკ-ის 905-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 6.4 ქვეპუნქტში) თანახმად, აპელანტს მყიდველის მიმართ წარმოეშვა ამ უკანასკნელის მიერ 2008 წლის 26 სექტემბერს №024676 ინვოისით მიღებული საქონლის ღირებულების იმ ნაწილის მოთხოვნის უფლება, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

8.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველს (მოპასუხეს) №024676 ინვოისით მიღებული საქონლის ღირებულებიდან გადახდილი აქვს 24 500 აშშ დოლარი. შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 28 446 (52 924, 36 – 24 500) აშშ დოლარის გადახდა.

8.14. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც ეხებოდა ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის - 4 594 აშშ დოლარის ანაზღაურებას და განმარტა, რომ წარდგენილი სარჩელი არ შეიცავდა მითითებებს აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ (დარიცხვის პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ). შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში და არ დააკმაყოფილა.

9.საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. ტ.2, ს.ფ. 122-131):

9.1.1. მყიდველს არ აქვს მის მიერ მიღებული პროდუქციის დავალიანება, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართული მტკიცებულებებით- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი 2008-2009 წლების საბაჟო დეკლარაციებით. მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა 99 446.42 აშშ დოლარის პროდუქცია და გადაიხადა 101 865 აშშ დოლარი. საქმის რეალური ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველმა გამყიდველისგან ყოველგვარი წინაპირობისა და ხელშეკრულების გარეშე, ინვოისის საფუძველზე შეიძინა 99 446,42 აშშ დოლარის პროდუქცია, კერძოდ: 22.07.2008წ. – 46 499. 56 აშშ დოლარის და 52 956.86 აშშ დოლარის, სულ 99 446. 42 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;

9.1.2. კასატორის მითითებით, მან ჯამში 101 865 აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა: 18.07.2008წ. – 42 365 აშშ დოლარის; 12.09.2008წ. – 17 000 აშშ დოლარის; 05.12.2008წ. – 10 000 აშშ დოლარის; 23.01.2009წ. – 8 000 აშშ დოლარის; 04.02.2009წ. – 10 000 აშშ დოლარის; 14.02.2009წ. – 14 500 აშშ დოლარის;

9.1.3. მყიდველისათვის არ იყო ცნობილი თურქეთში მიმდინარე დავის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში, ის ჩაერთვებოდა დავაში, მოსარჩელეს შეგნებულად არ უცნობებია ამის შესახებ, თორემ მოპასუხე დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მოსარჩელის ინტერესებში შედიოდა თურქეთში ექსპერტიზა ჩატარებულიყო არასრული მასალების საფუძველზე, რადგან წარმოიშობოდა დავალიანება, რომლის საფუძველზეც მხარე მოპასუხისაგან უკანონოდ მიიღებდა თანხებს;

9.1.4. მოსარჩელე მალავს, რომ 05.12.2008წ. მიიღო 10 000 აშშ დოლარი. კასატორისათვის უცნობია, იყო თუ არა მასსა და გამყიდველს შორის თავდები პირი; იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელე მართლაც იყო თავდები პირი და მოპასუხის ვალდებულების გამო ეკისრებოდა სოლიდური თანხის გადახდა, მაშინ ამ უკანასკნელისაგან უნდა მიეღო ინფორმაცია, თუ რა ოდენობის საქონელი მიიღო მყიდველმა და რა თანხა გადაიხადა; მოსარჩელე, მოპასუხისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს გზით შეეცადა ვალდებულებისაგან (რომელიც საკუთარი აღიარების საფუძველზე დაეკისრა) გათავისუფლებას, თუმცა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია ის ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომელსაც მოპასუხე ფლობდა და რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ამ უკანასკნელს გამყიდველისაგან შეძენილი აქვს 99 446.42 აშშ დოლარის პროდუქცია და გადახდილი აქვს 101 865 აშშ დოლარი;

9.1.5 სასამართლომ გვერდი აუარა ფინანსთა სამინისტროდან წარდგენილ დოკუმენტაციას, რითაც უტყუარად დასტურდებოდა, თუ რა ღირებულებისა და რა რაოდენობის პროდუქცია შეიძინა მოპასუხემ თურქული კომპანიისაგან; ასევე, არ გაითვალისწინა მტკიცებულება ვალის არსებობის თაობაზე.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 995, 2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (სსსკ-ის 48.1-ე მუხლი).

10.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემოთ 15.8 ქვეპუნქტი).

13.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

14.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

14.2. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.

15. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და დაადგინა საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივად მნიშვნელოვანი მთავარი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

15.1. მოსარჩელის მიერ 2008 წლის 15 სექტემბრს გაცემული თამასუქი (თავდებობა) 2008 წლის 26 სექტემბერს, №024676 ინვოისით მოწოდებულ - 52.946.86 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ვრცელდებოდა;

15.2. გამოკვლეული და დადგენილია 2008 წლის 15 სექტემბრისა და 18 სექტემბრის ხელშეკრულებებით (იხ. ამ განჩინების პირველი და მეორე პუნქტები, ასევე, 8.2.2 ქვეპუნქტი) მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შინაარსი, ასევე ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ თამასუქის საფუძველზე გაცემული თავდებობა თამასუქის გაცემამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე არ ვრცელდებოდა და რამდენადაც 22.07.2008წ. №24483 და 12.09.2008წ №244855 ანგარიშფაქტურების საფუძველზე საქონლის მოპასუხისათვის მიწოდება მოხდა თამასუქის გაცემამდე, მოსარჩელეს (თავდებს) მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია;

15.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2008 წლის 15 სექტემბრის თამასუქით გათვალისწინებული 85 000 თურქული ლირა იმხანად 52 924,26 აშშ დოლარს შეადგენდა და სწორედ ამ ღირებულების საქონელი მიეწოდა მოპასუხეს 26.09.2008 წელს №024676 ანგარიშფაქტურით ამ გარემოებებს მოპასუხე არ შედავებია (იხ. ამ განჩინების 8.2.3. ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს გაცემული თავდებობა მხოლოდ 26.09.2008წ. №024676 ინვოისით მოწოდებული პროდუქციის ღირებულების (52 946.86 აშშ დოლარის) ანაზღაურების ვალდებულებას მოიცავდა. კასატორს ამაზე დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15.4. მხარეები არც იმაზე დავობდნენ, რომ 2008 წლის 26 სექტემბრის №024676 ინვოისით გათვალისწინებული 52 924, 36 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი მყიდველმა (მოპასუხემ) გამყიდველისაგან სრულად მიიღო. შესაბამისად, ამ ინვოისის საფუძველზე მიღებული საქონლის ღირებულებიდან მყიდველს (კასატორს) გადახდილი აქვს 24 500 აშშ დოლარი და გამყიდველის წინაშე მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 28 446 აშშ დოლარს.

15.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ვერცერთ პრეტენზიას, რადგან საქმეში წარდგენილი მოპასუხის საბანკო ანგარიშის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ №024676 ინვოისით მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ამ უკანასკნელმა, ასევე, გადაიხადა 14 500 აშშ დოლარი.

15.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 891-ე, 895-ე, 905-ე მუხლების გამოყენებას, რადგან განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის მართებული განაწილების შედეგად, მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის (ძირითადი დავალიანების გადახდის ვალდებულების ნაწილში) დამტკიცება, კერძოდ ის, რომ თავდებობა გაცემული იყო მხოლოდ 2008 წლის 26 სექტემბრის №024676 ინვოისით მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მან სრულად გადაიხადა სწორედ №024676 ინვოისით მოწოდებული საქონლის ღირებულება (52 924, 36 აშშ დოლარი) და არავითარი დავალიანება არ გააჩნია კრედიტორისადმი;

15.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა № 024676 ინვოისით გადაცემული საქონლის ანგარიშში გამყიდველის (კრედიტროს) მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების - 28 434.36 (52 924.36 -24 500) აშშ დოლარის - არსებობა, ამასვე ამტკიცებს საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერი (ტ.1, ს.ფ.- 252-253), რომლის მიხედვითაც დგინდება მყიდველის მიერ გამყიდველისათვის მხოლოდ 14 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

15.8. „სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც“ (იხ. სუსგ # ას-704-667-2013, 01.10.2014წ.)

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.1-ე მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, კასატორს სწორედ 70 %-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადა საკასაციო სასამართლომ (იხ. ამ განჩინების 10.1. ქვეპუნქტი), კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ფ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე