საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-886-853-2016 20 იანვარი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჭ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და მისთვის მხოლოდ ძირითადი თანხის, 11 380 ლარის, დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ჭ-ე (შემდეგში: მოსარჩელე, თამბაქოთი მოვაჭრე ან გამსესხებელი), ქ. ბათუმში, ავტოსადგურისა და ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობს.
2. თამბაქოთი მოვაჭრემ, 2015 წლის იანვრის თვეში, დ. ტ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, თამბაქოს ნაწარმის შემძენი, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) ნისიად გადასცა, შემდეგში გადახდის პირობით - 11 500 ლარის სიგარეტი. თამბაქოს ნაწარმის შემძენს სიგარეტის ღირებულება უნდა გადაეხადა ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა, მან ეს ვალდებულება არ შეასრულა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 477-ე, 319-ე, 361-ე მუხლები).
3. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის არსებობდა თამბაქოს ნასყიდობის ურთიერთობა, 2015 წლის 21 აპრილს, მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე, 624-ე მუხლები), რომელშიც მიუთითეს, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 11 380 ლარი. სესხად მიღებულ თანხას მოპასუხე გადაიხდიდა 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად - 1896.67 ლარს.
4. სესხის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოზე, კერძოდ, 3.2. პუნქტით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო, სესხის 3 %-ის ოდენობით (სსკ-ის 417-418-ე მუხლები).
5. მსესხებელს სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 11 380 ლარი გადახდილი არ აქვს.
6. სასარჩელო მოთხოვნა და მისი საფუძვლები
6.1. თამბაქოთი მოვაჭრემ 2015 წლის 3 სექტემბერს სარჩელი აღძრა თამბაქოს ნაწარმის შემძენისა და მ. ნ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის 15 763 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით მეორე მოპასუხე ამოირიცხა სათანადო მოპასუხეთა რიცხვიდან (იხ. საოქმო განჩინება - ს.ფ. 78; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-2, მე-3, 85-ე მუხლები).
6.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მოპასუხეს ნისიად მიყიდა თამბაქო და არათუ შეთანხმებულ ვადაში, მოგვიანებითაც არ მიუღია გაყიდული თამბაქოს ნაწარმის ღირებულება. მოსარჩელე იძულებული გახდა, ბანკიდან გამოეტანა სესხი და ასე დაეფარა თამბაქოს მეპატრონეთა ვალი;
6.3. მოსარჩელესთან მოპასუხემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, თუმცა, არც ამ ფარგლებში გადაუხდია მოპასუხეს თანხა, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, პირგასამტეხლოს სახით, ამ უკანასკნელმა 4383 ლარი უნდა გადაუხადოს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო თამბაქოს ნაწარმის ღირებულების -11 380 ლარის გადახდის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა მოთხოვნას იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული მხოლოდ სესხის ხელშეკრულებას შეიძლება უკავშირდებოდეს, მხარეები კი ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები არიან.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრვ დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 13 242.25 ლარის გადახდა;
8.2. სარჩელის მოთხოვნა, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 1862.25 ლარის გადახდის გარდა სხვა თანხის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდა.
8.3. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები, დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით ისიც აღნიშნა, რომ 2015 წლის 21 აპრილის სესხის ხელშეკრულება სინამდვილეში დადებულია არა სესხზე, არამედ ნასყიდობის საფასურის დაბრუნებაზე. ამ ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა არის ის თანხა, რაც მოპასუხეს თამბაქოს შეძენის გამო უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა ამავე ნაწილში.
9.2. აპელანტის მტკიცებით, ვინაიდან სარჩელის შეტანის დროისათვის ვალდებულების შესრულება ვადამოსული არ იყო, ვალდებულება დარღვეულად არ უნდა მიჩნეულიყო და მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
10.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ აპელანტი არ შედავებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ამ განჩინების 1-4 პუნქტები).
10.4. სასამართლომ მხარეთა შორის 21.04.2015 წ. გაფორმებული ხელშეკრულება ვალის აღიარების ხელშეკრულებად მიიჩნია (სსკ-ის 341-ე მუხლი: „იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას“.
10.5. სასამართლომ, სსკ-ის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით, იმაზეც იმსჯელა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
10.6. მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა პირგასამტეხლო 3219 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ ერთნახევარჯერ შეამცირა და მოპასუხეს დააკისრა 1896 ლარი, ეს კი 0.15%- ია. უდავოა, რომ საუბარია 109 დღის ვადაგადაცილებაზე და სწორედ ამ პერიოდის ვალდებულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.
10.7. სასამართლომ, სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითებით იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მართებულად გაითვალისწინა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 1862.25 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
10.8. ,,პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამასთანავე, მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული“ (იხ. სუსგ # ას-1113-1060-2014, 23.02.2015წ.).
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ქვემდგომი ორივე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს ცალკე არ აქვს გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი და პირგასამტეხლო, მოპასუხეს მხოლოდ ძირითადი თანხა - 11 380 ლარი უნდა დაეკისროს;
11.2. კასატორის პრეტენზია ეხება მეორე მოპასუხის არასათანადო მოპასუხედ ცნობასაც იმ დასაბუთებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში არ არის მითითებული ამის თაობაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს გარემოება, რადგან შესაძლებელია, მოსარჩელემ მოინდომოს და მოთხოვნა აღძრას მეორე მოპასუხის წინააღმდეგაც;
11.3. კასატორი უთითებს სააპელაციო პრეტენზიის იდენტურ არგუმენტებზე (იხ. საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 192-199).
12. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში სსსკ-ის 39-1 მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს.
14. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ -ები: # ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.; # ას-23-23-2014, 10.04.2014წ., #ას-943-905-204, 08.04.2015წ.; # ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.; #ას-1002-946-205, 13.11.2015წ.).
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მსესხებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რამაც მოსარჩელეს წარმოუშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომლის გონივრულობა და სამართლიანობა, სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამართლიანად შეამცირა სასამართლომ და განსაზღვრა დარღვევის სიმძიმის - ვადაგადაცილებული დღეების (109) შესატყვისად.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, თუმცა, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს თაობაზე, მის დასადასტურებლად კი, დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2-ე მუხლი).
20. კასატორის 11.2 ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზია, როგორც დაუსაბუთებელი უარყოფილია 6.1. ქვეპუნქტში მითითებული სასამართლო საოქმო განჩინების საფუძველზე, რადგან სასამართლომ შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე იმსჯელა სათანადო მოპასუხის შესახებ და ამორიცხა სწორედ ის პირი, ვის მიმართაც მოთხოვნის უფლება სამართლებრივად არ ჰქონდა მოსარჩელეს.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობაზე, ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი განჩინება.
22. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივად დასაბუთებული საფუძველია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ. ტ-ეს (პ/ნ 6…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ი-ის (პ/ნ 6..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 ოქტომბერი), 70% – 210 (ორასათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე