Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1015-976-2016 13 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ი" (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსაჩელე ან ბანკი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნ. მ-სა (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ. მ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 11 761.04 ლარის გადახდა; ბანკისადმი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, სარეალიზაციოდ მიექცევა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 300.2, 301.11, 302-ე მუხლები) .

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბანკის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.

4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მოტივაციისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 373.1-ე, 374-ე, 364-ე, 369.1-ე, მე-60, 61-ე და 59-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს გასაჩივრების ვადა გაშვებული ჰქონდა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით 2016 წლის 18 აპრილს მიმართა (ს/ფ 128), გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2016 წლის 17 მარტიდან) 32-ე დღეს;

5.2. იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღე, 2016 წლის 16 აპრილი შაბათი, ანუ არასამუშაო დღე იყო, მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების რეალური შესაძლებლობა ორშაბათ დღეს, 2016 წლის 18 აპრილს მიეცა;

5.3. მოპასუხის ხელწერილით დასტურდება, რომ მან გადაწყვეტილება 2016 წლის 18 აპრილს ჩაიბარა;

5.4. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2016 წლის 18 აპრილიდან დაიწყო და 2016 წლის 2 მაისს (ორშაბათი, სამუშაო დღე) ამოიწურა;

5.5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი 2016 წლის 3 მაისს, გასაჩივრების ვადის დარღვევითაა, წარდგენილი (ს/ფ 149).

6. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინია, რაც მის განუხილველად დატოვებას დაედო საფუძვლად.

7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელიც წარმოებაშია მიღებული საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მან გასაჩივრების ვადის ათვლა მართებულად დაიწყო 2016 წლის 18 აპრილიდან, თუმცა, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ 2016 წლის 2 მაისი უქმე დღე იყო;

8.2. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად უქმე დღეებია: სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

8.3. 2016 წლის 1 მაისს იყო აღდგომის დღესასწაული, შესაბამისად, აღდგომის მეორე დღეს, 2016 წლის 2 მაისს, იყო მიცვალებულთა მოხსენიების დღე (უქმე დღე), რის გამოც სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გასაჩივრების ვადის ბოლო დღედ მიიჩნევა 2016 წლის 3 მაისი, როგორც მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

8.4. განჩინების 8.1-8.3 პუნქტებში მითითებული მსჯელობის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ არის დარღვეული, რაც ამ საფუძვლით მისი განუხილველად დატოვების შესაძლებლობას არ იძლევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პრეტენზია დასაბუთებულია.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით გათვალისწინებული /სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილი/ ვადა ამოიწურა 2016 წლის 16 აპრილს (შაბათი, უქმე დღე). სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოპასუხემ სასამართლოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 18 აპრილს (ორშაბათი; იხ. ს/ფ 128) და იმავე დღესვე ჩაიბარა განჩინების ასლი. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 19 აპრილიდან, ანუ იმ კალენდარული თარიღის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი /სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი/ და ამოიწურა მე-14 დღეს, 2016 წლის 2 მაისს /სსსკ-ის 369-ე მუხლი/. 2016 წლის 2 მაისი იყო უქმე დღე, როგორც აღდგომის დღესასწაულის მეორე დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე /სშკ-ის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი/. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2016 წლის 3 მაისი, როგორც გასაჩივრების ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე /სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი/.

12. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე