საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1036-997-2016 20 იანვარი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა
დავის საგანი – საწარმოს ლიკვიდირებულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. კ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მისი ეპს „ლ-ას“ უფლებამონაცვლედ ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე ან საჯარო რეესტრი) უძრავი ნივთის (მდებარე ქ. ფოთში, ჩ-ის ქ. # 2) მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დავაში მესამე პირის სახით ჩაბმული იყო სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (იხ. გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ. 204-214).
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს ხარვეზი დაუდგინდა სააპელაციო საჩივარზე და დასახელებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, მისი აღმოფხვრის მიზნით, დაევალა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის შინაარსისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების (რომლებიც მიეთითა განჩინებაში) დაკმაყოფილება.
4. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, ის, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. განჩინება - ტ.2, ს.ფ. 4-9).
5. აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ. 35-39).
6. დასახელებული განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მე-3 პუნქტში მითითებული განჩინების პასუხად, 2016 წლის 6 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში ფოსტით შევიდა მოსარჩელის „დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივარი, ასევე განცხადება, სადაც მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული სასამართლოს მოთხოვნები.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ ე.წ. „დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის გრაფაში დაფიქსირებული იყო: „1) ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება; 2) ე.პ.ს. ფირმა „ლ-ას“ ლიკვიდირებულად ცნობა“.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საქმის მასალების მიხედვით ირკვეოდა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო ერთი პირის საწარმოს „ლ-ას“ უფლებამონაცვლედ მოსარჩელის ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება, რათა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხულიყო მოსარჩელე.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელთან შესაბამისობაში არ დაუზუსტებია სააპელაციო პრეტენზია და არ წარუდგენია დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რაც უნდა მიჩნეულიყო აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობად.
10. სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია, ხოლო ამავე კოდექსის 368.5-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს დასახელებული მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
11. იმის გამო, რომ აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა სარჩელთან შესატყვისი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ასევე, არ გადაუხდია დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისი ბაჟი- არანაკლებ 150 ლარისა და არა უმეტეს 5000 ლარისა, ასევე, ხარვეზის შევსების საპროცესო ეტაპზე, აპელანტმა შეცვალა დავის საგანი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განუხილველად უნდა დარჩენილიყო სააპელაციო საჩივარი, ხოლო სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აპელანტს უნდა დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
12. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებით განხილვას.
13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისი „დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივარი შინაარსობრივად იდენტურია პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი საჩივრისა, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა იყო ერთი პირის საწარმოს „ლ-ას“ უფლებამონაცლედ მოსარჩელის ცნობა და საჯარო რეესტრის დავალდებულება, რომ მოსარჩელე აღირიცხოს პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ ერთ გარემოებას ეპს „ლ-ას“ ლიკვიდირებულად ცნობას, რითაც მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ საწარმოს წესდების 13.4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად [„საწარმოს კუთვნილი ფულადი სახსრები ლიკვიდაციის დროს მისი ქონების გაყიდვით მიღებული ამონაგების ჩათვლით, შრომითი კოლექტივის წევრების ანაზღაურების, კრედიტორებთან, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ, სალიკვიდაციო კომისიის მიერ გადაეცემა საწარმოს დამფუძნებელს“] მიმართოს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს, რათა მან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტომატურ რეჟიმში, საწარმო დაარეგისტრიროს აპელანტის სახელზე. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი მოთხოვნები როგორც პირველ, ისე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე შინაარსობრივად იდენტურია, უბრალოდ ძირითადი მოთხოვნის უფრო ადვილად განხორციელების მიზნით მან დამატებით განმარტა სააპელაციო საჩივარში მოთხოვნა.
14. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე, ხოლო იმავე წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ასახულია წინამდებარე განჩინების 7-11 პუნქტებში, რადგან საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით კი მხარეთათვის კონკრეტული ვალდებულებების დადგენისას, იმპერატიული ხასიათისაა.
18. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს (სსსკ-ის 3-6 მუხლები), თუმცა, აღნიშნული იმასაც ავალდებულებს მხარეებს, რომ სასმაართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და საპროცესო კანონმდებლობის შესატყვისად მოხდეს საპროცესო დოკუმენტების წარდგენა, მოთხოვნებისა და უფლებების გაცხადება თუ დაზუსტება, რაც გამორიცხავს მხარის მიხედულებით გარკვეულ ქმედებებს.
19. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შინაარსობრივად არ არის იდენტური, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული დავის საგანია უფლებამონაცვლედ ცნობა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ქმედების განხორციელების დავალდებულება, ხოლო აპელანტის „დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია საწარმოს ლიკვიდირებულად ცნობა (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 18-32), რაც შესაძლოა მხარეს იდენტურ შინაარსობრივ მოთხოვნებად მიაჩნია, თუმცა, ფაქტობრივად და სამართლებრივად განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს იწვევს. სწორედ ამის გამო ვერ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ მხარის“ დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივარი მოთხოვნის დაზუსტებად.
20. „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (იხ. სუსგები # ას-520-479-2016, 05.09.2016წ; # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.206წ; #ას-234-223-206, 22.04.2016წ.).
21. კერძო საჩივრის ავტორის საყურადღებოდ, საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ მისი „დაზუსტებული“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომელიც ეხება საწარმოს ლიკვიდირებულად ცნობას შესაძლებელია დაეფუძნოს „მეწარმეთა კანონის“ შესახებ საქართველოს კანონის მოწესრიგებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საწარმოს ლიკვიდაციის მოთხოვნა არა სასარჩელო წარმოების გზით, არამედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების სახით შეიძლება განხორციელდეს, რაც გულისხმობს საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, აღნიშნული ტერმინი კი დასახელებული კანონის მიზნებისათვის გამოიყენება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლი).
22. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით უარყოფილია კერძო საჩივრის მოთხოვნა, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე