Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1051-1012-2016 13 იანვარი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ო. გ-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ს. ა-ის (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ან მის სასარგებლოდ, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, საცხოვრებელი სადგომის 86.9 კვ.მ ფართის ღირებულების 51 100 აშშ დოლარის შესაბამის კურსით ლარში, 25 %-ის - 12 775 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდის (შეტანის) შემდგომ შეწყდეს მოპასუხის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ა-ის შესახვევი N3-ში (ს/კ 0..) შენობის (#1-ის, #2-ის და #4-ის) პირველ სართულზე მდებარე 86.9 კვ.მ ფართზე და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1328-ე მუხლი; „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები).

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და საქმის განხილვა დანიშნა.

4. 2016 წლის 23 სექტემბერს, სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო,საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე სააპელაციო პალატამ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა ის, შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 378-ე, მე-3 მუხლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, სასამართლომ შეწყვიტა მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე წარმოდგენილი იყო სასამართლოს მთავარი სხდომის გახსნამდე.

8. მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტით მას მოესპო შესაძლებლობა, მოეთხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 25%-ის 15 %-მდე შემცირება. მოსარჩელის პრეტენზიით, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხოლოდ მითითებულ მიზანს ემსახურებოდა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებაზე, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული, თანხის 25%-ის 15%-მდე შემცირების თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მასში განთავსებული მტკიცებულებების შესწავლისა და კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსს-ის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. სსსკ-ის 378-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა განცხადება სასამართლოს, მთავარ სხდომამდე, წარუდგინა, შესაბამისად, სსსკ-ის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი შესაძლებლობა (იხ. ამ განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტები).

14. სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები თავად იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ასევე, მათ შეუძლიათ უარი თქვან მათზე. სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება კანონმდებლობითაა გარანტირებული, თუმცა მისი გამოყენების უფლება არ ზღუდავს მხარეს, რომ სურვილის შემთხვევაში უარი თქვას მასზე. მხარეებს აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, თუმცა ისინი არ არიან ვალდებული ისარგებლონ ამ უფლებით.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე /სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/, რომელიც გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს ადგენს. თავისთავად ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის იმ მოთხოვნაზე, რაც მან კერძო საჩივარში განაცხადა, რადგან მოსარჩელეს არ გამოუყენებია საქალაქო სასამართლოს სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, თუმცა, ეს უკანასკნელიც დაუსაბუთებელი იქნებოდა, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან კერძო საჩივრის ავტორი არ არის გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი, კერძოდ, მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელი გაასაჩივრა მოპასუხემ და სწორედ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საკუთარი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რისი უფლებაც, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მას ჰქონდა სსსკ-ის 378-ე მუხლის საფუძველზე, რაზედაც იმსჯელა საპელაციო სასმაართლომ.

17. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაცია კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე